ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებას (23/02/2010)
თბილისი. 23თებერვალი 2010 – დღეს, 23 თებერვალს, გაიმართა ახალი ინიციატივის წარდგენა, რომელიც ეხმარება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებას და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი მზადებას.
ინიციატივას აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ინიციატივის პარტნიორია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).
”სანდო არჩევნების ჩატარება დემოკრატიის საფუძველია. ის კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს”, - თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ელჩმა პერ ეკლუნდმა ინიციატივის ოფიციალურ წარდგენაზე გაეროს სახლში.
15-თვიანი პროექტი ხელს უწყობს საარჩვენო კოდექსის რეფორმას და საარჩევნო კანონმდებლობის მთავარ პრინციპებზე კონსენსუსის მიღწევას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება პროფესიული პროცედურული ტრენინგი საარჩევნო ადმინისტრაციისათვის და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეებისთვის და საინფორმაციო კამპანია ამომრჩეველთა განათლებისა და არჩევნების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტის ბიუჯეტი 960 ათას ევროს შეადგენს.
”ჩვენი მიზანია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან”, - თქვა ჯეიმი მაკგოლდრიკმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.
”ვიმუშავებთ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან, მოსამართლეებთან, მედიასთან და საზოგადოებასთან”, - დასძინა მან.
საქართველოში საარჩევნო პროცესების ხელშეწყობას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2003 წლიდან ახორციელებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივები ოთხ საკვანძო მიმართულებას მოიცავს – კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრაცია, კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი, სტაბილური საარჩევნო კანონმდებლობა და სამოქალაქო მონაწილეობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძეს, გაეროს განვითარების პროგრამის პრეს სამსახურის ხელმძღვანელს,
+995 32 251126, 899 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org