THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქალაქ ბათუმში პირველად საჯარო ტრანსპორტში ელექტრო ავტობუსების გამოყენებას

13.07.2017
Teaser

E5P ფონდიდან მიღებული გრანტის მეშვეობით, რომელშიც ევროკავშირს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხის წყალობით, ბათუმი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც საჯარო ტრანსპორტში ელექტრო ავტობუსები ეყოლება.

Text

E5P-ის გრანტი 4 მილიონ ლარს (1.5 მილიონი ევრო) აჭარბებს და გამოყენებული იქნება 10 ახალი ელექტრო ავტობუსის შესაძენად. ევროკომისია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად: ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, გერმანია, ლიტვა, პოლონეთი და შვედეთი ამ ფონდში უდიდესი წვლილის შემტანები არიან. ასევე სხვა დონორები არიან: ნორვეგია, TaiwanBusiness-EBRD-ის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი და ა.შ.შ. E5P ფონდში საქართველოსაც შეაქვს წვლილი 1 მილიონი ევროს მოცულობით.

ბათუმში ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა: "ევროკავშირი ხელს უწყობს გლობალურ გადართვას სუფთა ენერგიის მოხმარებაზე და ეს ელექტრო ავტობუსები ამის შესანიშნავი მაგალითია. ტრანსპორტის სფეროში სუფთა ენერგიაზე გადართვა უკვე მიმდინარეობს და მიხარია, რომ ბათუმი ამ მხრივ მოწინავეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში".

"ტრანსპორტირება ჩვენი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, სუფთა და მწვანე ტრანსპორტირებაზე გადართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პირველი შემთხვევაა კავკასიაში, როდესაც ელექტრო ავტობუსები იქნება გამოყენებული და მიხარია, რომ ეს ბათუმში მოხდება. ვამცირებთ ჰაერის დაბინძურებას და ამასთანავე, თითოეულ მგზავრს, იქნება ეს ადგილობრივი მოსახლე თუ მუდმივად მზარდი ტურისტების რაოდენობა, ვაძლევთ უფრო სუფთა და ასევე წყნარი გადაადგილების საშუალებას. დიდი მადლობა EBRD-ს ამ პროექტის მხარდაჭერისათვის, რაც გაცილებით უკეთ წარმოაჩენს ამგვარი ტექნოლოგიის ეფექტს და შექმნის საქართველოსა და მთელ რეგიონში მისი გავრცელების პოტენციალს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

ფრენსის მელიჟმა, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა: "ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც EBRD მხარს უჭერს ელექტრო ავტობუსების პროექტს და მსგავსი ავტობუსები პირველად იქნება გამოყენებული კავკასიაში. ჩვენი მიზანია, ამ პროექტის წარმატებით განხორციელების საფუძველზე, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ გარემოსა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა".

"ბათუმს დიდი ამბიცია აქვს კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილების მიმართ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მის შესასრულებლად. ამ პროექტის განხორციელებით, ბათუმი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც ელექტრო ავტობუსები დაინერგება. დარწმუნებული ვარ ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქალაქი იქცეს მიმზიდველ, რიგიანი საცხოვრებელი პირობების მქონე ადგილად, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე აქ ჩამოსული უამრავი ტურისტისთვის," - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა, ბათუმის მერმა.

ეს პროექტი წარმოადგენს EBRD-ის "მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამის" ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებში "მწვანე" ინვესტიციების განხორციელებას და ხელმისაწვდომია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბანკი საქმიანობს. პროექტის ფარგლებში, EBRD ასევე გამოყოფს 0.8 მილიონ ევროს ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისთვის, რათა ხელი შეუწყოს ბათუმისთვის "მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმის" შემუშავებას, კორპორაციულ განვითარებას და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამას.

 

ზოგადი ინფორმაცია E5P-ის შესახებ:

E5P არის 180 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ფონდი დაფინანსებული სხვადასხვა დონორის მიერ, რომელიც საქმიანობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ, სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ევროკავშირს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ფონდში - 70 მილიონი ევროს მოცულობით. საქართველოში E5P ფონდისთვის ევროკავშირს გამოყოფილი აქვს 10 მილიონი ევრო, რომელსაც ემატება სხვა შემოწირულობები შემდეგი ქვეყნებიდან, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, გერმანია, საქართველო, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი, ასევე TaiwanBusiness-EBRD-ის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი და ა.შ.შ. გამოყოფილი სახსრები მიზნად ისახავს საქართველოში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობას, ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასა და პოლიტიკის დიალოგს, ხოლო ამასთანავე, დადებით გავლენას ახდენს გარემოზე.

E5P ინიციატივის ძირითადი მიზანია სესხების მხარდაჭერა გრანტებით, რომლებიც მიმართულია მუნიციპალური ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პროექტებისადმი, როგორიცაა მაგალითად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, ქუჩის განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და საჯარო შენობების სითბური იზოლაცია.

კატეგორია
Press releases
Location

Batumi

Editorial sections
Georgia