ევროპაში მოგზაურობა ევროპული შესვლა/გასვლის სისტემის (EES) გამოყენებით

მალე: უფრო გამარტივებული სასაზღვრო შემოწმება ევროპაში მოგზაურობისთვის
ევროპული შესვლა/გასვლის სისტემა წარმოადგენს სასაზღვრო შემოწმებას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ვინც შენგენის ზონაში, ევროპის 29 ქვეყანაში მოკლე ვადით იმოგზაურებს.
EES-ის საშუალებით ევროპაში მოგზაურობა უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო გახდება. შესვლა/გასვლის ახალი სისტემა 2025 წლის 12 ოქტომბერს ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მონაცემების შეგროვება დაიწყება ამ თარიღიდან და EES სრულად 2026 წლის 10 აპრილისთვის ამოქმედდება.
• მეტი დეტალების გასაგებად ეწვიეთ EES-ის ოფიციალურ ვებსაიტს (ინგლისურ ენაზე).
რას წარმოადგენს შესვლა/გასვლის სისტემა (EES)?
450 მილიონი მოსახლეობის მქონე შენგენის ქვეყნებმა საერთო საზღვრებზე პასპორტების შემოწმება და სასაზღვრო კონტროლი გააუქმეს. ეს ქმნის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების ზონას მოქალაქეებისთვის, მაცხოვრებლებისთვის და ვიზიტორებისთვის.
შესვლა/გასვლის სისტემა (EES), როგორც ევროკავშირის საზღვრების მართვის გამარტივებული სისტემა, შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის გასაღებს წარმოადგენს.
• შენგენის ზონის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე (ინგლისურ ენაზე).
ვისთვის არის EES?
შესვლა/გასვლის სისტემა განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოკლე ვადით შენგენის ზონის ევროპულ ქვეყანაში მიემგზავრებიან. მოქმედებს გამონაკლისები. გადადით ბმულზე EES-ის ოფიციალურ საიტზე გამონაკლისების სრული სიის სანახავად.
რას აკეთებს EES?
EES არის სასაზღვრო შემოწმება ევროკავშირის/შენგენის ზონის გარე საზღვრებზე. მისი მიზანია სასაზღვრო შემოწმების დაჩქარება და შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესება.
რა სახის ინფორმაციას მოითხოვს EES?
EES აგროვებს მონაცემებს, რომელიც უკვე წარმოდგენილია თქვენს სამგზავრო დოკუმენტებში, შენგენის ზონაში თითოეული შესვლისა და გასვლის თარიღსა და ადგილს, ასევე ბიომეტრიულ მონაცემებს. ეს ინფორმაცია სასაზღვრო შემოწმებას უფრო ეფექტიანს და უსაფრთხოს გახდის.
დამატებითი ინფორმაცია
• გადადით ბმულზე, რათა EES-ის ოფიციალურ ვებსაიტზე ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნახოთ;
• გადადით ბმულზე, თუ შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანას გეგმავთ.