ევროპოლმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ტერორიზმთან გასამკლავებლად
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმით გამოწვეული მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად, ხელშეკრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას, რაც ასევე მოიცავს ეჭვმიტანილ დამნაშავეთა პირად მონაცემებს და ამასთანავე, ოპერატიული ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას. ხელშეკრულება მოიცავს ევროპოლის მანდატში შემავალ დანაშაულის ყველა სფეროს. საქართველო დანიშნავს საკონტაქტო პირს ეროვნულ დონეზე, რომელიც ითავებს ევროპოლსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის კავშირის დამყარებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი: "ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო სრულად ითანამშრომლებს ევროპოლთან და აგრეთვე, გააძლიერებს სამართალდაცვის სფეროში არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით".
ევროპოლის დირექტორი, რობ უეინრაითი: "ევროპოლს განზრახული აქვს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება და აღიარებს, რომ სამართალდაცვის სფეროში ეფექტური თანამშრომლობა საქართველოს ევროკავშირთან მზარდი ურთიერთობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია."
"ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერით დასრულდა წარმატებული მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროპოლს შორის ძალების ეფექტურ შერწყმასთან დაკავშირებით, როგორც მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან, აგრეთვე ტერორიზმთან საბრძოლველად. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, თანამშრომლობის ეს ახალი ეტაპი მნიშვნელოვანი იქნება დანაშაულის ძირითად სფეროებთან გასამკლავებლად, რომელთაც გავლენა აქვთ ევროკავშირზეც და საქართველოზეც. ეს სფეროებია, ნარკო-ტრეფიკინგი, ქონებასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და მიგრანტების ფარული გადაადგილება.
საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დაამტკიცა ევროკავშირის საბჭომ და მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა. მას ხელი მოეწერა 4 აპრილს, თბილისში. ხელშეკრულება ძალაში შევა საქართველოს მიერ რატიფიცირების შემდეგ.