ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით

02.03.2022
ბრიუსელი

ევროპაში ომი დაბრუნდა. ბალკანეთის ომებიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ და საბჭოთა ჯარების პრაღასა და ბუდაპეშტში შეჭრიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, ევროპული დედაქალაქის შუაგულში სამოქალაქო თავდაცვის განგაშის ხმები ისევ გაისმა. ათასობით ადამიანი ბომბებისგან თავის დასაღწევად, მეტროს მიწისქვეშა სადგურებში დაბანაკდა - ხელჩაკიდებული, ჩუმად მომტირალი, ერთმანეთის გამხნევებას ცდილობენ. მანქანები ჩამწკრივებულია უკრაინის დასავლეთ საზღვარზე. როდესაც ბევრ მათგანს საწვავი დაუმთავრდა, ხალხმა შვილები ხელში აიყვანა და ზურგჩანთებით ჩვენი კავშირისკენ ათეულობით კილომეტრი გაიარა. ისინი თავშესაფარს ჩვენს საზღვრებში ეძებენ, რადგან მათი ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის. რადგანაც უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობის საშინელი ზრდა დაიწყო. ბავშვები, ქალები და მამაკაცები იღუპებიან, რადგან ერთმა უცხოელმა ლიდერმა, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ მათ ქვეყანას არსებობის უფლება არ აქვს.  ჩვენ ამას აღარასოდეს დავუშვებთ და აღარასოდეს მივიღებთ.

ეს ევროპისთვის ჭეშმარიტების დროა. ნება მომეცით გავაჟღერო ციტატა ერთი უკრაინული გაზეთის, Kyiv Independent-ის სტატიიდან, რომელიც თავდასხმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა: „ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, ეს არის ორი სამყაროს შეჯახება, ორი სხვადასხვა ღირებულებების ბრძოლა“. მართლები არიან. ეს არის ბრძოლა კანონის უზენაესობასა და იარაღის უზენაესობას შორის, დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, კანონებზე დამყარებულ წესრიგსა და დაუფარავ აგრესიას შორის. როგორ ვუპასუხებთ დღეს რუსეთის ქმედებებს, საერთაშორისო სისტემის მომავალს განსაზღვრავს. უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის ბედიც საშიშროების წინაშეა. უნდა ვაჩვენოთ ძალა, რომელიც ჩვენ დემოკრატიებში არის; უნდა ვაჩვენოთ ხალხის ძალა, რომელიც თავისუფლად და დემოკრატიულად დამოუკიდებელ გზას ირჩევ. ეს არის ჩვენი მხრიდან ძალის ჩვენება.

დღეს დაახლოებით ნახევარმილიარდიანი ევროკავშირი მობილიზებულია უკრაინისთვის. ევროპელი ხალხი პროტესტს გამოთქვამს, მთელი ევროკავშირის მასშტაბით, რუსეთის საელჩოებთან. ბევრმა საკუთარი სახლის კარი გაუღო უკრაინელებს, რომლებიც პუტინის ბომბებს გაურბიან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს ამ ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების თბილად მიღებისთვის. ევროპა მათთან იქნება არა მარტო ამ დღეებში, არამედ კვირებისა და თვეების განმავლობაში. ეს ყველა ჩვენთაგანის დაპირება უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, შემოვდივართ წინადადებით ავამოქმედოთ დროებითი დაცვის მექანიზმი, რომლითაც მათ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო სტატუსით, სკოლებით, ჯანდაცვის დაწესებულებებით და სამსახურებით. ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ახლა. ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო მეტ უკრაინელს დასჭირდება ჩვენი დაცვა და სოლიდარობა. ჩვენ ვართ და ვიქნებით მათ გვერდით.

ევროკავშირის მიზანი ერთიანია და მე ეს მეამაყაება. სინათლის სიჩქარის სისწრაფით ევროკავშირმა მკაცრი სანქციების სამი ტალღა დააწესა რუსეთის ფინანსური სისტემის, მაღალტექნოლოგიური მრეწველობისა და კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ. ეს არის ევროკავშირის ისტორიაში სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი. ჩვენ არ ვიღებთ ამ ზომებს მსუბუქად, მაგრამ ვგრძნობთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ. ეს სანქციები მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას და კრემლს. ჩვენ ვთიშავთ ძირითად რუსულ ბანკებს SWIFT სისტემიდან. ჩვენ ასევე ავკრძალეთ რუსეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტის, რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციები. ეს მილიარდობით სავალუტო რეზერვების პარალიზებას მოახდენს, რაც რუსეთისა და პუტინის ომს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ჩვენ უნდა დავასრულოთ მისი ომის ეს დაფინანსება.

მეორე, ჩვენი სამიზნეა რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორებს. რუსეთისთვის შეუძლებელი იქნება მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლება; საჰაერო ფლოტის შეკეთება და მოდერნიზება; და ბევრ მნიშვნელოვან ტექნოლოგიაზე წვდომა, რომელიც მას წარმატებული მომავლის ასაშენებლად სჭირდება. დავხურეთ ჩვენი ცა რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებისთვის. და შეცდომა არ იქნება: ჩვენ გავყინავთ მათ სხვა აქტივებსაც - იქნება ეს წვდომა იახტებზე, მოდურ მანქანებსა თუ ძვირადღირებულ საკუთრებაზე. ყველაფერ ამაზე წვდომას გავუყინავთ.

მესამე, მორიგი უპრეცედენტო ნაბიჯით, ჩვენ ვუჩერებთ ლიცენზიებს კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik და მათი ყველა შვილობილი კომპანია ვეღარ შეძლებს თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად და ჩვენი კავშირის დასაყოფად. ეს არის უპრეცედენტო ქმედებები ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის საპასუხოდ.

