სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია: ევროკომისიის ანგარიშები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებული უვიზო მიმოსვლის შესახებ
დღეს, ევროკომისია წარადგენს ანგარიშს უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის (მოლდოვა, საქართველო და უკრაინა) ქვეყნებთან. ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება, თუმცა მაინც დგას რამდენიმე კონკრეტულ სფეროში მოქმედების საჭიროება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ხანგრძლივვადიანი და მდგრადი განხორციელება.
ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა: "მოწადინებული ვართ, რომ შევუნარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საკითხს პასუხისმგებლობაც ახლავს, როგორც მოქალაქეების, ასევე შესაბამისი უწყებების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ამ ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო წინსვლის შენარჩუნებასა და რეფორმებიდან კონკრეტული შედეგების მიღებაზე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მოველით, რომ ყველა ეს ქვეყანა გააძლიერებს უკანონო მიგრაციის და, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.“
საქართველოსთან მიმართებაში ვროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა: მივესალმები საქართველოს ძალისხმევას, შეინარჩუნოს მიღწეული წინსვლა და რეფორმებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს, თუმცა დამატებითი ძალისხმევა აუცილებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, მყისიერად აამოქმედოს ევროპოლთან თანამშრომლობის შეთანხმება, კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსსასაზღვრო სამართალდამცავი ღონისძიებები და სამართლებრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, უფრო ინტენსიურად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ზომები. "
დღევანდელი ანგარიში წარმოადგენს პირველ შეფასებას მონიტორინგის ახალი მექანიზმის ფარგლებში იმ რვა ქვეყნისთვის, რომელთაც დაასრულეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ევროკავშირთან. შეფასება ცხადყოფს, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვავე ქვეყანამ გამოავლინა მტკიცე ნება საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არაერთი საფუძვლიანი რეფორმის განსახორციელებლად, რომლებიც განსაზღვრული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ახლა, აუცილებელია მოხდეს აღნიშნული რეფორმების შენარჩუნება, რომ ამ ქვეყნებში მიღწეული შედეგები არ დაიკარგოს. დღევანდელი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, რომლებშიც დამატებითი მოქმედებაა საჭირო, განსაკუთრებით უკანონო მიგრაციისა და რეადმისიის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით.
უკანონო მიგრაციის შეჩერების ძალისხმევა შედეგს იძლევა და უნდა გაგრძელდეს
რვავე ქვეყანა აგრძელებს ზომების მიღებას უკანონო მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად, რაც შედეგს იძლევა. ამ ძალისხმევამ შედეგად გამოიღო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის საკმაოდ თვალსაჩინო შემცირებამ ზემოხსენებული ქვეყნისმოქალაქეთა მხრიდან. თუმცა, გამოწვევები კვლავაც რჩება, განსაკუთრებით ალბანეთის შემთხვევაში. უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელიდან ყველაზე მეტი დაუსაბუთებელი განაცხადი შემოდის თავშესაფრის მოთხოვნაზე. ალბანეთის ხელისუფლება აქტიურად აძლიერებდა ზომებს უკანონო მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად და აუმჯობესებდა თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებშიც განაცხადების რაოდენობა ყველაზე მეტი იყო. უნდა მოხდეს ამ ძალისხმევის შენარჩუნება, რათა უვიზო მიმოსვლის განხორციელებას საფრთხე არ დაემუქროს. შესვლაზე უარის თქმისა და უკანონოდ დარჩენის მერყევი რიცხვების გათვალისწინებით, ევროკომისია მოუწოდებს ყველა ამ ქვეყანას განახორციელოს კონკრეტული ქმედებები, დაწყებული სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებით და დამთავრებული უვიზოდ მოგზაურობის შესახებ საინფორმაციო კამპანიებით.
თანამშრომლობა რეადმისიის ფარგლებში შეუფერხებლივ მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის მქონე ყველა ქვეყანასთან, საერთო ჯამში დაბრუნების მაღალი მაჩვენებლით. დაბრუნებაზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ევროკომისია მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს განაგრძოს რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტური განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში, გააფორმოს განხორციელების ოქმები დამატებით წევრ ქვეყნებთან.
მეტი მუშაობაა საჭირო კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად
მიუხედავად ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევისა, დანაშაულებრივი ჯგუფები ზემოხსენებული უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივ ქმედებებში ევროკავშირის მასშტაბით, რაც მოიცავს ადამიანებით და აკრძალული საქონლით ვაჭრობას, საკუთრების ხელყოფას, მიგრანტთა კონტრაბანდას და კიბერდანაშაულს. რვავე ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის პრობლემის გადასაჭრელად.
რაც შეეხება კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და მის აღკვეთას, განსაკუთრებით მოლდოვას ესაჭიროება მყისიერი მოქმედება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა ხანგრძლივვადიანი განხორციელება და აქამდე გატარებული რეფორმების მდგრადობა. ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინამაც მყისიერად უნდა იმოქმედოს წინა რეფორმებით დანერგილი ანტიკორუფციული ზომების გასატარებლად და შემდგომი წინსვლის უზრუნველსაყოფად.
ევროკომისია კიდევ ერთხელ წარუდგენს ანგარიშს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 2018 წელს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა განგრძობადი შესრულების შესახებ.
ზოგადი ინფორმაცია
დღევანდელი ანგარიში პასუხობს ევროკომისიის კანონიერ ვალდებულებას სავიზო რეჟიმის შეჩერების გაძლიერებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის მარტში იქნა მიღებული და ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა შესრულების უწყვეტ მეთვალყურეობას, აგრეთვე ამ საკითხებზე ანგარიშგებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთან სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შეფასება შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და გზამკვლევების თანახმად. ესენია, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები.
დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში, ახალი ანგარიში ანაცვლებს წინა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომ მონიტორინგის ანგარიშებს და მოიცავს პერიოდს ბოლო ასეთი ანგარიშიდან, რომელიც 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემთხვევაში, ანგარიში მოიცავს პერიოდს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესის საბოლოო ანგარიშიდან, რომელიც 2013 წლის დეკემბერში იქნა მიღებული მოლდოვასთვის, ხოლო 2015 წლის დეკემბერში - საქართველოსა და უკრაინისთვის.
მონტენეგროს, სერბეთისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა 2009 წლის დეკემბრის შემდეგ შეუძლიათ. ალბანეთისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს კი ამის შესაძლებლობა 2010 წლის მიწურულიდან აქვთ. მოლდოვას რესპუბლიკისთვის უვიზო მიმოსვლა 2014 წლის აპრილიდან ამოქმედდა, საქართველოსთვის - 2017 წლის მარტიდან, ხოლო უკრაინისთვის 2017 წლის ივნისიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიში: კითხვები და პასუხები