ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იმართება
დღეს, ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ლიდერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე შეხვდებიან. სამიტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას წარმოაჩენს.
სამიტი, აგრეთვე, წარმოადგენს ევროკავშირსა და რეგიონს შორის სოლიდარობის გამოხატვის საუკეთესო შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული შედეგები.
ლიდერები განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეხება და მიზნად ისახავს პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას არსებული და მომავალი გამოწვევების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და მათთან გამკლავების შესაძლებლობების გაძლიერებაში. მას თან ახლავს 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, გრანტების, შერეული დაფინანსებისა და გარანტიების სახით, რომელსაც 17 მილიარდ ევრომდე მოცულობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ზრდის წახალისებისა და რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სამიტს, აგრეთვე, დაესწრება უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი. პრეს-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი მიიღებს, ცენტრალური ევროპის დროით 22:00 საათზე ჩატარდება.
თვალი ადევნეთ პირდაპირი ჩართვას EbS-ზე.