ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს რეგიონულ განვითარებასა და საჯარო ფინანსების მართვას (01/06/2010)
2010 წლის 1 ივნისს ევროკომისიამ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის, რომელიც ყოველწლიურია და მისი საერთო მოცულობა 2010 წლისათვის 37 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის ეს დახმარება მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებს შორის უთანასწორობის შემცირებასა და რეგიონალურ განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელი შეეწყობა საქართველოს უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე პროგრამებს, რომელთა მიზანია დაუცველი სოციალური ჯგუფებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენის ეფექტურობის გაზრდა.
დახმარების 2010 წლის გეგმა ასევე ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმას, შეიქმნება რა ახალი ბაზა დავალიანების მართვისა და ხელი შეეწყობა საჯარო ფინანსების ხარჯვის შეფასების სისტემის ჩამოყალიბებას.
შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში აღნიშნა: “ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში რეფორმების პროცესის დაჩქარებას, იმ მიზნით რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ მიიღოს კონკრეტული სარგებელი ევროკავშირთან დაახლოების, საყოველთაო თავისუფლებებითა და ადამიანის უფლებებით სარგებლობის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის შედეგად. ვიმედოვნებ რომ დღეს მიღებული გეგმა ამ მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს".
საკითხის განმარტება:
37 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტიდან (ENPI) გამოიყო, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ და ხმელთაშუა ზღვის აუზის მეზობელი სახელმწიფოებისთვის (სულ 16) გაწეული დახმარების ძირითადი წყაროა. ამ დახმარების მიზანია ევროკავშირსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. დახმარება ასევე ხელს შეუწყობს პარტნიორი სახელმწიფოების შემდგომ ნაბიჯებს კარგი მმართველობისა და დაბალანსებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსების გარდა საქართველო დახმარებას იღებს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ევროპული ინსტრუმენტიდან” (EIDHR) და სხვა თემატური პროგრამებიდან.