საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის, განცხადება პრესისთვის (17/07/2009)
გასული დღეების განმავლობაში, ქართულ მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შემცირების შესახებ. სამწუხაროა, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ეს ინფორმაცია მრავალნაირი დასკვნების და მითქმა–მოთქმის საფუძველი გახდა, რამაც ის კიდევ უფრო არასანდო გახადა. ასევე სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა საინფორამციო საშუალებამ გამოქვეყნების წინ არ გადაამოწმა ფაქტები. ,,ჩვენთან დასაკავშირებლად ხომ ერთი სატელეფონო ზარიც საკმარისია!“– ამბობს ევროკომისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი.
საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 2008 წელს, ,,ეკონომიკური აღდგენის და სტაბილურობის“ დახმარების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიამ აიღო ვალდებულება სამი წლის განმავლობაში– ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე და ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში – 500 მილიონ ევრომდე მოცულობის დახმარება გამოუყოს საქართველოს. 2008 წელს ევროკომისიამ საქარველოს 164.8 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება გაუწია. 2009 წელს 150 მილიონ ევროზე მეტი დახმარების გაწევაა გათვალისწინებული.
საგრანტო დახმარების ეს პაკეტი შედგება სხვადასხვა ტიპის დაფინანსებისგან, რომელთა შორისაა დახმარება ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის“ ფარგლებში, დახმარება კრიზისულ სიტუაციებში, ჰუმანიტარული დახმარება და მაკრო–ფიანასური დახმარება. ეს პაკეტი ასევე მოიცავს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხარჯებს. ევროკავშირის მიერ ამ თანხების გამოყოფის მიზანი არის სტაბილურობის უზრუნველყოფა, რუსეთთან ღია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება და რეფორმების გაგრძელება.
,,ჩვენ 2010 წელსაც ველით მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას ისე, როგორც ეს ადრე იყო გათვალისწინებული,“ განაცხადა პერ ეკლუნდმა.