ევროკავშირის მხარდაჭერით ეწყობა საინფორმაციო ტურები სოფლის განვითარების საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად
სასწავლო ტური განხორციელდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით. ღონისძიება შედგა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) და ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) თანამშრომლობით.
სასწავლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გაეცნენ მიმდინარე ინიციატივებს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი დაარსდა 2016 წლის თებერვალში ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით. ჯგუფის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), ბიოლოგიური მეურნეობების ასოციაციამ „ელკანა“ და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ჩეხეთის ეროვნულმა ქსელმა (NNLAG). ჯგუფი ითვლის 140 წევრს და აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალურ ცხოვრებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ლაგოდეხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშიც მოქმედებს. მიმდინარე წელს, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში - დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, ქედასა და ხულოში - ჩამოყალიბდება.
საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის, ე.წ. LEADER-ის, ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ევროპული LEADER-ის მიდგომა გულისხმობს ადგილობრივი განვითარების საკითხებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი ინტერესთა ჯგუფების ჩართულობას. ევროკავშირი (EU) მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ახალი მიდგომის საქართველოში დანერგვისა და სოფლის განვითარებაში სამოქალქო ჩართულობის გაზრდის მიზნით.
სასწავლო ტურები და ადგილობრივი განვითარების საპილოტე ჯგუფების გაცნობა სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია. ინიციატივა სრულად ეხმიანება საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის დეკემბერში მიიღო.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge