THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ტექნოპარკში გამართული „ევროპის მეწარმეთა ქსელის საინფორმაციო დღე“ ევროკავშირის ქვეყნებთან ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

18.05.2017
Teaser

ევროპის მეწარმეთა ქსელის (Enterprise Europe Network) საინფორმაციო დღე გამიზნული იყო მცირე და საშუალო საწარმოებისა და დამწყები კომპანიების (სტარტაპები) წარმომადგენელთათვის. 80-ზე მეტ მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია ევროპის მეწარმეთა ქსელის შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ, ევროპის ქვეყნებში არსებული პოლიტიკისა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმირების და კონსულტაციის, ტექნოლოგიების გადაცემის პროცესში დახმარების, ფინანსებზე, კვლევის, განვითარებისა და ინოვიაციების (R&D&I) ევროპულ პროგრამებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით.

Text

ორგანიზატორებს შორის იყვნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), სსიპ „აწარმოე საქართველოში“ (Enterprise Georgia) და ევროპის მეწარმეთა ქსელი. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.  „საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და რესურსების მეშვეობით მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის დღის წესრიგის შემუშავების პროცესის ფართო მხარდაჭერისთვის. ევროპის მეწარმეთა ქსელი არის საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ქსელი ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საწარმოო სფეროში კერძო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ექსპორტის ხელშეწყობისთვის. იმედი მაქვს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები, და ასევე მსხვილი კომპანიები ისარგებლებენ ევროპის მეწარმეთა ქსელის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიერ შექმნილი შესაძლებლობებით.“ - განაცხადა ბ-ნმა ჩერქეზიშვილმა.

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), საქართველოს მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა მოახდინოს საქართველოს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური საქმიანობის სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროკავშირის პროგრამებთან.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, ქვეყნის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას უფრო აქტიურად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტ 2020”-სა და ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად მცირე და საშუალო მეწარმეთა, ინოვაციურ და სამეცნიერო საზოგადოებას შორის, მ.შ.  საინფორმაციო დღეების ორგანიზების გზით.

„საქართველოს უკვე აქვს წვდომა ევროკავშირის რამდენიმე პროგრამასა და ფინანსურ ინსტრუმენტზე, მათ შორის ევროპის მეწარმეთა ქსელზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქსელის საკონტაქტო პირებს წარმოადგენენ საქართველოში. შესაბამისად, მათ შეუძლიათ განათავსონ ქართული კომპანიების ბიზნეს წინადადება ქსელის პლატფორმაზე, დაეხმარონ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენებაში.“ - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პირველი კატეგორიის მრჩეველმა ქ-ნმა ანა გუგუშვილმა. 

 „ადგილობრივი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების კომბინაცია ევროპის მეწარმეთა ქსელის წარმატების გასაღებია. ჩვენ ვიწვევთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ წარმატების ნაწილი გახდეს.“ - განაცხადა საერთაშორისო კონსულტანტმა ქ-ნმა ანეტ მორიცმა, რომელმაც დამსწრეთ ევროპის მეწარმეთა ქსელის წევრობის უპირატესობები და პრაქტიკული მაგალითები გააცნო.

„მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის შესახებ: პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივის „EU4Business“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „EU4Business“ ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ: EEN არის 600- ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარი ქსელი, რომელიც მოიცავს სავაჭრო პალატებს, ბიზნესის განვითარების სააგენტოებსა და საუნივერსიტეტო ტექნოლოგიურ ცენტრებს. 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 28 წევრ და დანარჩენ ასოცირებულ ქვეყნებში, ქსელი კომპანიებს სთავაზობს საკითხების კონკრეტულ და ეფექტურ გადაწყვეტას.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.een.ec.europa.eu.

კატეგორია
Press releases
Location

Tbilisi

Editorial sections
Georgia