ევროპის სამეზობლო პოლიტიკა
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა 2004 წელს შემუშავდა და მისი მიზანი გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების თავიდან აცილებაა. უფრო მეტიც, ის კეთილდღეობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. ევროკავშირი ცდილობს შეასრულოს ის სტრატეგიული მიზნები, რომლებიც 2003 წლის დეკემბრის ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიაშია ასახული.
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა პირველად განისაზღვრა ევროკომიისიის 2003 მარტის კომუნიკაციაში ,,უფრო ვრცელი ევროპისთვის
“ . ამას მოჰყვა უფრო დახვეწილი სტრატეგიული დოკუმენტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის
შესახებ 2004 წლის მაისში. ამ დოკუმენტში კონკრეტულადაა ასახული ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან მუშაობის გზები. ამ ანგარიშის განხორციელების პროცესში, 2006 წლის დეკემბერსა და 2007 დეკემბერში, ევროკომისიამ წამოაყენა წინადადებები (იხილეთ თარგმანები) იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს პოლიტიკა მომავალში.
ევროკავშირის თავის მეზობლებს განსაკუთრებულ ურთიერთობებს სთავაზობს, რომლებიც საერთო ფასეულობების (დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები და მდგრადი განვითარება) ერთგულებას ეყრდნობა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სცდება არსებულ ურთიერთობებს და მეზობლებს უფრო ღრმა პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას სთავაზობს. ამ ურთიერთობების სიღრმე ზემოხსენებული ღირებულებებისადმი ერთგულებაზე იქნება დამოკიდებული . ევროპის სამეზობლო პოლიტიკა განსხვავდება გაფართოების პროცესისგან, თუმცა ის ხელს არ უშლის ევროკავშირის მეზობლებს, რომ მომავალში მათი ურთიერთობები მაასტრიხტის შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად განვითარდეს.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა იმ ქვეყნებზე ვრცელდება, რომლებსაც ევროკავშირთან სახმელეთო და საზღვაო საზღვარი აქვთ, ესენია:– ალჟირი, აზერბაიჯანი, სირია, ბელარუსი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, მოლდოვა, პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო, სომხეთი, ტუნისი და უკრაინა. რუსეთიც ევროკავშირის მეზობელია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ვითარდება, რომელიც ,,ერთიან სივრცეებს“ მოიცავს.