EU4Business ინიციატივის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ავეჯის ინდუსტრიაში კლასტერულ განვითარებას
ა.წ. 1 მარტს „ხელოსანთა ქალაქის“ წარმომადგენლების მონაწილეობით სემინარი გაიმართა, რომლის თემას საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის კლასტერული განვითარების პოტენციალის განხილვა წარმოადგენდა. სემინარი გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინა-რე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის „EU4Business“ ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვ-დომობას.
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალი-ბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას ბიზნეს კლასტერების მეშვეობით. სწორედ ამან განაპირობა „ხელოსანთა ქალაქის“, როგორც ავეჯის მწარმოებელთა უკვე არსებული გეოგრაფიული აგლომერაციის, პროექტის ბენეფიციარად შერჩევა. კლასტერული განვითარების პოტენციალის პირველად შეფასებას მოჰყვა უფრო სიღრისეული ანალიზი, რის საფუძველზეც პროექტმა ამ სექტორში კლასტერული განვითარების მიზანშეწონილობა განსაზღვრა. შედეგად, შემუშავდა მხარდაჭერის არსებითი პაკეტი, რაც მოიცავს სემინარებს, ვიზიტებს, ტრენინ-გებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს. ამ მხარდაჭერის გზით ქართველი ავეჯის მწარმოებლები გაეცნობიან დიზაინისა და ავეჯის წარმოების თანამედროვე საერთაშორისო ტენდენციებს და მოხდება მათი საერთაშორისო პროცესებში ინტეგრირება.
სემინარს წინ უძღოდა ა.წ. იანვარში ქართველი დიზაინერებისა და ავეჯის მწარმოებლების ვიზიტი გერმანიის ქალაქ კიოლნში, სადაც ყოველწლიურად ავეჯისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა - IMM Cologne იმართება. კიოლნში ვიზიტის შემდეგ, მათ კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ, უკვე სემინარის ფარგლებში, შეხვედროდნენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბულგარული ავეჯის კლასტერის ხელმძღვანელს ქ-ნ ჟენევევა ქრისტოვას. მან მონაწილეებს ავეჯის მსოფლიო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციები გააცნო და ისაუბრა განვითარებულ ბაზრებზე შეღწევის სტრატეგიაზე, რომელიც მსხვილი დაკვეთების კლასტერული გაერთიანების პრინციპით შესრულებას ითვალისწინებს.
სემინარს ქართული ავეჯის ინდუსტრიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, რომელთა უმრავლესობა უკვე მუშაობს კლასტერული პრინციპით „ხელოსანთა ქალაქში“, თუმცა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.
„შვიდი წელია ვამუშავებ მცირე ავეჯის საამქროს „ხელოსანთა ქალაქში“, მაგრამ დღეს სრულიად უცნობი მეავეჯე საამქროები აღმოვაჩინე ამ ტერიტორიაზე. ხშირად გვაქვს ისეთი შეკვეთები რომლებსაც ჩვენი რესურსი არ ყოფნის, ვფიქრობ საინტერესო იქნება ძალების გაერთიანება ასეთ შემთხვევებში. მთავარია სანდო პარტნიორის მოძიება. ასეთი შეხვედრები თუ კიდევ ჩატარდა ძალიან დაგვეხმარება“ - ამბობს ავეჯის საამქროს - შპს „ფარაონი“ დირექტორი გოჩა გიორგაძე.
ღონისძიების დროს დისკუსიაში ასევე ჩაერთო ავეჯის და ინტერიერის დიზანიერთა შემოქმედებითი ჯგუფი, მოხდა ქართული დიზაინით შესრულებული ავეჯის ნიმუშების დემონსტრირებაც. მხატვარი და გალერეა „ნექტარის“ მფლობელი ნინო სეხნიაშვილი, რომელიც ასევე კითხულობს ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე, ამბობს, რომ საქართველოში კარგი პოტენციალი არსებობს შემოქმედებითი კადრების კუთხით, მაგრამ მათ აკლიათ დიზაინის პრაქტიკული განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, უნარები და ასევე ინფრასტრუქტურა. „შედეგად, ხშირად ვიღებთ ისეთი ტიპის ავეჯის დიზაინს რომელიც მიმზიდველია ვიზუალურად, მაგრამ გაუმართავი ერგონომიულად და შესაბამისად შეზღუდული ფუნქციონალობის არის“ - ასკვნის იგი.