THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს, წარადგენენ რეკომენდაციებს პროფესიული მედიის განვითარებისათვის

19.12.2016
Teaser

პოლიტიკური პროგრამების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა, პოლარიზების ტენდენციები მედიის გარკვეულ სეგმენტებში, სიძულვილის ენის შემთხვევები არჩევნების გაშუქებისას - ასეთია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელებული 2016 წლის საპარლამნეტო არჩევნების მედიამონიტორინგის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.

Text

მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშების განხილვა შედგა 16 დეკემბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე. ანგარიშებში ხაზგასმულია როგორც საქართველოს მედიის მიღწევები უკანასკნელი წლების მანძილზე, ასევე გამოწვევები პროფესიული, ხარისხიანი და ეთიკური მედიის განვითარების გზაზე.

„მედიის თავისუფლება და პლურალიზმი ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ფუნდამენტური ღირებულებებია. მოხარული ვარ, რომ არჩევნების გაშუქებისას გამოიკვეთა პოზიტიური ტენდენციები - მეტი დაბალანსებულობა და მრავალფეროვნება. ამ დადებით დინამიკას წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი მიმდინარეობდა 2016 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე. მედიამონიტორინგმა მოიცვა ორმოცზე მეტი მედია საშუალება - ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია. მედიამონიტორინგში ჩართული იყო სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელთაც პროფესიულ დახმარებას უწევდა სლოვაკური ორგანიზაცია „მემო’98“.

„მედიამონიტორინგის შედეგები ეყრდნობა ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესრულებულ უდიდეს სამუშაოს, 300 ათასამდე შემთხვევის დოკუმენტირებასა და ანალიზს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგი საქართველოს საარჩევნო ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შედეგებითაც თანაბრად სარგებლობს როგორც მედია, ასევე მთლიანად საზოგადოება“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ყველა ანგარიში განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.mediamonitor.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org 
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

 

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia