რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკავშირი „შენარჩუნებისა და ჰარმონიზაციის“ შემზღუდველი ზომების პაკეტს იღებს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საპასუხოდ, დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო ახალი ზომები, რომლიც რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, მათი განხორციელების სრულყოფას  და ეფექტიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს და დააფინანსოს თავისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ვკრძალავთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს ენერგომატარებლების შემდეგ - რუსეთის ოქროს. ასევე გამონაკლისს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვისა და ნავთობის მესამე ქვეყნებში გადატანის ტრანზაქციებზე იმის გამო, რომ ევროკავშირს თავის მხრივ შეაქვს წვლილი მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად. ახლა რუსეთის გადასაწყვეტია, რომ შეწყვიტოს უკრაინის მინდვრებისა და ელევატორების დაბომბვა და შავი ზღვის პორტების ბლოკირება“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.  

დღევანდელი „შენარჩუნებისა და ჰარმონიზაციის“ სანქციების პაკეტი აწესებს ახალ აკრძალვას რუსული წარმოშობის ოქროს შესყიდვის, მისი იმპორტისა და მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადაცემის მიმართებაში, თუ იგი ექსპორტირებულია რუსეთიდან ევროკავშირში ან შემდეგ ნებისმიერ მესამე ქვეყანაში. ეს აკრძალვა ასევე ეხება სამკაულებს.

შემზღუდველი ზომების პაკეტი ასევე აფართოებს კონტროლირებადი საქონლის ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას ან მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებას, რითაც ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლს გააძლიერებს.

გარდა ამისა, პორტებში შეშვების არსებული აკრძალვა ასევე გავრცელდება რაბებზე, რათა სანქციების გვერდის ავლთავიდან იქნას აცილებული და გაფართოვდეს დეპოზიტების მიღების აკრძალვის მასშტაბი. დეპოზიტების მიღების აკრძალვა ასევე იმოქმედებს მესამე ქვეყნებში დაფუძნებული იურიდიული პირების, ორგანიზაციების ან ორგანოების დეპოზიტებზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებსა თუ რუსეთშიცხოვრები ფიზიკურ პირების მაჟორიტარულ მფლობელობაშია. დეპოზიტების მიღება არააკრძალული ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისთვის ეროვნული კომპეტენტური ორგანოების წინასწარ ნებართვის საფუძველზე განხორციელდება.

არსებულ ზომებთან დაკავშირებით ევროკავშირს ასევე დაზუსტებები შემოაქვს - მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების, ავიაციის და მართლმსაჯულების სფეროებში. მაგალითად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვა ოდნავ შეიცვლება.

მსოფლიოში სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რაიმე პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირმა გადაწყვიტა გამონაკლისი დაუშვას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობისა და ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების კუთხით - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებთან ტრანზაქციებში მონაწილეობა აკრძალვას არ ექვემდებარება.

უფრო ფართოდ, ევროკავშირი ცდილობს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ზომა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება. უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაზე მიმართულ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დღეს ან ადრე მიღებული არცერთი ზომის სამიზნეს არანაირად არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტები, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით, ვაჭრობა მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის.

ანალოგიურად, ევროკავშირის ზომები არ უშლის ხელს მესამე ქვეყნებს და მათ მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის გარეთ მუშაობენ, რუსეთიდან ფარმაცევტული ან სამედიცინო პროდუქტები შეიძინონ.

ეკონომიკური სანქციების გარდა, საბჭომ გადაწყვიტა სანქცირებული ფიზიკური პირებისა და სუბიექტების სიის გაფართოვება და ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გაზრდა, რითაც აქტივების დეკლარირების ტვირთი სანქცირებულ პირებს დაეკისრება, რათა ევროკავშირში მათი აქტივების გაყინვას ხელი შეეწყოს.

ევროკავშირი მტკიცედ მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მის ძლიერ მხარდაჭერას, მათ შორის ჰუმანიტარულ დახმარებას, რათა ქვეყნის საერთო ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური და ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოს.

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის ჩათვლით, უნდა იყოს დაცული. უკრაინელებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც იძულებით წაიყვანეს რუსეთში, უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ. რუსეთს, ბელარუსს და ყველას, ვინც პასუხისმგებელია ომის და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, თავიანთი ქმედებებისთვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

2022 წლის 23-24 ივნისის დასკვნებში ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ სანქციებზე მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის მათი აღსრულების გაძლიერებისა  და გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.

შესაბამისი სამართლებრივი აქტები ოფიციალურ ჟურნალში არის გამოქვეყნებული.

ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი, 2022 წლის 21 ივლისი

ევროკავშირის რეაგირება უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე (საკითხის ისტორია)

ევროპული საბჭოს 2022 წლის 23-24 ივნისის დასკვნები

ინგლისურნოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.