ფილმის „ევროპა და მე“ პრემიერა ევროპის დღეს

კახეთის სოფელ უდაბნოში მეცხვარე და მზარეული ირაკლი გვიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება. რაჭაში თენგიზი, რადიომიმღებების საკუთარი კოლექციით, საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის ყოველთვის ისწრაფოდა თავისუფლებისაკენ, მაშინაც კი, როდესაც ეს ადვილი არ იყო. გურიაში ვეცნობით ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს. მათგან ვსწავლობთ ლიდერობას, გადაწყვეტილების გუნდურად მიღებას და იმას, რომ გენდერს სპორტში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმერეთში ჩვენ ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად მუშაობენ ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე“ წესის დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ყველა ეს ისტორია ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც იზიარებს და ამკვიდრებს ევროკავშირი და საქართველო.
ფილმის ჩვენება გაიმართება ჩვენს Facebook გვერდზე 9 მაისს, ევროპის დღეს, თბილისის დროით 21:00-ზე.
ევროპის დღესთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს.
ევროპის დღის შესახებ:
9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ისტორიას და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ევროპული პროექტის შექმნას. ამ დღეს აღინიშნება 1950 წლის შუმანის ისტორიული დეკლარაცია, რომელშიც რობერტ შუმანმა, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, წარმოადგინა საკუთარი იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.
ამ იდეებმა გაუკვალეს გზა ევროპული თანამეგობრობის და, მოგვიანებით, თანამედროვე ევროკავშირის შექმნას, რომელიც დღეს უკვე 27 წევრ სახელმწიფოსა და თითქმის 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს ევროკავშირი ამ დეკლარაციის 72 წლისთავს აღნიშნავს.
ევროპის დღეს ჩვენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასაც ვზეიმობთ.