დაძმობილების პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ დაიწყო
სამშაბათს, 12 დეკემბერს, თბილისში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამისად“ - გახსნის საზეიმო ცერემონია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კაიდო სირელმა აღნიშნა: "ეს დაძმობილების პროექტი სრულ თანხვედრაშია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და მიზნებთან, ისევე როგორც საქართველოს სოციო-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - "საქართველო 2020"-ის დებულებებთან, რომლის თანახმადაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის. ეს პროექტი მნიშვნელოვან და არსებით წვლილს შეიტანს ტელეკომუნიკაციების ბაზრის, ფართოდიაპაზონიანი ქსელის, აგრეთვე ქსელების უსაფრთხოებისა და მათთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკითხების დახვეწასა და განვითარებაში".
დაძმობილების პროექტის განხორციელება, რომლის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 18 თვეს გაგრძელდება. ევროკავშირის მხრიდან ძირითადი პარტნიორია ლიტვის რესპუბლიკა, თანაპარტნიორები კი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პოლონეთის რესპუბლიკა. პროექტი მთლიანად ევროკავშირის მიერ ფინანსდება.
პროექტის მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სიღრმისეული შესწავლა, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში რეგულირებას დაქვემდებარებული სავარაუდო ბაზრების განსაზღვრა, ფართოდიაპაზონიან მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და უნივერსალური მომსახურებით უზრუნველყოფის მიზანშეწონილობის შესწავლა ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს და "ევროპა 2020" სტრატეგიის - "ციფრული დღის წესრიგი ევროპისთვის" შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
გიედრიუს პურასს, დაძმობილების პროექტის ადგილობრივი მრჩეველი, giedrius.puras@rrt.lt