ფინანსთა სამინისტრომ ევროკავშირისა და კომპანია Ernst & Young-ის დახმარებით „ჯიბის საგადასახადო გზამკვლევის” ინგლისურენოვანი ვერსია გამოსცა (26/02/2009)
მიმდინარე წლის 26 თებერვალს 10 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში” ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი და ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი „ჯიბის საგადასახადო გზამკვლევის” ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავენ.
კომპანია Ernst&Young-ის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის მიერ ერთობლივად შემუშავებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ამ გამარტივებული ვერსიის მიზანია უცხოელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარების გაწევა. უახლოეს მომავალში გამოიცემა გზამკვლევის ქართული ვარიანტიც, რომელიც დაეხმარება ქართულ ბიზნესსაზოგადოებას გაეცნოს საგადასახადო კანონმდებლობას და კოდექსში 2009 წელს ძალაში შესულ ცვლილებებს.
„ჯიბის საგადასახადო გზამკვლევი მოსახერხებელი საშუალებაა საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველოში ინვესტიციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. გზამკვლევს შეუძლია დადებითად იმოქმედოს საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე და შემოსავლების სამსახურის იმიჯზე,” - აღნიშნულია ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის, პერ ეკლუნდის მისასალმებელ სიტყვაში.
როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული და “Human Dynamics Consortium”-ის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის ხელშეწყობა” ჯგუფის ხელმძღვანელი ბილ ქერნოუ აღნიშნავს, „ჯიბის საგადასახადო გზამკვლევი” უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამარტივებულად და ნათლად ახსნას.
ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ 2008 წელს სამინისტროში საკონსულტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, საგადასახადო გზამკვლევის გამოცემა, გადამხდელთათვის გაუმჯობესებული მომსახურების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და უზრუნველყოფს უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში.
„ჯიბის საგადასახადო გზამკვლევის” ელექტრონული ვერსია უკვე გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის ახალ WEB-პორტალზე: www.georgia.gov.ge