თითოეული ეს ნაბიჯი მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან და ნორვეგიასთან, ასევე, მაგალითად, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ავსტრალიასთან. ხედავთ, რომ ამ დღეების განმავლობაში 30-ზე მეტმა ქვეყანამ, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ, ასევე გამოაცხადეს სანქციები და საექსპორტო კონტროლი რუსეთთან მიმართებაში. თუ პუტინი ცდილობდა ევროკავშირის გაყოფას, ნატო-ს დასუსტებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის გატეხვას, მან მიაღწია სავსებით საწინააღმდეგოს. ჩვენ ვართ ისე ერთიანი, როგორც არასდროს, შევეწინააღმდეგებით ომს, უეჭველია, რომ დავძლევთ და გავიმარჯვებთ. ერთიანი ვართ და დავრჩებით ერთიანი.

კარგად ვიცი, რომ ეს სანქციები ჩვენს ეკონომიკასაც დააზარალებს. მე ეს  ვიცი და მინდა გულწრფელად ვესაუბრო ევროპის ხალხს. პანდემიის ორი წელი გადავიტანეთ. ყველას გვინდოდა, რომ შეგვეძლებოდა ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ აღდგენაზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ მჯერა, ევროპელ ხალხს ესმის, რომ ამ საშინელი აგრესიის წინააღმდეგ უნდა დავდგეთ. დიახ, ჩვენს თავისუფლებას საფასურის გადახდა უწევს, მაგრამ ეს გადამწყვეტი მომენტია. ეს არის საფასური, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ, რადგან, თავისუფლება შეუფასებელია.

დღეს ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა ხვალ უფრო დამოუკიდებელს გაგვხდის. პირველ რიგში, მე ვფიქრობ ენერგოდამოუკიდებლობაზე. ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთ მომწოდებელზე დამოკიდებული, რომელიც გვემუქრება. ამიტომ, ჩვენ დავუკავშირდით სხვა მომწოდებლებს და მათ გვიპასუხეს. ასევე ჩვენ უნდა ვიფიქროთ მწვანე და განახლებად ენერგიაზე, რაც შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთზე. ევროპის ყოველი კილოვატ/საათი ელექტროენერგია, რომელიც მზის, ქარის, ჰიდროენერგეტიკის ან ბიომასისგან გამომუშავდება ამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და ენერგიის სხვა წყაროებზე. ეს სტრატეგიული ინვესტიციაა. რუსეთის გაზსა და სხვა ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება ნიშნავს კრემლის ომის სკივრის შემცირებას. ესეც სიმართლეა.

მტკიცენი ვართ, ევროპას შეუძლია გაუმკლავდეს გამოწვევას. იგივე თავდაცვასაც ეხება. ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა ბოლო ექვს დღეში უფრო მეტად განვითარდა, ვიდრე ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. წევრი ქვეყნების უმეტესობა უკრაინას სამხედრო ტექნიკის მიწოდებას დაპირდა. გერმანიამ განაცხადა, რომ ნატოს 2%-იან მიზანს რაც შეიძლება მალე მიაღწევს. და ჩვენი კავშირი, პირველად, ევროპულ ბიუჯეტს იყენებს თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენისა და მიწოდებისთვის. 500 მილიონი ევრო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. პირველი ტრანშის სახით, ჩვენ ამ თანხას ევროკავშირის ბიუჯეტიდან მინიმუმ 500 მილიონ ევროს დავამატებთ, რათა გავუმკლავდეთ ამ ტრაგიკული ომის ჰუმანიტარულ შედეგებს, როგორც ქვეყანაში, ასევე ლტოლვილებისთვის.

ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი კავშირისთვის. ჩვენს უსაფრთხოებას და ხალხის დაცვას, როგორც ნაბოძებს ვერ მივიღებთ. უნდა დავიცვათ. მასში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ. პასუხისმგებლობის ჩვენი სამართლიანი წილი უნდა ვიტვირთოთ.

ეს კრიზისი შეცვლის ევროპას, მაგრამ ასევე გარდამტეხია რუსეთისთვისაც. კრემლის ქმედებები მნიშვნელოვნად აზარალებს რუსი ხალხის ინტერესებს, უფრო მეტი რუსი ეწინააღმდეგება, კრემლი კი, მათ დაპატიმრებებით პასუხობს. მშვიდობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ვერ იქნება ჩახშობილი. არის სხვა რუსეთი, პუტინის ტანკების გარეშე და ჩვენ ჩვენი მეგობრობის ხელი ამ სხვა რუსეთს უნდა გავუწოდოთ. მათ აქვთ ჩვენი მხარდაჭერა.

ამ დღეებში დამოუკიდებელ უკრაინას ბნელი დრო უდგას. ამავე დროს, უკრაინელი ხალხი დგას ყველა ჩვენგანისთვის, ისინი წარმოუდგენელ მამაცობას იჩენენ, იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის და ამავდროულად, იცავენ უნივერსალურ ღირებულებებს. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი ნამდვილი შთაგონების წყაროა. როდესაც მე პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, მან გამიმხილა საკუთარი ხალხის წადილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და დღეს ევროკავშირი და უკრაინა არიან ისე ახლოს, როგორც არასდროს. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ეს ომი უნდა დავასრულოთ და უნდა ვისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე. დარწმუნებული ვარ, აქ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხალხი, რომელიც ასე გმირულად იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

და ამიტომ, ვამბობ: გაუმარჯოს ევროპას. და გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინას.

თქვენთან ვართ. დიდება უკრაინას.