პასუხი დამოუკიდებელი მედიის გამოწვევებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
კონფერენცია, რომელზეც შეიკრიბება 350 პროფესიონალი და დონორი აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის წევრი და სხვა სახელმწიფოებიდან, დამსწრეებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას, რომლის საშუალებით განისაზღვრება ჯანსაღი მედია გარემოს დამაბრკოლებელი გარემოებები, განიხილება მათი გადაჭრის გზები და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საუკეთესო მხარდაჭერის საშუალებები ამ ქვეყნებში ევროკავშირის და სხვა დონორების მხრიდან.
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა თავის ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელზეც ჩვენი კავშირია დამყარებული. ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი პრესა უმნიშვნელოვანესია წარმატებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. დღევანდელი კონფერენცია ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას პარტნიორ ქვეყნებთან პლურალიზმის და მედიის დამოუკიდებლობის საკითხზე“.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროკომისიისა და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის მიერ, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერით.
გასული ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირმა დაახლოებით 30 მილიონი ევრო დახარჯა და გამოყო ასიგნებების სახით მედია ინიციატივების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა დემოკრატიული საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, ხოლო ევროკავშირი კვლავაც თავისუფალი და პლურალისტური მედია-გარემოს პრინციპების ზედმიწევნით ერთგულია მის სამეზობლოში.
კონფერენციაზე განხილული იქნება ჟურნალისტებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლა აღმოსავლეთ სამეზობლოში. მონაწილეები განიხილავენ ახალი ამბებისა და სიუჟეტების წარმოების საკითხებს ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად და ასევე ისაუბრებენ იმ სირთულეებზე, რომლებიც დგას მათ წინაშე საჯარო მაუწყებლობის სექტორების რეფორმირებისას.
კერძოდ, კონფერენციაზე განხილული იქნება მედია-საშუალებების სტაბილურობის ზრდის და ჟურნალისტების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მეთოდები. განხილული იქნება სადეზინფორმაციო კამპანიების და სოციალური მედიით გავრცელებული მიკერძოებული და მცდარი ინფორმაციის გამო არსებული გამოწვევები, განსაკუთრებული აქცენტით იმაზე, თუ როგორ შეუძლია მედიას დაეხმაროს კრიტიკული აზროვნების განვითარებას საზოგადოებაში.
ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) უმასპინძლებს კონფერენციის წინა ღონისძიებას, რომელზეც დამსწრეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის საკითხში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ღონისძიების ძირითადი თემა იქნება დამოუკიდებელი მედია-საშუალებების როლი სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტების და საზოგადოების ტრანსფორმაციის პირობებში.
ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) არის კერძო გრანტების გამცემი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოების და ევროპული ინსტიტუტების მიერ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-2 მედია-კონფერენცია ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტისთვის მზადების ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში ჩატარდება. კონფერენციის დისკუსიები და პრაქტიკული შედეგები შექმნის საკითხების შემდგომი განხილვის საფუძველს სამიტზე.