ევროკავშირის ანგარიში: ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში საქართველო წინ მიიწევს
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში საქართველო წინ მიიწევს. რიგი რეფორმებისა უკვე განხორციელებულია, განმტკიცდა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ეკონომიკა. უფრო დეტალური ნაბიჯები აღწერილია ერთობლივ ანგარიშში, რომელიც ევროპის საგარეო სამსახურმა და ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნეს. ანგარიშის გამოქვეყნება წინ უძღვის საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას, რომელიც 2016 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებობს მყარი ურთიერთობები: ჩვენ, როგორც პარტნიორები, თანამოაზრეები ვართ და საერთო ფასეულობები გვაქვს;. გვაქვს ვალდებულებები, როგორც ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სულ რაღაც 5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ,,ასოცირების შეთანხმება“ 2016 წლის ივლისში სრულად ამოქმედდა. დღევანდელ ანგარიშში აღიარებულია ის სამუშაო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თანამიმდევრულად ახორციელებს. თუმცა, მისაღებია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები და გარკვეული დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი. რეფორმების განხორციელება არ არის ყოველთვის იოლი, რადგან მათ მზადყოფნა და გაძღოლა სჭირდება, სამაგიეროდ რეფორმებს ადამიანებისთვის ურიცხვი შესაძლებლობები მოაქვთ,“ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.
,,ჩვენ უკვე ვხედავთ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პირველ შედეგებს,“ განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა. ,,იზრდება საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი, იქმნება დამატებითი შესაძლებლობები ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგალითად სტუდენტები და მეცნიერები სარგებლობენ პროგრამებით ერაზმუს + (Erasmus+) და ჰორიზონტი 2020 (Horizon 2020). ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში, პროკურატურის ჩათვლით. ჩვენ ვაგრძელებთ ხელისუფლების მხარდაჭერას იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი მოსახლეობის უფრო მეტად დაახლოება.“
ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს 2015 წლის 1 იანვრიდან. ანგარიშში მოცემულია ის ძირითადი მოვლენები და რეფორმები, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებული სტრატეგიული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ განახორციელა რიგი რეფორმებისა, რომლებმაც ხელი შეუწყო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ასევე 2016 წლის 1 ივლისს სრულად ამოქმედებული ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ძირითადი სფეროების განვითარებას. მოხდა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება; მიღებულ იქნა ადამიანის უფლებების დაცვის და ანტიდისკრიმინაციის სრულმასშტაბიანი საკანონმდებლო ჩარჩო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული სპექტრის შესასრულებლად საჭირო იქნება შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და პარალელურად, არსებული წესებისა და სტანდარტების თანამიმდევრულად შესრულება. ანგარიში ამბობს, რომ სწორედ ეს შექმნის იმის აუცილებელ გარანტიას, რომ საქართველოს მოქალაქეები დროთა განმავლობაში სრულად ისარგებლებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით და ზოგადად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებით.
ანგარიშის ეკონომიკური განვითარების შესახებ ქვეთავში ხაზგასმულია ის სარგებელი, რომელიც საქართველომ 2014 წლის სექტემბერში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წინასწარი ამოქმედების შემდეგ მიიღო. დღეს საქართველოს მთლიანი ვაჭრობის მეოთხედი ევროკავშირზე მოდის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ გაუქმდა საბაჟო ტარიფები და კვოტები; ამოქმედებამ ხელი შეუწყო, ასევე, საქართველოს ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას.
ანგარიშში აღნიშნულია, ასევე, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ნიშნული. ამის დასტურია ის თხოვნა, რომლითაც 2016 წლის მარტში ევროკომისიამ მიმართა ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, საქართველოს მოქალაქეები ვიზის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ. დამტკიცდა, რომ ევროკავშირი–საქართველოს სავიზო დიალოგი არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ეფექტური საშუალება გრძელვადიანი რეფორმების გზაზე.
ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგავრებაზე მიმართულ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დახმარებით. საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით მოქმედ სამხედრო და სამოქალაქო მისიებში, რითაც აძლიერებს ევროკავშირის, როგორც გლობალური უსაფრთხოების დამცველის როლს და ზდის ქვეყნების სიმტკიცეს მთელს მსოფლიოში.