წარმატების ათწლეული: ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავს დიდი მოცულობის ახალი სესხებით აღნიშნავს
250 მილიონი ევროს მოცულობის სესხი, რომელსაც EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, მაროშ შევჩოვიჩის თანდასწრებით, გამოყენებულ იქნება საქართველოს პრიორიტეტული საგზაო ინფრასტრუქტურის გასაახლებლად. ამასთანავე, ევროკავშირის ბანკი 3.5 მილიონი ევროთი ზრდის მხარდაჭერას საქართველოს უდიდესი ჰიდროენერგიის კომპლექსის - ვარდნილი-ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების დასაფინანსებლად.
ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა", ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ამ ბანკმა უკვე 21 პროექტს დაუჭირა მხარი, საერთო ჯამში 1.5 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სესხით. 2015 წელს თბილისში EIB-ის რეგიონული ოფისი გაიხსნა.
"წელს, საქართველოში საქმიანობის ათი წლის იუბილეს აღვნიშნავთ – ათ წარმატებულ წელს მას შემდეგ, რაც ჩარჩო შეთანხმება გავაფორმეთ მთავრობასთან და ინვესტიციების განსახორციელებლად პროექტების მოძიება დავიწყეთ. ჩვენი საბოლოო მიზანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული ცხოვრების დონე. შესაბამისად, დღეს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმებები პირდაპირ ამ მიზნებისკენაა მიმართული," – განაცხადა ბატონმა ჰუდაკმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბატონმა მაროშ შევჩოვიჩმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა: "ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმებითა და მისი ეკონომიკური ნაწილით - ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ევროკავშირის მცდელობა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას, მდგრადობას და ენერგოსექტორის გარდაქმნას, არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი საზღვრებით. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკული კავშირი ევროკავშირის საზღვრებს სცდება, რაც ასევე მოიცავს საქართველოს - ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელოვან პარტნიორს. დღეს ხელმოწერილი საინვესტიციო სესხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სუფთა ენერგიის მოხმარებას, მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის."
პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: "საქართველოში საქმიანობის ათი წლის განმავლობაში EIB იქცა საჯარო სექტორის წამყვან დამფინანსებლად და ჩვენ დიდად ვაფასებთ ბანკთან არსებულ თანამშრომლობას. EIB-ის საქმიანობა ქვეყნის საჭიროებებზეა მორგებული და გვჯერა, რომ ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. ამასთანავე, ყველასათვის ცნობილია, რომ კერძო სექტორი საკვანძო როლს ასრულებს ეკონომიკურ ზრდაში, დასაქმებასა და ინოვაციაში. შესაბამისად, გვსურს, რომ EIB-მ გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექტორში".
250 მილიონი ევრო ბოლო ტრანშია იმ 500 მილიონი ევროს მოცულობის ჩარჩო სესხისა, რომელიც გათვალისწინებულია დაახლოებით 253 კმ სიგრძის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი პრიორიტეტული გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის, რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ 2017-2020 წლებისთვის.
პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს საგზაო უსაფრთხოების ელემენტებს, გააუმჯობესებს როგორც შიდა მობილობას, ასევე საერთაშორისო ურთიერთკავშირს, კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, გაფართოებული ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის მეშვეობით. ეს გააძლიერებს სასიცოცხლო კავშირებს საქართველოს, უკრაინასა და ევროპას შორის შავი ზღვის პორტების გავლით, აგრეთვე სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებით. პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უფრო ეფექტური, საიმედო და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მოსატანად.
ვარდნილი-ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისთვის EIB-ის მხარდაჭერა დანამატია იმ 20 მილიონ ევროს სესხზე, რომელიც ბანკმა 2010 წელს გამოყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში EIB-ის საქმიანობის ევროკავშირის პოლიტიკის თანახმად, რაც თავის მხრივ მხარდაჭერილი იყო ევროკომისიის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტით. დამატებითი 3.5 მილიონი ევროს დაფინანსება ხელს შეუწყობს სარეაბილიტაციო სამუშაოების, ისევე როგორც ელექტრო- და ჰიდრო-მექანიკური სამუშაოების დასრულებას. ეს დამატებითი სესხი უზრუნველყოფს პროექტის დასრულებას, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს ჰიდროელექტროენერგიით მომარაგებაზე.