THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირის განცხადება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ

12.09.2018
Teaser

ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 10 წლისთავს აღნიშნავს და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ურყევ მისწრაფებას გამოხატავს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

Text

1. ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოსცემს შემდეგ განცხადებას ევროპის საბჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.

2. ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 10 წლისთავს აღნიშნავს და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ურყევ მისწრაფებას  გამოხატავს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

3. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნის გაგრძელებასთან, გაძლიერებული სამხედრო წვრთნებსა და ინფრასტრუქტურის გამყარებასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და მისი შემდგომი ზემოხსენებული განგრძობადი ქმედებები ასახავს უპატივცემულობას მისი მეზობლების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის  და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მიმართ. ევროკავშირი გმობს ე.წ. ხელშეკრულებებსა და მათგან გამომდინარე შეთანხმებებს, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სამხედრო ფორმირებების გაერთიანება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებისა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულების სრულად განხორციელებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ამ რეგიონების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

4. ევროკავშირი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებულ ვითარებასთან და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის უწყვეტ გაუარესებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ითხოვს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილის სათანადო გამოძიებასა და 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული მართლმსაჯულების აღსრულებას. დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი ასევე ღრმად შეშფოთებულია ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის და სხვა მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო, მათ შორის ისეთი უფლებების უხეში დარღვევით, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საცხოვრებელი ადგილი და საკუთრების უფლება და ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის მზაობას, განაგრძოს ჩართულობა და მონაწილეობა მიიღოს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევებში.

5. ევროკავშირი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს ყველა მიმდინარე და დაგეგმილ ნდობის აღსადგენ ღონისძიებას, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ძალისხმევას შეესაბამება. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების და ადამიანის უფლებების დაცვის ფართო სპექტრის, ასევე განვითარებისა და თანამშრომლობის სხვა ქმედებების მხარდაჭერას საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ადამიანის უფლებათა საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა შენარჩუნდეს.

6. ამ ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის წინადადებათა პაკეტს "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის", რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას სარგებლობას მოუტანს ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. ევროკავშირი სინანულს გამოხატავს რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეების მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემასთან მიმართებაში ჩართულობაზე განგრძობად უართან დაკავშირებით. ევროკავშირი აკეთებს შეხსენებს, რომ ეს თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მანდატის საფუძველშია.

7. ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს, რომ სამდივნოს დელეგაცია, სადამკვირვებლო ორგანოები და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ვერ შევიდნენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს ევროპის საბჭოს შესაბამისი წარმომადგენლებისთვის ამ რეგიონებში შესვლის  ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

ამ განცხადებას უერთდებიან შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვის რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნორვეგია, "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია", სან-მარინო და უკრაინა.

კატეგორია
Local Statements
Location

სტრასბურგი,

Editorial sections
Georgia
Council of Europe