საქართველო: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადება სასამართლო რეფორმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს 2023 წლის ანგარიშისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, არის ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ის ასევე არის იმ ცხრა ნაბიჯის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ბოლო მოხსენებაშია აღნიშნული და მას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს.
სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სჭირდება, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების განსაკუთრებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე მართლმსაჯულების სფეროში წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან – კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოების თავმჯდომარეებს.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის პირების ბოლო დროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი შეხედულება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს.
ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას.
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.