საქართველო: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით

09.10.2024
სტრასბურგი, 08/10/2024
EEAS Press Team

სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის სახელით გამოვიდა ვერა იუროვა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან 

შესავალი სიტყვა

პატივცემულო პრეზიდენტო და ევროპარლამენტის წევრებო,

26 ოქტომბერს სამ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მისცემს ხმას ახალი პარლამენტის ასარჩევად. ეს საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს ასევე საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.

გასული წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი ბიძგი საქართველოს მთავრობისთვის, გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად.

ამის მაგივრად, ბოლო თვეებში მმართველმა ხელისუფლებამ შემოიღო კანონები, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორა.

მასიური პროტესტების მიუხედავად, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი - რომელიც ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს - ხელახლა იქნა ინიციირებული და მიღებული. ასევე ინიციირებული იყო სხვა წინადადებები, რომლებიც ლგბტქი თემის დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ასუსტებს. ამავე დროს, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა გაძლიერდა.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ევროპარლამენტს, რომ  ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და მტკიცედ მოუწოდეთ ევროკავშირს მოქმედებისკენ საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ.

ევროკავშირის პასუხს სათანადო ზომების გატარება წარმოადგენდა: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა, ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, 30 მილიონი ევროს ოდენობით შეჩერებულია, ხოლო დახმარების პორტფელი გადახედვის პროცესშია.

არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ თავისი ქმედებების კურსი შეეცვალა და ჩვენი კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან გავზარდეთ. ბევრმა თქვენგანმა ასეთ მოწოდებებს მხარი დაუჭირა.

ეს ზომები შეიძლება გაუქმდეს და გამოსავალი მარტივია, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს იმ კანონების გაუქმებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით კანონებისა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს.

მეორე კომენტარი: ჩვენ ასევე მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომელსაც ავრცელებენ მმართველი პარტიის ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი [ირაკლი კობახიძე] და პარლამენტის წევრები. ამ ბრალდების მიხედვით, დასავლეთი და ევროკავშირი ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში ან სურთ საქართველოს „უკრაინიზაცია“, ეს მიუღებელია, ყალბია და ჩვენი ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი. ეს ნარატივები მხოლოდ რუსეთს და მის პროპაგანდას ემსახურება. ევროკავშირი განაგრძობს ასეთი ყალბი ნარატივების გამოვლენას და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხის გაცემას.

და ბოლოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაზიანდა მმართველი პარტიის შემაშფოთებელი განცხადებებითა და ქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირებებით და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის ძალისხმევით. ასეთი ტაქტიკა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების ქცევას. თუ ეს ზომები ამოქმედდა, ეს მკაფიოდ მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს გაცხადებულ მიზანთან, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაა და წინააღმდეგობაში იქნება იმ პრინციპებთან და ღირებულებებთან, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა ეფუძნება.

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მოახლოებული არჩევნების ჩატარებას. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი და რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.

ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ხელახლა უნდა მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან და კვლავ გამოუცხადოს ერთგულება საქართველოს ევროპულ გეზს. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მოქალაქესთან მათ გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ.

მადლობა.

ვიდეოს ბმული (დასაწყისი 00:20 საათზე) https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-261643

 

დასკვნითი სიტყვა

პატივცემულო პრეზიდენტო, წევრებო,

დღევანდელმა დებატებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიზიარებთ სურვილს ვიხილოთ საქართველო წარმატებული რეფორმების განხორციელებაში და მის ევროპულ გზაზე. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ძლიერი სურვილიც.

საქართველოს მომავალი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩათვლით, მთლიანად მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია. საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად იურთიერთონ მოქალაქეებთან. არჩევნები მშვიდ და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს.

ევროკავშირი ქვეყანაში ყველა მოვლენაზე დაკვირვებას გააგრძელებს. ევროკავშირის გზაზე ნამდვილი წინსვლა დამოკიდებულია დემოკრატიული და მდგრადი რეფორმების განხორციელებაზე, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. პოლიტიკური მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის გაფართოების პროცესში.

ევროკავშირის კარი ღია რჩება და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყანას რეფორმების განხორციელების ყველა ძალისხმევაში, მაგრამ მკაფიოდ დავგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც შეუძლია დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხაროს. ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის.

დიდი მადლობა.

ვიდეოს ბმული: https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-261645

 

 

 

Peter Stano
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53
Pedro FONSECA MONIZ
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)2 291 38 76
+32 (0)460 76 14 96