ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის
გეგმის წარდგენა გაიმართა 2017 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის (თბილისი) შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. სიამაყით ვაცხადებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მარიანი“ ერთად. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
„მისასალმებელია, რომ საქართველოს საჯარო სივრცე სულ უფრო მეტად იხსნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობას წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, იუსტიციის სახლების, იურიდიული დახმარების ცენტრების და ამჯერად უკვე პარლამენტის შენობის ადაპტირებაში“, - თქვა დოროტა დლოუხი-სულიგამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
საქართველოს პარლამენტის ხელმისაწვდომობის გეგმის, ასევე სხვა საკანონმდებლო ღიაობის ინიციატივების შესახებ ისაუბრეს ირინე ფრუიძემ - ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა - პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, და მარიამ მიქიაშვილმა - ორგანიზაციის „მარიანი“ ხელმძღვანელმა.
გეგმაში დეტალურადაა აღწერილი პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები, როგორიცაა პანდუსებისა და ამწე-პლატფორმების დამონტაჟება, ტაქტილური ბილიკებისა და რუკების, ხმოვანი სანავიგაციო სისტემების შემოღება. დაგეგმილი ცვლილებები შეეხება საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობის ყველა საკვანძო სივრცეს, მათ შორის, შესასვლელებს, კიბეებს, სხდომათა დარბაზებს, ბრიფინგების ოთახებს, სანიტარულ-ჰიგიენურ კვანძებსა და კაფეტერიებს.
ხელმისაწვდომი პარლამენტის გეგმის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო ღიაობის წლევანდელ მსოფლიო კვირეულს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 20-30 ნოემბერს მიმდინარეობს.
ხელმისაწვდომი პარლამენტი 2015 წელს მიღებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპებს ეყრდნობა. 2017 წლის ოქტომბერში საქართველომ ერთი წლით ჩაიბარა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური თავმჯდომარეობა. საქართველო აგრეთვე შედის იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე.
აკონტაქტო ინფორმაცია
ანა გოჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი | 599-999908 | agochashvili@parliament.ge
თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში | 2943763 | tamriko.mikadze@eeas.europa.eu
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო | 599-196907 | sophie.tchitchinadze@undp.org