ევროკავშირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაასრულა (26/02/2009)
28 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა და საქართველოს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა პერ ეკლუნდმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც შეაჯამეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იუსტიციის სამინისტროს ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშემწყობი ორწლიანი პროექტის შედეგები. იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა რუსუდან ტაბატაძემ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ მათი სამსახურებისათვის პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრეს.
პროექტი სახელწოდებით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეფორმის ხელშეწყობა” განახორციელა ავსტრიულმა კომპანიამ “Human Dynamics.” პროექტის ზოგადი მიზანი იყო საქართველოში საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროში სრულმასშტაბიანი შიდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის რეფორმის ხელშეწყობის გზით.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2006 წელს და ის 2009 წლის თებერვალში სრულდება. პროექტის საერთო ხანგრძლივობა იყო 31 თვე.
პროექტი მიზნად ისახავდა იუსტიციის სამინისტროში სტრატეგიული დაგეგმარების, ადამიანური რესურსებისა და ბიუჯეტის მართვის პროცესების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ასევე სამოქალაქო რეესტრის გამჭვირვალე და ეფექტური მართვის ხელშეწყობას, პირადი ინფორმაციის დაცვის კომპონენტის გათვალისწინებით. პროექტით გათვალისწინებული იყო ღონისძიებების სხვადასხვა მიმართულებებს შორის უნდა აღინიშნოს საქართველოში სამოქალაქო რეგისტრაციის სისტემის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემების ბაზის განახლების ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული (ბიომეტრიული) პასპორტების შემოღებისათვის საფუძვლის მომზადება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონსულტაციებსა და ტრენინგებს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტისათვის; ასევე, განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერა ადვოკატთა/იურისტთა საქმიანობის და კვალიფიკაციის შეფასების კუთხით.
აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მობილური ჯგუფების შექმნას. ეს ჯგუფები ახორციელებდნენ იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის გამო იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები; ხდებოდა ამ მონაცემების მუდმივი განახლება.
პროექტმა ხელი შეუწყო ასევე იუსტიციის სამინისტროს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ზოგად გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას ბულგარეთის (2007 წ.), უნგრეთის (2007 წ.) და ავსტრიის (2008 წ.) იუსტიციის სამინისტროებში სასწავლო მივლინებების ორგანიზების მეშვეობით. ელექტრონული (ბიომეტრიული) პასპორტების შემოღების პროცესთან დაკავშირებით მოეწყო კიდევ ერთი სასწავლო მივლინება ესპანეთში (2008 წ.).
იუსტიციის სამინისტროს ბიბლიოთეკისათვის შესყიდულ იქნა ლიტერატურა და განხორციელდა ხელმოწერა ელექტრონულ იურიდიულ მონაცემების ბაზებზე. პროექტი დაეხმარა სამინისტროს ფინანსური მართვის პროგრამის “Oris Manager 2”, ადამიანური რესურსების მართვისა და ბიბლიოთეკის პროგრამების შესყიდვასა და დაყენებაში. სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს ჩაუტარდათ სატანადო ტრენინგი.
500 000 ევრო გამოიყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად, მათ შორისაა: სერვერები, ქსელური აღჭურვილობა, კომპიუტერები, (სულ 250 ცალი, მათ შორის სამაგიდო კომპიუტერები და “ნოუთბუკები”), ლიცენზიები პროგრამებზე, პრინტერები, სკანერები, ფაქსის აპარატები, პროექტორები, ციფრული ფოტო- და ვიდეოკამერები, სინქრონული თარგმანის აპარატურა, აღჭურვილობა ვიდეო და სატელეფონო კონფერენციებისათვის, ლიცენზიები შიდა ქსელების დასაყენებლად. პროექტმა ასევე ხელი შეუწყო სამინისტროს ახალი ინტერნეტგვერდის დახვეწას.
დამატებითიინფორმაციისათვისმიმართეთ:
თამარ ხულორდავა, პროექტის მენეჯერი
ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში
Tel: 94 37 63; tamar.khulordava@ec.europa.eu