ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით
დღეს დილით რუსეთის ჯარი შეიჭრა უკრაინაში, თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში. ევროპის ცენტრში ისევ იღუპებიან უდანაშაულო კაცები, ქალები და ბავშვები, მათი სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას და ცინიკურ არგუმენტებს მის გასამართლებლად.
ეს პრეზიდენტი პუტინია, ვინც ევროპაში ომს აბრუნებს. ამ ბნელ დროს ევროკავშირი და მისი ხალხი უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ წინაშეა უპრეცენდენტო აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან. რუსეთის სამიზნე არ არის მხოლოდ დონბასი, სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, სამიზნე არის სტაბილურობა ევროპაში და მთელი საერთაშორისო მშვიდობის წესრიგი. ამისთვის პრეზიდენტ პუტინს პასუხს ვაგებინებთ.
დღეს, მოგვიანებით ევროპელ ლიდერებს დასამტკიცებლად წარვუდგენთ მასიური და მიზნობრივი სანქციების პაკეტს. ჩვენი სამიზნე იქნება რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორები, დავბლოკავთ რუსეთისთვის საკვანძო ტექნოლოგიებსა და ბაზრებს. დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკურ ბაზას და მოდერნიზების შესაძლებლობას. დამატებით, ჩვენ გავყინავთ რუსეთის აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსეთის ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. ისევე, როგორც სანქციების პირველი პაკეტის მიღების დროს, მჭიდრო კავშირი გვაქვს პარტნიორებთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან, ასევე იაპონიასა და ავსტრალიასთან. ეს სანქციები შექმნილია იმისთვის, რომ კრემლის ინტერესებსა და ომის დაფინანსების შესაძლებლობებს მძიმე ზიანი მიადგეს.
ვიცით, რომ მილიონობით რუსეთის მოქალაქეს არ სურს ომი. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, საათი უკან, რუსეთის იმპერიის პერიოდისკენ მოაბრუნოს. თუმცა, ამის გაკეთებისას ის საფრთხის ქვეშ რუსეთის ხალხის მომავალს აყენებს. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაანადგუროს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა კანონის უზენაესობა ძალისა და დაუნდობლობის უზენაესობით ჩაანაცვლოს. მან არ უნდა უგულებელყოს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცე და სიძლიერე.
ისტორიამ დაამტკიცა, რომ ნდობაზე და თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოებები და ალიანსები მდგრადი და წარმატებულია და სწორედ ამის ეშინიათ ავტოკრატებს. ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. უკრაინა გაიმარჯვებს.