საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2021

ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა:

Remote video URL

ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვიფასია ევროპული ღირებულებები, ყველას ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში. მე ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს - ბატონ კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფვით ჩვენი ბუნებრივი გარემოს ევროპული სივრცისაკენ. მჯერა, რომ ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა. ამ ერთიანობისაკენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. 2014 წელს საკვანძო მოვლენად იქცა ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან სავიზო ბარიერის მოხსნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.

ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი აბხაზი და ოსი ძმებისთვისაც უნიკალური შესაძლებლობაა, ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს.

საქართველო ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერები, როგორც დღესაა.

მე მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს , ვისი უდიდესი თანადგომის გარეშეც საქართველოს ასეთი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.

2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ბედნიერი ვარ, რომ სწორად დღევანდელ თაობას ხვდა წილად, სინამდვილედ აქციონ ჩვენი წინაპრების ოცნება.

ყველას გილოცავთ ევროპის დღეს!