ევროკავშირი მხარს უჭერს სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ შემაჯამებელ კონფერენციაზე, პროექტის კონსორციუმმა წარმოადგინა პროექტის მიმდინარეობის პროცესში მიღწეული შედეგები და განიხილა ამ შედეგების მნიშვნელობა სოციალური მუშაობის პროფესიის სამომავლო განვითარებისთვის რეგიონში.
კონფერენციის გახსნის სესიაზე, ვინსენტ რეიმ, საქართელოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა, განაცხადა: „ამ პროექტის მეშვეობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალურ მუშაკთა ადგილობრივმა ასოციაციებმა გააუმჯობესეს და გააფართოვეს საკუთარი მომსახურებები. პროფესიონალური და ხელმისაწვდომი სოციალური მუშაობის მომსახურებები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პოზიტიური სოციალური ცვლილების განხორციელების პროცესში. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ სოციალურ მუშაკთა ასოციაციების ძალისხმევას, გააძლიერონ მოწყვლადი ჯგუფები და ოჯახები საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის რეგიონებში.“
გერჰარდ შაუმბერგერმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, განაცხადა: „ჩვენ გვეამაყება, რომ წვლილი შეგვაქვს სოცილური მუშაობის პროფესიის გაძლიერებაში საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში. სოციალური მუშაკები საზოგადოების უმნიშნელოვანესი წევრები არიან, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ, რათა შეუმსუბუქონ ადამიანებს ტანჯვა და გააუმჯობესონ მათი ცხოვრება. მიისწრაფვიან რა სოციალური ცვლილების ხელშეწყობისა და ადამიანების გაძლიერებისკენ, სოციალური მუშაკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომელთაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.“
კონფერენციის გახსნის სესიაზე, ნინო შატბერაშვილმა, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, განაცხადა: „სოციალური მუშაობა მხარდამჭერი პროფესიაა - იგი მხარს უჭერს ადამიანებს მათი სოციალური უფლებების განხორციელებაში და დიდწილად, ეხმარება სახელმწიფოს იმ მოლოდინების რეალიზებაში, რომლებიც ადამიანებს სახელმწიფოს მიმართ აქვთ მათი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ეს პროფესია ძალიან ძლიერია. იგი მხარს უჭერს და ცვლის კეთილდღეობის სისტემებს.“
პროექტის მიღწევები
რეგიონში სოციალური რეფორმების აქტუალური საკითხებისა და სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარების განხილვასთან ერთად, კონფერენციაზე წარმოადგინეს პროექტის „სოციალური მუშაკების თანამშრომლობა სოციალური ცვლილებისთვის“ ძირითადი შედეგები და მიღწევები:
სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში სოციალური მუშაკების ასოციაციების ორგანიზაციული შესაძლებლობები გაიზარდა და გაუმჯობესდა მათი საინფორმაციო მომსახურებები და წვდომა მათ 10.500 წევრსა და მხარდამჭერზე, გაძლიერდა თანამშრომლობა 160 ადგილობრივ ორგანიზაციასთან, რისი მიზანიც ამ ორგანიზაციების მიერ უფრო ეფექტური, მიზანმიმართული და კოორდინირებული მომსახურებების მიწოდებაა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და ასევე, ასოციაციებმა ჩამოაყალიბეს და წარმატებული ლობირება გასწიეს 16 ახალ პროფესიულ კონცეფციასა და დოკუმენტზე, რომლებიც სოციალურ სფეროში სტანდარტების, კანონებისა და რეგულაციების გაუმჯობესებას ეხება.
დამატებით, 15 მცირე გრანტი გაიცა 24 ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაზე სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში. მცირე გრანტების საერთო ბიუჯეტმა 540.000 ევრო შეადგინა, თითოეული ინდივიდუალური გრანტის ოდენობა კი, საშუალოდ, 36.000 ევრო იყო. მცირე გრანტებით დაიფარა 8 რეგიონი საქართველოში, 5 რეგიონი სომხეთში და 9 რეგიონი მოლდოვაში. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები და უნარები გაიზარდა სოციალური მუშაობისა და მომსახურების მიწოდების, სხვა ჩართულ/დაინტერესებულ მხარეებთან სექტორთაშორისი თანამშრომლობისა და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების კუთხით, რისი მიზანიც ოჯახების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა. მცირე გრანტების პროგრამამ მოიცვა, დაახლოებით, 3500 უშუალო ბენეფიციარი და დაინტერესებული/ჩართული პირი (სოციალური მუშაკები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებები, მედია და ა.შ.); ასევე, დაარსდა 81 ფუნქციური მექანიზმი სააგენტოთაშორისი/სექტორთაშორისი თანამშრომლობისთვის ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე, რომელთა მიზანიც სათანადო საჭიროების მქონე ოჯახებისა და ბავშვებისთვის მიზნობრივი მომსახურების უფრო ეფექტურად და ეფექტიანად მიწოდებაა, შეიქმნა 44 სახელმძღვანელო / ბროშურა / ტრენინგის მოდული და ჩატარდა, დაახლოებით, 200 საინფორმაციო შეხვედრა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიება.
ძირითადი მონაცემები პროექტის შესახებ
ევროკავშირი და ავსტიის განვითარების სააგენტო მხარს უჭერენ პროექტს „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“. მას ახორციელებს ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილფსვერკი“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივ კავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაციასთან ერთად. პროექტი ხორციელდება 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მაისამდე და მისი მთლიანი ბიუჯეტია 1,079,413 ევრო.
პროექტის ძირითადი მიზანია მოწყვლადი ჯგუფების სოციალური კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და სოციალური ცვლილების ხელშეწყობა პროექტში მონაწილე ოთხ ქვეყანაში, სოციალური მუშაობის ცნების განვითარებისა და გაძლიერების და ასევე, სოციალური მუშაობის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის განვითარებისა და გაუმჯობესების გზით.
„თანადგომა კარგია, პროფესიონალური სოციალური მუშაობა კი - უკეთესი“
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ პირებს:
- ნიკოლ მარია ბაუერი
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილფსვერკი“, რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში
ელ. ფოსტა: nicole.bauer@hwa.or.at
- ნინო შატბერაშვილი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თავმჯდომარე
ოფისის ტელეფონი: + 995 32 239 00 71
ელ. ფოსტა: nino.sh@gasw.org
- თამრიკო მიქაძე
პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
ოფისის ტელეფონი: +995 32 2943763
ელ. ფოსტა: tamriko.mikadze@eeas.europa.eu