ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის საბჭოს, დაადასტუროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, და წარმოადგენს თავის მოსაზრებებს მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ

დღეს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების თაობაზე, რომელიც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკავშირის საბჭოს მოწვევის შესაბამისად წარადგინეს.

დღევანდელი მოსაზრებები ეფუძნება ევროკომისიის შეფასებას ევროპული საბჭოს მიერ შეთანხმებული, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების სამი ნაკრების გათვალისწინებით. კერძოდ: პოლიტიკური კრიტერიუმები, ეკონომიკური კრიტერიუმები და ქვეყნის შესაძლებლობა, აიღოს ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით (EU acquis - ევროკავშირის კანონთა კრებული). მოსაზრებები ასევე ითვალისწინებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ძალისხმევას ასოცირების შესახებ  შეთანხმებებით (AA), მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ევროკავშირის კანონთა კრებულის (EU acquis) მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს.

ევროკომისიამ დაადგინა, რომ უკრაინა მთლიანობაში მნიშვნელოვნად წინ წაიწია იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მიღწევაში, რომელიც უზრუნველყოფდემოკრატის, კანონის უზენაესობს, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემსა და დაცვს; შეინარჩუნა კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, რითაც გამორჩეული მდგრადობა აჩვენა, თუმცა ამბიციური სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებას საჭიროებს; ამასთანავე ევროკავშირის კანონთა კრებულის (EU acquis) არებით ელემენტებს ბევრ სფეროში თანდათან მიუახლოვდა.

ამის საფუძველზე, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინას, რომ მას მიეცეს ევროკავირის წევრობის პერსპექტივა.  მას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ რიგ სფეროებში ნაბიჯები გადაიდგმება.

რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისია ასკვნის, რომ ქვეყანას გააჩნია მყარი საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას; მაკროეკონომიკური პოლიტიკა იყო საკმაოდ გონივრული და  ფინანსური სექტორისა და ბიზნეს გარემოს გაძლიერების კუთხით მიღწეულია წინსვლა, მაგრამ ძირითადი ეკონომიკური რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია; ქვეყანამ შექმნა მყარი საფუძველი ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შემდგომი შესაბამისობისთვის.

ამის საფუძველზე, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლდოვას, რომ მას მიეცეს ევროკავირის წევრობის პერსპექტივა.  მას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ რიგ სფეროებში ნაბიჯები გადაიდგმება.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის წინსვლას ზიანი მიაყენა; მან მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეს მიაღწია და აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მყარი გამოცდილება და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, მაგრამ საჭიროა შემდგომი რეფორმები მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად; მთლიანობაში, საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შემდგომი შესაბამისობისთვის.

ამის საფუძველზე, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მას მიეცეს ევროკავირის წევრობის პერსპექტივა.  კანდიდატის სტატუსი მას უნდა მიენიჭოს მას შემდეგ, რაც მთელი რიგი პრიორიტეტული საკითხებისა იქნება გადაწყვეტილი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერ და ლეგიტიმურ მისწრაფებებ იზიარებენ. დღეს ამ მისწრაფებებში მათ მხარდაჭერის მკაფიო გზავნილით მივმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რთულ გამოწვევების პირობებში არიან. ამას ვაკეთებთ, ჩვენ ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტების მტკიცე ერთგულებით, განვსაზღვრავთ იმ გზას, რომელიც მათ უნდა გაიარონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ევროკავშირის კომისიის მოსაზრებები ჩვენი ურთიერთობებისთვის გარდამტეხ მნიშვნელობას იძენს.  მართლაც, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ხალხისთვის ეს ისტორიული დღეა. ვადასტურებთ, რომ ამ ქვეყნების ადგილი ევროკავშირშია, როდესაც ამის დრო მოვა. შემდეგი ნაბიჯების გადადგმა ახლა ჩვენი წევრი ქვეყნების ხელშია“.

ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „სწრაფად და ეფექტიანად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებების წარდგენა რეკორდულ დროში შეგვძლებოდა. ველით, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში მიიღებენ, მაგრამ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე უნდა დაიწყონ მუშაობა ჩვენს რეკომენდაციებში ასახული ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ეს გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წავიდნენ“.

შემდეგი ნაბიჯები

ევროკომისიის მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ამჟამად ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადები ევროკომისიის მოსაზრებების  გათვალისწინებით  ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე 23 და 24 ივნისს განიხილება. ამავდროულად, ევროკავშირი კვლავაც  ერთგული რჩება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მხარდასაჭერად კავშირების შემდგომი გაძლიერების და პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელებისა, ასევე ჩვენი ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების შესაბამისად.

 

საკითხის ისტორია

2022 წლის 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ და მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს.

7 მარტს, ევროკავშირის საბჭომ მიმართა ევროკომისიას, რომ მას წარმოედგინა თავისი მოსაზრებები ამ განაცხადების შესახებ. უკრაინამ კითხვარის ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებზე 2022 წლის 8 აპრილს, ხოლო ნაწილი ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) დაკავშირებით 13 აპრილს მიიღო. უკრაინამ თავისი პასუხები შესაბამისად 17 აპრილს და 9 მაისს წარმოადგინა. საქართველომ და მოლდოვამ კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებზე 2022 წლის 11 აპრილს, ხოლო ნაწილი ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) დაკავშირებით 19 აპრილს მიიღეს. მოლდოვამ თავისი პასუხები 22 აპრილს და 12 მაისს, ხოლო საქართველომ 2 და 10 მაისს წარმოადგინეს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის

საქართველო: მოსაზრება; მოხსენებითი ბარათი (memo);

მოლდოვა: მოსაზრება; მოხსენებითი ბარათი (memo);

უკრაინა: მოსაზრება; მოხსენებითი ბარათი (memo);

 

ინგლისურნოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.