ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტების შემოწმების მოწყობილობები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი ტექნიკური საშუალებები გადასცა. ეს მოწყობილობები განთავსდება შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქუთაისის ლაბორატორიაში და გამოყენებულ იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩენილი საეჭვო სამგზავრო დოკუმენტების შესამოწმებლად.
“ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მნიშვნელოვანი პროგრამის ნაწილს, რომელიც ხორციელდება IOM-ის მიერ მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში. აღნიშნულ მხარდაჭერას ასევე მოყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
- თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგელობა, tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
- ანა კაკუშაძე, მედიისა და კომუნიკაციის ოფიცერი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, akakushadze@iom.int
გთხოვთ ეწვიოთ: www.informedmigration.ge.