საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მხარდამჭერი ევროკავშირის დაძმობილების პროექტი დასრულდა
დღეს, თბილისში გაიმართა დახურვის ცერემონია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტისა სახელწოდებით: "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საკანონმდებლო რეგულაციების დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან".
პროექტი 26 თვეს გაგრძელდა, ხოლო მისი ბიუჯეტი 1.23 მილიონ ევროს (3.6 მილიონ ლარს) შეადგენდა. იგი განახორციელეს ავსტრიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ - Austro Control GmbH და ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აღნიშნული გამოიხატებოდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხარდაჭერაში ევროპული რეგულაციებისა და მოთხოვნების დასანერგად, რაც თავის მხრივ ეფუძნება საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებულ საერთო საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას.
პროექტის აქტივობათა შედეგად გაუმჯობესდა საქართველოს სამოქალქო ავიაციის სისტემის დაცულობა და უსაფრთხოება. აგრეთვე, მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული სამოქალქო ავიაციის სისტემაში შესაბამისი ევროპული სტანდარტების გადმოსაღებად და საქართველოს სამოქალქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.
"მართალია ავიაციის სფეროს შემდგომი გაძლიერებისთვის ყოველთვის არის საშუალება, თუმცა დღევანდელი სურათით, ავიაციის სააგენტო საგრძნობლად გაძლიერდა და გათანამედროვდა. ღრმად გვწამს, რომ ეს დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, მის მოქალაქეებსა და თვით ამ სფეროს, შეიქმნება ახალი შესაძლებლობები საჰაერო ტრანსპორტისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის," - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კაიდო სირელიმ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სამოქალქო ავიაციის სააგენტოში განხორციელდა 151 ვიზიტი (სამუშაო შეხვედრებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე) 41 სხვადასხვა ევროპელი ექსპერტის მონაწილეობით, ისევე როგორც სააგენტოს თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტები Austro Control GmbH-თან ვენაში, ავსტრიაში, ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ზაგრებში, ხორვატიაში და აერონავიგაციის მომსახურებათა ფედერალურ საზედამხედველო ორგანოში, ლანგენში, გერმანიაში.
დახურვის ცერემონიაზე მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბ-ნი გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე, ბ-ნი კაიდო სირელი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება არად ბენკო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ბ-ნი გურამ ჯალაღონია, ამავე სააგენტოს პროექტის ხელმძღვანელი, ბ-ნი ლევან კარანაძე, Austro Control GmbH-ის პროექტის ხელმძღვანელი, ბ-ნი ვილჰელმ იაგრიჩი, ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პროექტის უმცროსი ხელმძღვანელი, ბ-ნი დამირ მიკა, და დაძმობილების პროექტის მუდმივი მრჩეველი, ბ-ნი გეროლდ ფუქსი.
დაძმობილების პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სექტორის ექსპერტული ცოდნა მიაქვს ბენეფიციარ ქვეყნებამდე, რაც მიზნად ისახავს კონკრეტული შედეგების მიღებას კოლეგიალურ დონეზე განხორციელებული აქტივობების მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
თამრიკო მიქაძეს, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერს
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში