Page language:
Georgian

რატომ ასახლებს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ პრიორიტეტებს 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის?

02.07.2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, გააძლიეროს და გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და კვლავ რჩება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად.

ვინაიდან დღის წესრიგი '20 შედეგი 2020 წლისთვის' , რომელიც მიღებულ იქნა 2017 წლის სამიტზე, დასასრულს უახლოვდებოდა,  2019 წლის ივნისში ევროპის საბჭომ ევროკომისიასა და უმაღლეს წარმომადგენელს დაავალა, წარმოედგინათ 2020 წლის შემდგომი პერიოდის გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები.

მუშაობა მომავალ დღის წესრიგზე დაიწყო ფართო და ინკლუზიური კონსულტაციით, რომელიც 2019 წელს ჩატარდა. შედეგად, 2020 წლის მარტში მიღებულ იქნა დოკუმენტი ერთობლივი კომუნიკაცია: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: მდგრადობის გაძლიერება - აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელსაც ყველასთვის მოაქვს სარგებელი  , ხოლო 2020 წლის მაისში გამოიცა  საბჭოს დასკვნები 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ.

ერთობლივ კომუნიკაციაში მთავარ პოლიტიკურ ჩარჩოდ მდგრადობის გაძლიერება განისაზღვრა, რომელსაც ხუთი გრძელვადიანი პოლიტიკური მიზანი აქვს: i) ერთად მედეგი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკისთვის; ii) ერთად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოებისათვის; iii) ერთად გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართ მდგრადობისაკენ; iv) ერთად მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციისთვის; და v) ერთად მდგრადი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისათვის.

2020 წლის ივნისში ჩატარებულ ვიდეოკონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ჩარჩო უნდა გახდეს 2020 წლის შემდგომი პერიოდის ახალი პრიორიტეტების საფუძველი, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე დამტკიცდება.

რაში მდგომარეობს ახალი წინადადება? რა არის განსხვავებული/ახალი?

აღმოსავლეთ პარტნიორობამ, რომელიც 2009 წელს დაარსდა, პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს კონკრეტული და დადებითი შედეგები მოუტანა. ამ მიღწევებისა და 2019 და 2020 წლებში ჩატარებული ფართო და ინტენსიური კონსულტაციების შედეგების საფუძველზე, თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები კვლავ ადამიანებისათვის კონკრეტული სარგებლის მოტანაზე იქნება ორიენტირებული, რაც მიღწეულ იქნება ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების გაზრდით, კავშირებში ინვესტიციების განხორციელებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებით, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერით და სამართლიანი, გენდერული თვალსაზრისით თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობით.

რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს კოვიდის პანდემიით შექმნილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, სოციალური და ეკონომიკური სფეროების აღდგენას და გრძელვადიან მდგრადობას, ”უკეთესის აღდგენის” დღის წესრიგის გათვალისწინებით.

რატომ გამოყავით/შეარჩიეთ ათი ძირითადი მიზანი? ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პრიორიტეტები?

ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს პრიორიტეტებს, რომლებიც ხუთ გრძელვადიან მიზანთან არის დაკავშირებული. ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.

ადგილებზე ზემოქმედებისა და ცნობადობის მაქსიმალურად გასაძლიერებლად და კონსულტაციის შედეგების გათვალისწინებით, შეირჩა ათი მთავარი მიზანი, რომლებშიც  წარმოდგენილია კონკრეტული ღონისძიებები თანამშრომლობის ფართო ჩარჩოში. მიზნები მოიცავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დამატებით მხარდაჭერას, ენერგიის მოხმარების შემცირებას, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი დახმარებას, ჰიბრიდულ და კიბერ საფრთხეებთან ბრძოლოს გაძლიერებას.

რას გულისხმობთ მდგრადობის გაძლიერებაში? როგორ უკავშირდება ეს აღდგენასა და რეფორმას?

მდგრადობა მრავალგანზომილებიანია და ხელს უწყობს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდგომ პერიოდში ითვალისწინებს მოდერნიზაციას და მდგრადი რეფორმების განხორციელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგრად ეკონომიკაში, დემოკრატიაში, გარემოსა და კლიმატში, აგრეთვე საზოგადოებაში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.  რეფორმების გაგრძელება, ფუნდამენტური და საერთო ღირებულებების პატივისცემასთან ერთად, არის და იქნება ჩვენი პარტნიორობის საფუძველი.

კოვიდ-19-ის პანდემიისა და მის მიერ გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ახალი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ინვესტიციების გაზრდას და გვთავაზობს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას სოციალური და ეკონომიკური სფეროების მდგრადი აღდგენის ხელშესაწყობად.

ინვესტიციების საყრდენს წარმოადგენს კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება და მდგრადი საზოგადოება, სადაც არავინ რჩება ყურადღების მიღმა. ყველაფერი ეს ყველა პარტნიორის მდგრადობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

როგორ დაეხმარება ევროკავშირი სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში?

პარტნიორ ქვეყნებში სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის ხელშესაწყობად, ევროკავშირი გეგმავს კიდევ უფრო გააღრმავოს ეკონომიკური ინტეგრაცია პარტნიორ ქვეყნებთან და ამ ქვეყნებს შორის, და გაზარდოს ვაჭრობა. ვაჭრობა ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგებულია. ევროკავშირი ხელს შეუწყობს უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) სრულფასოვან განხორციელებას და თანამშრომლობის გაძლიერებას აღნიშნული შეთანხმების არაწევრ ქვეყნებთან, მაგალითად, საერთო ინტერესების გათვალისწინებით და ყველა პარტნიორის მონაწილეობით ვაჭრობის ხელშემწყობი დარგობრივი მექანიზმებით დანერგვის გზით.

როგორ გადაჭრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკა კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებს?

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, „მწვანე“ საზოგადოებებისა და ეკონომიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პოლიტიკის ჩარჩოს განუყოფელი ნაწილია. ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებაში,   ეკონომიკის მოდერნიზაციაში, ნახშირბადის გაფრქვევების შემცირებასა და 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის  მიღწევაში, საინვესტიციო გამოწვევებისა და ყველას ინტერესების გათვალისწინებით. ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს კოვიდ-19-ის კრიზისიდან გამოსვლის მცდელობების ფონზე, რაც აღიარებულ იქნა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრების მიერ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა მესამე შეხვედრაზე, რომელიც 2021 წლის 22 ივნისს ჩატარდა.

როგორ გადაწყვეტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკა ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს?

როგორც აღნიშნულია დოკუმენტში ევროპის ციფრული მომავლის შექმნის სტრატეგია, ციფრული ტრანსფორმაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და მდგრად განვითარებას როგორც ევროკავშირში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში. სწორედ ამიტომ განახორციელებს ევროკავშირი ინვესტიციას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და შეეცდება, რომ ამ ქვეყნებმაც მიიღონ ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებელი. ეს ხელს შეუწყობს ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომის გაზრდას, საჯარო სერვისებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ციფრული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, განსაკუთრებით რეგიონებში, და ელექტრონული მმართველობის გაძლიერებას.

როგორ გადაჭრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკა მმართველობის, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის წინაშე მდგარ გამოწვევებს?

კარგი მმართველობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობის და თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს. ეს ღირებულებები ასევე ქმედითი საბაზრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინაპირობებს ქმნიან. კერძოდ, კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ეფექტიანი ბიზნეს გარემოს უზრუნველსაყოფად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული მექანიზმების, აგრეთვე სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცებისა და სახელმწიფო მმართველობის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონში ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის გზით. აუცილებელია პარტნიორობის საფუძვლების მიმართ ერთგულების დადასტურება და  სასამართლო რეფორმების ზემოქმედების უკეთ შეფასება. ევროკავშირი, დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინებს კანონის უზენაესობის მიმართულებით ჩატარებული რეფორმების მიერ მიღწეულ შედეგებს. 

რას პასუხობს ევროკავშირი უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ უფრო გეოპოლიტიკური მიდგომის მოთხოვნაზე?

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) რეგიონული განზომილების, სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი რეფორმების პროცესებს და მათ სთავაზობს როგორც მჭიდრო პოლიტიკურ კავშირს, ასევე ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. საბჭომ საკუთარ დასკვნებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ერთიანი სივრცის შექმნის მიმართ.

როგორც აღნიშნულია 2020 წლის მარტის დოკუმენტში ერთობლივი კომუნიკაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ, მდგრადობის გაძლიერება პოლიტიკის მთავარი მიმართულება იქნება. ეს არ გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას სამხედრო ძალით, რომელიც ევროკავშირის კომპეტენციაში არ შედის, არამედ არის მმართველობის, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ენერგეტიკული და საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება, კიბერ უსაფრთხოება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება, რაც უსაფრთხოების ერთიან პაკეტში მოიაზრება.

ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს აღმოსავლეთ მეზობლებთან (ორმხრივი და რეგიონული ფორმატით - მაგალითად, ჩვენ ვაწარმოებთ არაფორმალურ სტრატეგიულ დიალოგს უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსა და აზერბაიჯანთან) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რადიკალიზაციის პრევენციის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის, კიბერუსაფრთხოების და კიბერდანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების და ქიმიური, ბიოლოგიური რადიაციული და ბირთვული (CBRN) საფრთხეების საკითხებზე.

სამომავლო თანამშრომლობის შემოთავაზებულ პრიორიტეტებს შორისაა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება ისეთ საკითხებზე ერთობლივი მუშაობით, როგორიცაა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეები, მონაწილეობა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში განხორციელებულ მისიებში და ევროპის სამშვიდობო ფონდის დახმარების ღონისძიებებში.

რას აკეთებს ევროკავშირი რეგიონში არასტაბილურობისა და მოუგვარებელი კონფლიქტების პრობლემის მოსაგვარებლად? 

აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი. თუმცა, გადაუჭრელი კონფლიქტები ხელს უშლის რეგიონის განვითარებას. მოლაპარაკებების შეთანხმებული ფორმატებისა და პროცესების ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. კერძოდ, ევროკავშირი მიიღებს ყველა საჭირო ზომას კონფლიქტების პრევენციის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრის ხელშესაწყობად.

როგორ დაეხმარა ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში?

”ევროპის გუნდის” მიდგომის ფარგლებში, ევროკავშირმა პარტნიორ ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში დიდი დახმარება აღმოუჩინა. მათ შორის იყო 1 მილიარდი ევრო გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გასაზრდელად და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის პროცესის ხელშესაწყობად. გარდა ამისა, გადაუდებელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას დაუმტკიცდა მაკროფინანსური დახმარების პაკეტი შეღავათიანი სესხების სახით. კომისიამ ასევე გამოყო მნიშვნელოვანი რესურსები დამცავი აღჭურვილობისა და სამკურნალო საშუალებებისათვის.

„ევროპის გუნდმა“ მოახდინა დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მობილიზაცია COVAX პლატფორმისათვის, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინებზე თანასწორი და სამართლიანი წვდომის  უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. ამ მექანიზმში მონაწილეობს ყველა პარტნიორი ქვეყანა (გარდა ბელარუსისა), რომლებმაც ვაქცინების რამდენიმე პარტია უკვე მიიღეს. გარდა ამისა, კომისია, ევროკავშირის გაზიარების მექანიზმის საშუალებით, ხელს უწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ წინასწარი შესყიდვების ხელშეკრულებით შეძენილი ვაქცინების მიწოდებას მესამე ქვეყნებისათვის, პირდაპირ ან COVAX–ის საშუალებით. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ვაქცინების გაზიარების შესახებ.

ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროგრამის საშუალებით, რომელიც 2020 წლის 11 თებერვალს დაიწყო და რომლის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს, 6 პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ტექნიკურ და ლოგისტიკურ დახმარებას უწევს. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ვაქცინებზე წვდომის გაუმჯობესებას.

როგორ დაეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს მომავალში მოსალოდნელ პანდემიებთან ბრძოლაში? 

მედეგობის კონცეფცია კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობას იძენს კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემიის ფონზე. ევროკავშირის პროგრამაში ვაქცინების უზრუნველყოფის შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს,  არის გრძელვადიანი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების იმუნიზაციის ეროვნული სისტემების გაძლიერებას და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას  ვაქცინაციისა და კომუნიკაციის სფეროში. აღნიშნული დახმარების გარდა, ევროკავშირი მზადაა პარტნიორ ქვეყნებში გააძლიეროს ჯანმრთელობის დაცვის სისტემები და მათი მდგრადობა ისეთი შეთანხმებული ზომების მიღებით, რომლებიც მიმართული იქნება ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე არაგადამდები დაავადებების  შესამცირებლად.

რა  მოცულობის იქნება ევროკავშირის ინვესტიცია?

სამომავლო პრიორიტეტების განხორციელება მოხდება ევროკავშირის ისეთი სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და საშუალებების დახმარებით, როგორიცაა  'გლობალური ევროპა / სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი (NDICI)' და „ევროპის გუნდის“ ინიციატივები, რომლებშიც თავმოყრილია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების რესურსები და გამოცდილება, და  ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამებითა და პარტნიორების საკუთარი ინვესტიციებით. "გლობალური ევროპის" ინსტრუმენტის მიმდინარე პროგრამები სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის შემდგომი პერიოდის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასთან.

ერთობლივი სამუშაო დოკუმენტის მთავარ შემადგენელ ნაწილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარმოადგენს. NDICI-ის ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის, მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი პლუსის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფილია საგარეო საქმიანობის საგარანტიო ფონდით, გამოყენებით აღნიშნული გეგმა ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებასა და სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან მობილიზებული იქნება 2,3 მილიარდ ევრომდე გრანტების, შერეული დაფინანსებისა და გარანტიების სახით სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის ზრდის წახალისების და „მწვანე“ და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება დაახლოებით 17 მილიარდ ევრომდე პოტენციური ინვესტიციების მოზიდვა პანდემიის კრიზისიდან გამოსვლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად და მათი ეკონომიკის გარდასაქმნელად იმისათვის, რომ ის უფრო მდგრადი და ინტეგრირებული გახდეს.

რას მოიცავს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა?

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მიჰყვება ერთობლივ სამუშაო დოკუმენტში წარმოდგენილ საინვესტიციო მიმართულებას.  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკის გარდაქმნა იმისათვის, რომ ის უფრო მდგრადი და ინტეგრირებული გახდეს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება კოვიდ-19-ის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური განახლების ფონზე.  

ინვესტიციები ორიენტირებულია სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაზე; მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის ფინანსებზე წვდომის გაადვილებაზე; კომპანიების საწესდებო კაპიტალის გაზრდაზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ევროკავშირის ღირებულებით ჯაჭვებში ინტეგრაციის მიზნით; ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერაზე; გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართ მდგრადობის გაძლიერებაზე, მათ შორის ენერგოეფექტურობაზე; ჯანდაცვის სისტემებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის დახმარებამ ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვას ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საფინანსო ინსტიტუტების („ევროპის გუნდის“ მიდგომის გაგრძელებით), პარტნიორი ქვეყნების ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების, შესაბამის შემთხვევებში მუნიციპალიტეტებისა და კერძო ინვესტორების ერთიანი ძალისხმევით.

ინვესტიციების მობილიზებასა და მოზიდვაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი. ასევე შესაძლებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ შემოთავაზებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაც, როგორიცაა საექსპორტო კრედიტი, საინვესტიციო გარანტიები, და სხვ. გეგმაში ასევე გათვალიწინებული იქნება ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც მორგებული იქნება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნის საჭიროებებს (როგორიცა, მაგალითად მოლდოვის ეკონომიკის აღდგენის გეგმა, რომელში განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები ინვესტირებისათვის). ზემოქმედების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, გეგმა ასევე მოიცავს ინვესტიციებს ინოვაციებსა და ადამიანურ კაპიტალში.

იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურული ინვესტიციები იყოს ეფექტიანი და ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, აუცილებელია პოლიტიკური და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესება.

რატომ არის ფლაგმანი ინიციატივები ყველა ქვეყნისთვის ცალ-ცალკე განსაზღვრული?   რომელი ფლაგმანი ინიციატივებია გათვალისწინებული თითოეული ქვეყნისთვის?

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის კონკრეტულ ფლაგმან ინიციატივებს განსაზღვრავს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ადგილებზე ღონისძიებების ზემოქმედებისა და ცნობადობის გაზრდას და უზრუნველყოფს ძალისხმევის კონცენტრირებას ისეთ პრიორიტეტულ პროექტებზე, რომლებიც სარგებელს მოუტანენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებსა და ბიზნესებს.

 

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა: ფლაგმანი ინიციატივები სომხეთისათვის

ფლაგმანი ინიციატივა 1: ინოვაციური და კონკურენტული ეკონომიკის მხარდაჭერა: პირდაპირი დახმარება 30 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს

ფლაგმანი ინიციატივა  2: კავშირებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გაძლიერება: ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი

ფლაგმანი ინიციატივა  3: ინვესტიცია ციფრულ ტრანსფორმაციაში, ინოვაციებში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში

ფლაგმანი ინიციატივა  4: სამხრეთ რეგიონების მდგრადობის გაძლიერება

ფლაგმანი ინიციატივა  5: ინვესტიციამწვანე“ ერევანში: ენერგოეფექტურობა დამწვანე“ ავტობუსები

 

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა: ფლაგმანი ინიციატივები აზერბაიჯანისათვის

ფლაგმანი ინიციატივა  1: „მწვანე“ კავშირები: ბაქოსმწვანე“ პორტის მხარდაჭერა

ფლაგმანი ინიციატივა  2: ციფრული კავშირები: ციფრული სატრანსპორტო დერეფნის მხარდაჭერა

ფლაგმანი ინიციატივა  3: ინოვაციური და კონკურენტული ეკონომიკის მხარდაჭერა: პირდაპირი დახმარება 25 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს

ფლაგმანი ინიციატივა  4: სოფლის ინოვაციური განვითარება

ფლაგმანი ინიციატივა  5: უფრო ჭკვიანი და მწვანე ქალაქები

 

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა: ფლაგმანი ინიციატივები დემოკრატიული ბელარუსისთვის

(წინადადებები საორიენტაციოა და განიხილება მხოლოდ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში)

ფლაგმანი ინიციატივა  1: ინოვაციური და კონკურენტული ეკონომიკის მხარდაჭერა: პირდაპირი დახმარება 20 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს

ფლაგმანი ინიციატივა  2: სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება და ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა

ფლაგმანი ინიციატივა  3: ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა

ფლაგმანი ინიციატივა  4: „მწვანე“ ბელარუსის მხარდაჭერა - ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა და ინფრასტრუქტურა

ფლაგმანი ინიციატივა  5: ინვესტირება დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ ბელარუსში

 

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა: ფლაგმანი ინიციატივები საქართველოსთვის

ფლაგმანი ინიციატივა  1: კავშირები შავი ზღვით - წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მოწყობა

ფლაგმანი ინიციატივა  2: ტრანსპორტი შავი ზღვის გავლით - ფიზიკური კავშირების გაუმჯობესება საქართველოსა და ევროკავშირს შორის

ფლაგმანი ინიციატივა  3: ეკონომიკის აღდგენა - 80,000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებიდან (DCFTA) სარგებლის მისაღებად

ფლაგმანი ინიციატივა  4: ციფრული კავშირი მოქალაქეებისათვის - 1000 სოფლის უზრუნველყოფა სწრაფი ინტერნეტის ინფრასტრუქტურით

ფლაგმანი ინიციატივა  5: ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  - თბილისში 1 მილიონზე მეტი ადამიანისათვის სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობის მიცემა

 

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა: ფლაგმანი ინიციატივები მოლდოვის რესპუბლიკისთვის

ფლაგმანი ინიციატივა  1: ინოვაციური და კონკურენტული ეკონომიკის მხარდაჭერა: პირდაპირი დახმარება 50000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს

ფლაგმანი ინიციატივა  2: ევროკავშირსა და მოლდოვას შორის ვაჭრობის გაძლიერება - კიშინიოვში შიდა სახმელეთო ტერმინალის მშენებლობა

ფლაგმანი ინიციატივა  3: ენერგოეფექტურობის გაზრდა - კიშინიოვისა და ბალტის საცხოვრებელ კორპუსებში ცენტრალური გათბობის სისტემების რეაბილიტაციის პროცესის გაფართოება

ფლაგმანი ინიციატივა  4: კავშირების გაუმჯობესება - მოლდოვას ჩართვა ტრანსპორტის ტრანს-ევროპულ ქსელში

ფლაგმანი ინიციატივა  5: ინვესტიცია მოლდოვას ადამიანურ კაპიტალში დატვინების გადინებისპრევენცია - სასკოლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ეროვნული განათლების სტრატეგიის განხორციელება

 

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა: ფლაგმანი ინიციატივები უკრაინისთვის

ფლაგმანი ინიციატივა  1: ინოვაციური და კონკურენტული ეკონომიკის მხარდაჭერა: პირდაპირი დახმარება 100 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს

ფლაგმანი ინიციატივა  2: სოფლის ეკონომიკური გარდაქმნა - 10 000-ზე მეტი მცირე მეურნეობის დახმარება

ფლაგმანი ინიციატივა  3: კავშირების გაუმჯობესება სასაზღვრო გამტარი პუნქტების მოდერნიზების გზით

ფლაგმანი ინიციატივა  4: ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერება - საზოგადოებრივი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია

ფლაგმანი ინიციატივა  5: ენერგოეფექტურობის გაზრდა და განახლებადი წყალბადის მხარდაჭერა

 

 

რა ხდება ბელარუსის შემთხვევაში?  რა კავშირშია ეს დემოკრატიული ბელარუსის გეგმასთან, რომელიც წარმოდგენილი იყო რამდენიმე დღის წინ? 

ევროკავშირი ძალიან წუხს ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ქვეყნის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება იმისათვის, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა კონკრეტული სარგებელი მიიღონ. აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ბელარუსის კიდევ უფრო იზოლირებას ემსახურება და აჩვენებს იმას, თუ როგორ უგულებელყოფს რეჟიმი ბელარუსის მოსახლეობას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობისა და სხვადასხვა პროგრამით სარგებლობს. 

ევროკავშირი კვლავ იმუშავებს ბელარუს ხალხთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებშიც და გააგრძელებს ბელარუსი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების, აგრეთვე მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას.

ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში ბელარუსისთვის განსაზღვრული ფლაგმანი ინიციატივები სრულად შეესაბამება დემოკრატიული ბელარუსის 3 მილიარდი ღირებულების გეგმას, რომელიც მაისში გამოცხადდა.  ევროკავშირის წინადადება ძალაშია მხოლოდ დემოკრატიული გარდაქმნის შემთხვევაში.

როგორ გადაწყვეტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკა სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგომ გამოწვევებს?

აღმოსავლეთ პარტნიორობა მთავრობებთან ურთიერთობას სცილდება. თანაბრად მნიშვნელოვანია პარტნიორობა ისეთ სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობა აღმოსავლეთის პარტნიორობის შეუცვლელი ელემენტია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და  რეფორმების ხელშეწყობის საქმეში.

ამ თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი არის გამოცდილების გაზიარების, სწავლის, მხარდაჭერისა და პარტნიორობის დამყარების უნიკალური, მრავალმხრივი პლატფორმა. ევროკავშირი კვლავ განავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებისა და ისეთ სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიცაა პროფკავშირები და დამსაქმებელთა ორგანიზაციები. დაბოლოს, ევროკავშირის გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამოქმედო სივრცის გაზომვას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მომზადებული სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენებით (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრიცხველი) და გამოიყენებს მას პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგის წარმოების საფუძვლად.

გააგრძელებს ევროკავშირი რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბროლას?

ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის ნაკადის გაძლიერების გამო, ევროკავშირმა შეიმუშავა და დანერგა კომუნიკაციის უფრო ძლიერი და სტრატეგიული მიდგომა.  ჩვენ გავაძლიერეთ კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებში რეგიონის მოსახლეობაზე ევროკავშირის პოლიტიკისა და საქმიანობის დადებითი ზემოქმედების შესახებ მკაფიო, ინდივიდუალური გზავნილების გავრცელებისა და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ჩარჩოს ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდებთან მუშაობას. სტრატეგიულ კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მდგრადობის უზრუნველსაყოფად და მოქალაქეების სამსახურში მყოფი პოლიტიკის შემქმნელების ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებას წარმოადგენს.

საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს შესთავაზებს ტრენინგებს და უზრუნველყოფს პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობებით, მათ შორის  ჰიბრიდულ და კიბერ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხებში.

რას მიაღწია აღმოსავლეთ პარტნიორობამ გასული 11 წლის განმავლობაში?

გასული 11 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობა ვითარდებოდა როგორც საერთო ღირებულებების, ორმხრივი ინტერესებისა და ვალდებულებების, ასევე საზიარო საკუთრებისა და პასუხისმგებლობის საფუძველზე. ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ მოიტანა ისეთი შედეგები, როგორიცაა ასოცირების შეთანხმებები (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ჩათვლით), შეთანხმებები ყოვლისმომცველი გაფართოებული პარტნიორობის შესახებ, შეთანხმებები სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და პარტნიორობის პრიორიტეტები, რომლებიც დღეს ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ.

გასული ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა. ევროკავშირი აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო სომხეთისა და ბელარუსის შემთხვევაში - მეორე. 2016 - 2019 წლებში ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 27%–ით გაიზარდა, ვაჭრობა აზერბაიჯანთან 55%–ით, ბელარუსთან 40%–ით, საქართველოსთან 7%–ით, მოლდოვასთან 42%–ით, ხოლო უკრაინასთან 50%–ით გაიზარდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების 185,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ზომის კომპანიამ მიიღო ევროკავშირის დაფინანსება, რომლის შედეგადაც შეიქმნა ან შენარჩუნდა  1.65 მილიონი სამუშაო ადგილი.

სატრანსპორტო კავშირების სფეროში შეიქმნა 20 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკური დახმარების ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებას. ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოება ითვალისწინებს 2030 წლისთვის საავტომობილო გზებისა და რკინიგზის 4,800 კმ სიგრძის ახალი მონაკვეთების მშენებლობას და რეაბილიტაციას, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისა და მიმოსვლისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

