ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

02.04.2025
ბრიუსელი
EEAS Press Team

ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც დღეს პარლამენტმა სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გასამკაცრებლად დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს. ეს კანონები სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას სტიგმატიზების რისკის ქვეშ აყენებს, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობის გაგრძელებას, უკან ხევს ადამიანის უფლებების დაცვას, არასათანადოდ ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას.

ეს ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად არყევს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. ასეთი ქმედებები არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით. ეს ნაბიჯები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის ამ ღირებულებების გაზიარება სავალდებულოა.

საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას საქართველოს ევროკავშირშიგაწევრიანება სურს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აჩვენოს, რომ ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჭეშმარიტად და შეუქცევადად უბრუნდება. ამისთვის საჭიროა, რომ შეწყდეს მოქალაქეების მიმართ ძალადობა, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებულები, შეჩერდეს რეპრესიული კანონები, შედგეს ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები და გაიმართოს არსებითი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.

საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სრულად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია.

ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას.

Anitta Hipper
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 2 298 56 91
+32 (0) 460 76 14 21
Pedro FONSECA MONIZ
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)2 291 38 76
+32 (0)460 76 14 96