რუსეთის ომი უკრაინული ვაჭრობის წინააღმდეგ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასთან ომია

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს რუსეთზე ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მისაღწევად.

რუსეთი მიზანმიმართულად სპობს უკრაინის შესაძლებლობას, მსოფლიო სურსათით უზრუნველყოს. პორტებზე, საზღვაო მარშრუტებსა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას ებრძვის, არამედ იყენებს შიმშილს, როგორც იარაღს აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მილიონობით ადამიანის წინააღმდეგ. იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის 7,8% უკვე შიმშილობს, ეს თავდასხმა სავაჭრო გზებზე საფრთხეს უქმნის მოწყვლად რეგიონებს და შესაძლოა მასობრივ შიმშილობამდე მიიყვანოს.

რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინა მსოფლიოში უზრუნველყოფდა სიმინდის ექსპორტის 15%, ხორბლის - 10%, ქერის - 15–20%, ხოლო მზესუმზირის ზეთის - 50%. ახლა, როდესაც უკრაინაში მოსავლის აღების სეზონი იწყება, რუსეთის თავდასხმების გამო მარცვლეულის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით განახევრდა, რამაც სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია. ოქტომბრისთვის უკრაინას შესაძლოა  მარცვლეულის შესანახი სივრცეები აღარ ქონდეს, რის შედეგადაც 9 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გაფუჭდება, ფერმერებს კი მომავალი წლის მოსავლის დასათესად სახსრები არ ექნებათ. ამ მოსავლის დაკარგვას ექნება გრძელვადიანი შედეგები, რომელიც სურსათის მომარაგებაზე გავლენას 2027 წლამდეც კი მოახდენს.

ეს შედეგები ბევრად სცდება უკრაინის საზღვრებს. საზღვაო მარშრუტების, ენერგეტიკული ბაზრების, სავაჭრო ნაკადებისა და ჰუმანიტარული ლოგისტიკის შეფერხებები - რასაც თან ერთვის ისეთი კრიზისები, როგორიცაა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - მყიფე ეკონომიკებს კრიტიკულ ზღვარამდე მიიყვანს. მილიონობით ადამიანი, ვისთვისაც ეს ყველაზე მძიმე ტვირთი იქნება, სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდასა და დეფიციტს მიიღებს.

Image
A burned out grain ship dockside in Ukraine.

ეს შემთხვევითი არ არის. რუსეთი სურსათს იარაღად არაერთხელ იყენებდა — შავი ზღვის პორტების ბლოკადით დაწყებული, ქვეყნის სიღრმეში არსებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვით დასრულებული. მხოლოდ შავ ზღვაზე უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის 90% მოდის და გემების უსაფრთხო გადაადგილების გარეშე ამის საფასურს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გადაიხდის.

ევროკავშირის „სოლიდარობის დერეფნებმა“ ალტერნატიული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტები უზრუნველყო, თუმცა უკრაინას ასევე შავი ზღვის პორტებზე უსაფრთხო და საიმედო წვდომა სჭირდება. ამჟამად ევროკავშირის ყურადღება ასევე გამახვილებულია მარცვლეულის შესანახი დამატებითი სივრცეების უზრუნველყოფაზე, უკრაინელი ფერმერებისთვის ფინანსური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტირების კოორდინაციაზე, რათა „სოლიდარობის დერეფნები“ მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს. თუმცა, ეს ზომები მხოლოდ შედეგების შერბილებას ახდენს და შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობას ვერ ჩაანაცვლებს.

მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტასა და შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუძლია სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილება.

უკრაინა არაერთხელ გამოვიდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების წინადადებით, რაც ცეცხლის სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს. რუსეთმა უარი განაცხადა და, სანაცვლოდ, თავდასხმები გააძლიერა. სურსათზე წვდომა არასდროს არ უნდა გახდეს იარაღი.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოითხოვოს:

  1. მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე, პორტებსა და საზღვაო გადაზიდვებზე დარტყმებზე დაუყოვნებელი მორატორიუმი.

  2. კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილება შავ ზღვაში ვაჭრობის აღსადგენად.

  3. ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, რისი შედეგიც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა იქნება.

ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მშვიდობას მოიტანს აუცილებელია უკრაინელთა ყოველდღიური ტანჯვის დასასრულებლად; ეს ასევე სტაბილურ, ღია და პროგნოზირებად გლობალურ სასურსათო სისტემაზე დამოკიდებული ადამიანების ინტერესებშია. თუ რუსეთი დაასრულებს ომსა და მკვლელობებს, ეს სარგებელს მთელ მსოფლიოს მოუტანს, უპირველეს ყოვლისა კი სასურსათო უსაფრთხოება  გამყარდება. მოდით, ხელი შევუწყოთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის საშუალებით, რომ მოლაპარაკებები ვაიძულოთ და ომი დასრულდეს.

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. გადადით ბმულზე, რომ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვუდგავართ გვერდში უკრაინას.

Worker sweeps up after missiles destroy grain containers.