ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში (26/06/2009)
თბილისი. 26 ივნისი 2009 – ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით დღეს გაიმართა ტრადიციული კონფერენცია ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
კონფერენცია გახსნა საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა, რომელიც ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს წარმოადგენს.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა თანდათანობით ატარებს ზომებს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებასთან ბრძოლის სამ პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს - პრევენცია, ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობა და სასჯელაღსრულება.
თავის მისასალმებელ სიტყვაში მარტინ კლაუკემ, ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა თქვა: ’ევროკავშირი კვლავაც გაუწევს დახმარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების ათვისებაში’.
კონფერენციის ორგანიზატორია სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკულ პროგრამა (SCAD), რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.
2009 წლის ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად SCAD პროგრამა ატარებს საზოგადოებრივ კამპანიას ლოზუნგით მართე შენი ცხოვრება! შენს ცხოვრებაში ნარკოტიკის ადგილი არ არის! ერთთვიანი კამპანია ახალგაზრდებს შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. კამპანიის ფარგლებში გაიმართება ცნობილი მუსიკოსის EMKAY-ის კონცერტი და საინფორმაციო აქციები თბილისის სუპერმარკეტებში. გარდა ამისა ჩატარდება თემატური ტრენინგი ჟურნალისტებისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძეს, გაეროს განვითარების პროგრამა: +995 32 251126, 899 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org
თამრიკო მიქაძეს, ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 943763, tamriko.mikadze@ec.europa.eu
ჯანა ჯავახიშვილს, SCAD პროგრამა: +995 99 521584 (მობილური), jana.javakhishvili@undp.org.ge