ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების აუცილებლობაზე

თბილისი, 2021 წლის 1 ივნისი – იუნისეფი მთავრობასა და ბიზნეს-სექტორს მოუწოდებს ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებებსა და მშობლობის პროგრამებში მეტი ინვესტიციისაკენ, რომ ქვეყანაში არსებობდეს მშობლების საჭიროებებზე მორგებული, ყოვლისმომცველი პროგრამები, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ოჯახებისთვის.
ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები მნიშვნელოვანია ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ სტადიაზე. ბავშვის უფლებათა კოდექსი ხაზს უსვამს როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობას. ოჯახის მხარდამჭერი ძლიერი სერვისები საჭიროა იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნას ოჯახური გარემო და თავიდან იქნას აცილებული ოჯახისგან განცალკევება. ხარისხიანი სოციალური მომსახურების უზრუნველყოფაში წამყვანი როლი უჭირავთ სოციალური უზრუნველყოფის ცენტრალური და მუნიციპალური დონეების თანამშრომლებს.
„მშობლობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა“ ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. “კოვიდ-19-ის პანდემიამ და მისმა სოციო-ეკონომიკურმა შედეგებმა მშობლებისთვის სტრესის ახალი ფაქტორები გააჩინა და კიდევ უფრო გაამძაფრა ოჯახებში აქამდე არსებული არაკეთილსაიმედო ვითარება. შევაბიჯეთ რა პანდემიის მეორე წელიწადში, მშობლებსა და მზრუნველებს კვლავ უჭირთ ბავშვების ჩართვა სასწავლო პროცესში და თავიანთი ოჯახების ფუნქციურობის შენარჩუნება, ხშირ შემთხვევაში გაზრდილი სიღატაკის პირობებშიც. ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება იმის ხელახლა გააზრება, თუ როგორ დავეხმაროთ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად. ევრკოკავშირთან პარტნიორობით მშობლებსა და ბავშვებს დავეხმარებით პოზიტიური მშობლობისა და ოჯახისათვის საჭირო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებაში,“ დაამატა ხალილმა.
საქართველომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებითა და მუნიციპალიტეტების დონეზე ბავშვთა დაცვის განყოფილებების შექმნით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ოჯახის მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, კერძოდ მშობლობის კონცეფციის განვითარების, სოციალური მუშაკების გაძლიერებისა და ინსტიტუციებში მყოფი ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით" - კატალინ გერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე.
პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირთან პარტნიორობით, ერთობლივი პროექტის - „საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება“ ფარგლებში, „პოზიტიური მშობლობის კვირეულს“ ატარებს. არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „მშობლები განათლებისთვის“ პარტნიორობით წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეიკრიბებიან მშობლები, პროფესიონალები და ბავშვები და იმსჯელებენ, თუ როგორი უნდა იყოს გონივრული მიდგომები პოზიტიური აღზრდისა და ბავშვთა უფლებების დაცვისადმი, ეს კი პოზიტიური კომუნიკაციისა და პატივისცემის მეშვეობით მიიღწევა. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ონლაინ ვებინარებს, პირისპირ შეხვედრებსა და სოციალური მედიის კამპანიას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მაია ქურციკიძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი, ტელ: +995 599 533071, mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.org/georgia, თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter -სა და Facebook -ზე