პარლამენტში, ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტში, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს ფინანსებისა და ეკონომიკის ეროვნული აკადემიის მიერ, ნიდერლანდების წარმომადგენლობით პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით ხორციელდება.

ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ. დამსწრე საზოგადოებას შემდგომ სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც აღნიშნა პროექტის მნიშვნელობა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარდგნენ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი. ღონისძიების შემდგომი ნაწილი დაეთმო ცალკეული საკითხების განხილვას, რა დროსაც, პირველ რიგში, ზოგადად იმსჯელეს ფისკალური პოლიტიკის მონიტორინგის პროცესში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლზე OECD/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ასევე განიხილეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მნიშვნელობა საქართველოში.   განხილვის მომდევნო საკითხს კი წარმოადგენდა საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით არსებული გამოწვევები. ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საჯარო ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარემ, იოუსტ სნელერმა და ირაკლი კოვზანაძემ, ასევე მიმოიხილეს ჰოლანდიასა და საქართველოში საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის ცალკეული სისტემები და გამოწვევები.   

„საპარლამენტო ზედამხედველობა წარმოადგენს დემოკრატიის ერთ - ერთ ქვაკუთხედს. იგი განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს პოლიტიკის განხორციელებას პარლამენტის მიერ მიღებული კანონისა და ბიუჯეტის შესაბამისად.  აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ინტენსიური საპარლამენტო მონიტორინგი კარგი მმართველობის მაჩვენებელია“, - განმარტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. 

,,საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობა მნიშვნელოვანია საჯარო რესურსების ეფექტიანი მართვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი განხორციელებისთვის. ამ კუთხით ჩვენთვის ღირებულია ნიდერლანდების გამოცდილება.  აღნიშნული დაძმობილების პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 

,,ევროპული საუკეთესო მრავალწლიანი გამოცდილება საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით, მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ეფექტიანობის და   საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით’’,- განაცხადა საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

,,საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება", წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების  პირველ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტში. პროექტი შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. მისი მიზანია, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობებისა და ხილვადობის, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან  პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება. პროექტი, გააძლიერებს, საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობას და ხელს შეუწყობს, როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე მის ჩართულობას საჯარო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების  პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების ადმინისტრაციული ორგანოების, საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობას მათ პარტნიორებთან ევროკავშირის სახელმწიფოებში. პროგრამის მიზანია თავი მოუყაროს ცოდნას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და ბენეფიციარი ქვეყნებიდან კოლეგიალური საქმიანობის გზით, კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.