აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა ახალი და ამბიციური დღის წესრიგი წამოიწყო

16.12.2021

გუშინ, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე, ევროკავშირმა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორმა ქვეყნებმა მტკიცე პარტნიორობა, ერთიანობა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც სამომავლო მოქმედებების გეგმას წარმოადგენს, აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულ დღის წესრიგს ეფუძნება და აღდგენაზე, მდგრადობასა და რეფორმებზე არის მიმართული. სახელმწიფოების და მთავრობათა მეთაურების დონეზე გამართულმა სამიტმა ერთად შეკრიბა ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლობით, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ლიდერები. სამიტს, აგრეთვე, უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი დაესწრო. ლიდერებმა კვლავ საერთო ღირებულებების, როგორც პარტნიორობის ბირთვის, მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: ”აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ერთად დავიწყეთ ჩვენი პარტნიორობის ახალი, უფრო ამბიციური ეტაპი, ამ რთულ დროს ჩვენი მუშაობის წარმართვისთვის. ევროკავშირი კვლავ ერთგულია მისწრაფებისა გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთ პარტნიორების მედეგობა COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანმრთელობის შედეგებთან გამკლავების კუთხით. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულნი ვართ დესტაბილიზაციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევების გამო, რაც რეგიონში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს“.

ევროკავშირის მხარდაჭერა გამყარებული იქნება 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, რომელიც მოიცავს გრანტებს, შერეულ რესურსებს და გარანტიებს, 17 მილიარდ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალით. სამიტის ფარგლებში, ევროკომისიამ და მისმა პარტნიორებმა თანამშრომლობის რიგ საკვანძო სფეროებში წინსვლას მიაღწიეს, მათ შორის, ხელი მოაწერეს 35 მილიონი ევროს ღირებულების შეთანხმებას პოლონეთის განვითარების ბანკთან, რაც ევროპის გუნდს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების დაჩქარების  საშუალებას მისცემს; მოლდოვასთვის, გაზის ფასების ზრდის შემცირების მიზნით, 60 მილიონი ევროს ოდენობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი გამოიყო; ასევე მიღებული იყო გადაწყვეტილებები არაერთი სტრატეგიული ინვესტიციის შესახებ.

პრეზიდენტის ფონ დერ ლაიენის კომენტარი იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაცია სამიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

 

 

Peter Stano
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53