THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია

01.06.2018
Teaser

ბავშვთა დაცვის დღეს საქართველოში დაიწყო საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ცვლილებას. ინიციატივა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს წლის ბოლომდე გაგრძელდება და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და შეთანხმებას, რომ ძალადობა მიუღებელია.

Text

„ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და  ამისათვის საჭიროა ბავშვის დაცვის არსებული მექანიზმების  ეფექტიანად განხორციელება, განსაკუთრებით ძალადობის შემთხვევების  ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დაუყოვნებლივი რეაგირება,“ - განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ლაილა გადმა. „თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იმ კულტურული და სოციალური ნორმების შეცვლა, რომლებიც დიდწილად უწყობს ხელს ძალადობისადმი ტოლერანტულ დამოკიდებულებას. ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულება ყველას საქმეა.“ - დაამატა ქალბატონმა ლაილა გადმა. 
კამპანია ეფუძნება კვლევას, რომლის ფარგლებშიც  შესწავლილ იქნა  ძალადობის  განმსაზღვრელი სოციალური ნორმები და რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სოციალური ნორმაა.  ოჯახებში / სკოლაში ჯერ კიდევ ხშირია ბავშვის დასჯა.
"ბავშვები განიცდიან ძალადობას ქუჩაში, სახლსა თუ სკოლაში. ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური, რაც ხშირად დიდ კვალს ტოვებს ბავშვებზე.  ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ისეთი სისტემების გასაძლიერებლად, როგორიცაა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები.   თუმცა, მხოლოდ ეს არ კმარა იმ გამოწვევის საპასუხოდ, რასაც წარმოადგენს სოციალური ნორმები, რომლებიც დისციპლინის ძალადობრივ ფორმებს და ფიზიკურ სასჯელს დასაშვებად მიიჩნევს. „დაასრულე ძალადობა“  საკომუნიუკაციო კამპანიის დაწყებით, იმედი გვაქვს, ბიძგი მიეცემა ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიას და გაუმჯობესდება ბავშვის განათლებისა და აღზრდის მეთოდები," ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.
სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაასრულე ძალადობა“ ინიცირებას გაუკეთებს საზოგადოებრივი დიალოგის პროცესს და შექმნის ქვეყანაში მხარდამჭერთა ჯგუფებს შემდგომი ცვლილებების ხელშეწყობისათვის. კამპანიის ამოცანაა, მეტმა ადამიანმა შეიტყოს და მიმართოს აღზრდის ალტერნატიულ, პოზიტიურ მეთოდებს და ქვეყანაში შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც ცვლილებების გამტარები იქნებიან სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის პროცესში.
ბავშვები და მოზარდები მიიღებენ ინფორმაციას ძალადობისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემები არაძალადობრივი გზებით. კამპანიის ფარგლებში  შეიქმნება სპეციალური სახელმძღვანელო სკოლებისთვის, კომიქსები მოსწავლეებისთვის, გაიმართება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საქართველოს მასშტაბით.  დაგეგმილია ძალადობის საკითხებზე  დებატების გამართვა მოსწავლეებს შორის.  
გაიმართება დისკუსიები პროფესიულ ჯგუფებთან (მასწავლებლები,  სოციალური მუშაკები) და თემის წარმომადგენლებთან როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში. 
***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 599) 53 30 71 ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

 

კატეგორია
Press releases
Location

Tbilisi

Editorial sections
Georgia