რაც შეეხება ინვესტიციებს სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად, ენერგოეფექტურობის პარტნიორობის ფონდი (E5P) უკვე ყველა პარტნიორ ქვეყანას ფარავს. ფონდმა 40 პროექტისთვის, რომელთა განხორციელებითაც სარგებელი 11.7 მილიონმა ადამიანმა მიიღო, 164 მილიონი ევროს ოდენობის საინვესტიციო გრანტი გასცა, ხოლო ინვესტიციების ჯამური მოცულობა თითქმის 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ინვესტიციები განხორცილდა ექვსივე ქვეყანაში და მოხმარდა ისეთ პროექტებს, როგორიცაა, მაგალითად, ენერგოეფექტური ავტობუსების შეძენა თბილისისა და ბათუმისათვის, ლვოვის მუნიციპალიტეტის მიერ ცენტრალური გათბობის მოწყობა,  ერევნის საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობის ამაღლება.

აღმოსავლეთის პარტნიორობა ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებსა და მკვლევარებს. ევროკავშირმა დააფინანსა 100 პროექტი, რომლებიც მხარს უჭერენ სამოქალაქო ჩართულობასა და მეწარმეობას ახალგაზრდებს შორის, რეგიონის 25,000 ახალგაზრდამ მიიღო სარგებელი ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის (EU4Youth) პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტებით განხორციელებული ექვსი მასშტაბური პროექტიდან, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას ეხებოდა, ხოლო რეგიონის 1100 მკვლევარი ჩართული იყო მარი კიურის სქემაში. 2016 წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 43,000 სტუდენტმა და აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამებში Erasmus+-ის და სხვა პროგრამების საშუალებით. თბილისში 2018 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს ევროპული სკოლა, რომელიც სტუდენტებს ყველა პარტნიორი ქვეყნიდან ევროპული განთლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.  სრულფასოვანი ევროპული სკოლა 2023 წლისთვის დაარსდება.

2019 წელს ჩატარებულა კონსულტაციებმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა საიმედოა და მოქალაქეებისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს. შედეგებზე ორიენტირებულმა მიდგომამ „20 შედეგი 2020 წლისთვის“ გააძლიერა ქვეყნების ეკონომიკა, კავშირები და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით, სასამართლო რეფორმის და კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია მედიის დამოუკიდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის თვალსაზრისით. ასევე აუცილებელია კლიმატის ცვლილებების შერბილებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებს. სამომავლო დღის წესრიგში პრიორიტეტი ამ შეთანხმებულ საკვანძო რეფორმებს მიენიჭება.

რა მოხდება შემდეგ? როდის დაიწყება განხორციელება?

შემოთავაზებული სამომავლო დღის წესრიგი განიხილება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან იმის გათვალისწინებით, რომ ის 2021 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მისი უნდა დამტკიცდეს.

მოსამზადებელი სამუშაოები სამომავლო დღის წესრიგის განსახორციელებლად უკვე დაწყებულია და მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, ასევე გაგრძელდება მუშაობა დღის წესრიგის განსახორციელებლად საჭირო რესურსების უზრუნველყოფის მიმართულებით.

რატომ გვთავაზობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი სტრუქტურის შეცვლას?

არსებული მრავალმხრივი სტრუქტურის გადახედვა და დამტკიცება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტზე (‘20 შედეგი 2020 წლისთვის) მოხდა. ის 2018 წლიდან მოქმედებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ 2019 წელს ჩატარებულ კონსულტაციებზე იყო სრული  კონსენსუსი არსებული სტრუქტურების ქმედითობასა და მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი განზომილების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თუმცა, სტრუქტურაზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს (i) მისი შემდგომი გამარტივება; (ii) საოპერაციო მექანიზმების სრულყოფა (მაგ., შეხვედრების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით); და (iii) მეტი მოქნილობა.  გარდა ამისა, საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანაც ახალი პრიორიტეტების გასათვალისწინებლად. 

შემოთავაზებული გადასინჯვის მთავარი პრინციპია ქმედითი ელემენტების შენარჩუნება და  წინადადებების შემუშავება ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ეს საკითხი განხილული იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან და დამტკიცდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე.