ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების მეოთხე პაკეტის შესახებ

12.03.2022
ვერსალი

გრძელდება რუსეთის დაუნდობელი თავდასხმა უკრაინაზე. მშვიდობიან მოსახლეობაზე ულმობელი შეტევები მიმდინარეობს სკოლებში, საცხოვრებელ კორპუსებსა და საავადმყოფოებში. მიუხედავად უკრაინული მხარის მრავალი შემოთავაზებისა, რუსეთს დიპლომატიური გადაწყვეტილების თაობაზე მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩართვის სურვილი ჯერ არ გამოუჩენია. სამაგიეროდ, რაც გვესმის, მხოლოდ ახალი ტყუილი და ცრუ ბრალდებებია. ამასთანაცე იგი ცინიკურად, ან არ ხსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს, ან გახსნის გამოცხადებიდან მალევე რუსეთის ძალები ბომბავენ.

ამიტომ, დღეს ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები დიდი შვიდეულიდან (G7), ვაგრძელებთ შეთანხმებულ მუშაობას კრემლის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად. ჩვენ მიერ მიღებული სანქციების სამმა მასშტაბურმა ტალღამ, ისევე როგორც ამ კვირაში მათი მოქმედების გაფართოებამ, რუსეთის ეკონომიკას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა. რუბლი დაეცა. რუსეთის ბევრი მთავარი ბანკი საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გაითიშა. კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ქვეყანას, რადგან არ სურთ, რომ მათი ბრენდები მკვლელ რეჟიმთან ასოცირდებოდეს. ხვალ მივიღებთ შემზღუდავი ზომების მეოთხე პაკეტს რუსეთის იზოლაციის გაზრდისა და იმ რესურსების ამოწურვის მიზნით, რომლითაც ეს ბარბაროსული ომი ფინანსდება.

პირველ რიგში, რუსეთს ჩვენს ბაზრებზე შეღავათიან სტატუსს ჩამოვართმევთ. ეს გააუქმებს მნიშვნელოვან უპირატესობას, რომლითაც რუსეთი სარგებლობს როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. რუსეთის კომპანიები აღარ მიიღებენ პრივილეგირებულ მოპყრობას ჩვენს ეკონომიკაში. ასევე ვიმუშავებთ იმაზე, რომ შევაჩეროთ რუსეთის წევრობის უფლებები წამყვან მრავალმხრივ ფინანსურ ინსტიტუტებში, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში. ვუზრუნველვყოფთ, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ამ ინსტიტუტებისგან დაფინანსების, სესხების ან სხვა სარგებლის მიღებას. რადგანაც არ შეიძლება, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი უხეშად დაარღვიოს და, ამავე დროს, ქონდეს მოლოდინი, რომ ისარგებლებს პრივილეგიებით, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის წევრი ქვეყანა.

მეორე, გავაგრძელებთ ზეწოლას პუტინთან დაახლოებულ რუსულ ელიტებზე, ასევე მათ ოჯახებსა და ხელშემწყობებზე. სწორედ ამიტომ, დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას შეიკრიბებიან, რათა კოორდინირებულად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სანქციებზე იმუშავებს.

მესამე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი ელიტა კრიპტო აქტივებს სანქციების გვერდის ასავლელად ვერ გამოიყენებს. შევაჩერებთ პუტინთან დაახლოებულ ჯგუფს და მისი ომის არქიტექტორებს საშუალებას არ მივცემთ ამ აქტივების გამოყენებით თავიანთი სიმდიდრე გაზარდონ და სხვებს გადასცენ.

მეოთხე, ავკრძალავთ ევროკავშირიდან ნებისმიერი ფუფუნების საგნების ექსპორტს  რუსეთში, და ეს რუსეთის ელიტაზე პირდაპირი დარტყმა იქნება. ვინც მხარს უჭერს პუტინის საომარ მანქანას, მდიდრული ცხოვრების წესით ვეღარ უნდა დატკბეს, როდესაც უკრაინაში უდანაშაულო ხალხი იბომბება.

მეხუთე, და რაც მნიშვნელოვანია, ავკრძალავთ რუსეთის ფედერაციიდან მეტალურგიულ სექტორში ძირითადი პროდუქტების იმპორტს. ეს დააზარალებს რუსეთის სისტემის ცენტრალურ სექტორს, ჩამოართმევს მას მილიარდობით საექსპორტო შემოსავლებს და უზრუნველყოფს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა პუტინის ომის სუბსიდირება არ მოახდინონ.

და ბოლოს, შემოგთავაზებთ დიდ აკრძალვას ახალ ევროპულ ინვესტიციებზე რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. რადგან არ ვკვებოთ ენერგეტიკული დამოკიდებულება, რომელიც უკან უნდა მოვიტოვოთ. ეს აკრძალვა მოიცავს ყველა ინვესტიციას, ტექნოლოგიების გადაცემას, ფინანსურ მომსახურებას და ა.შ., რომელიც ენერგიის მოძიებას და წარმოებას ეხება - და ამით პუტინზე დიდ ზეგავლენას მოახდენს.

ევროკავშირი მტკიცედ დგას მამაც უკრაინელ ხალხთან. სწორედ ამიტომ, დღეს დილით, უკრაინის ფინანსების მხარდაჭერისთვის 300 მილიონ ევროს ოდენობის საგანგებო მაკროსაფინანსო დახმარება გამოვყავით. ეს არის ჩვენი 1,2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტის პირველი ტრანში. მას მეტი მოჰყვება. ეს კრიზისი უპრეცედენტოა. და ასეთივე არის ერთიანობა და რეაგირების სიჩქარე, რომელიც ჩვენმა დემოკრატიებმა აჩვენეს. ადრეც გსმენიათ ჩემი ნათქვამი და მტკიცედ ვიმეორებ: უკრაინა გაიმარჯვებს.

ინგლისურნოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.