THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დაამტკიცა

02.02.2017
Teaser

ევროპარლამენტის მიერ ხუთშაბათს მიღებული ახალი კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ იმოგზაურონ.

Text

საბოლოოდ ძალაში შესვლამდე, კანონმდებლობა ჯერ კიდევ საჭიროებს ევროკავშირის საბჭოს მიერ ოფიციალურად დამტკიცებას და ძალაში შევა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდგომ. შეჩერების მექანიზმი ითვალისწინებს სავიზო რეჟიმის დროებით აღდგენას მიგრაციის მკვეთრი ზრდის ან საზოგადოებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში.

აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა (ევროპის სახალხო პარტია, ბულგარეთი), აღიარა უვიზო რეჟიმის მისაღებად საქართველოს მიერ გატარებული "ვრცელი და კომპლექსური რეფორმები". მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისფულებას და მოქალაქეებს სიმტკიცისა და მოთმინებისთვის. აგრეთვე ხაზი გაუსვა დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირთან.

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ, ხოლო 28-მ თავი შეიკავა. შესაბამისად, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას 90 დღით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, საქმიანი, ტურისტული ან ოჯახის მონახულების მიზნით, თუმცა არა სამუშაოდ.

ტექსტში ნახსენებია, რომ თბილისმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა ნიშნული შეასრულა. აგრეთვე, ხაზგასმითაა ნათქვამი: "ევროკომისია ჯეროვან მეთვალყურეობას გაუწევს საქართველოს მიერ მსგავსი კრიტერიუმების მუდმივად შესრულებას, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით".

უვიზო რეჟიმი ვრცელდება შენგენის ზონაზე, ევროკავშირის 22 ქვეყანაზე (გარდა ირლანდიისა, გაერთიანებული სამეფოს, ხორვატიის, კვიპროსის, რუმინეთის და ბულგარეთისა) და ამასთანავე, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ტერიტორიებზე.

შემდგომი ნაბიჯები

საკანონმდებლო ცვლილება ამჯერად ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს და ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას "უარყოფითი" სიიდან "დადებითში", ანუ იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, საქართველო გადავა იმ ქვეყნების სიაში, რომელიც ვიზის მოთხოვნისგან გათავისუფლებულია. ხელმოწერის შემდგომ, ტექსტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ძალაში შევა შეჩერების განახლებული მექანიზმის ამოქმედების დღეს. შეჩერების მექანიზმი პარლამენტმა 15 დეკემბერს დაამტკიცა, თუმცა საკანონმდებლო ტექსტების ყველა ოფიციალური თარგმანი ჯერ არ შესრულებულა.

კატეგორია
Press releases
Location

ბრიუსელი

Editorial sections
Georgia