უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ თორმეტი გაქარწყლებული მითი

ერთი წლის წინ რუსეთმა მისი მშვიდობიანი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესიული ომი დაიწყო, რითაც მსოფლიოს კრემლის იმპერიული ამბიციების ნამდვილი სახე აჩვენა. დღეს უკრაინა რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად კვლავ მედეგად  და შეუპოვრად იბრძვის.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ამ ქვეყნის შესახებ მითების გავრცელების საშუალებით ემზადებოდა. 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე, დეზინფორმაციის მუდმივმა ნაკადმა რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის ნიადაგი მოამზადა. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით და ვამხელდით კრემლის მხარდამჭერ დეზინფორმაციას მთელი ომის განმავლობაში. ამ მიმოხილვაში ჩვენ გავაქარწყლებთ თორმეტ ძირითად მითს ომის შესახებ, რომელსაც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციული გარემო აქტიურად ავრცელებს.

მითი 1: რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია. ან რუსეთი მოიგებს ომს, ან კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს. დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა სიტუაციას ამძიმებს და ტანჯვას ახანგრძლივებს. მშვიდობისკენ ერთადერთი გზა უკრაინის დემილიტარიზაციაა.

უკრაინის გასაოცარმა მედეგობამ, შეუპოვრობამ და უდრეკმა საბრძოლო სულისკვეთებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრემლს მის აგრესიულ ომში გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნია. მსოფლიომ რუსეთს ზურგი შეაქცია და ითხოვს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ძალების უპირობო გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი არაპროვოცირებული „სამდღიანი ომი“ დაიწყო, უკრაინამ დამპყრობლების წინსვლა წარმატებით შეაჩერა, შეცვალა ვითარება და რუსეთის დროებითი სამხედრო კონტროლისგან მნიშვნელოვანი ტერიტორია გაათავისუფლა. უკრაინულმა ძალებმა ასევე რუსული სამხედრო აქტივები სერიოზულად დააზიანეს.

უკრაინის უდრეკობამ ძლევამოსილი აგრესიის წინაშე სიმამაცის ნამდვილი არსი დაგვანახა. დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყოველდღიურად ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, ეხმარება უკრაინას შეინარჩუნოს თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს წესდებაშია განცხადებული.

რუსეთის წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ არ არის გულწრფელი, არამედ მხოლოდ პიარულ სვლებს წარმოადგენს. ყურადღებით გაანალიზებისას ისინი ავლენენ რუსეთის იმპერიალისტურ მოთხოვნებს უკრაინისადმი, რომ ის დანებდეს და დიდწილად დათმოს მისი ტერიტორია და სუვერენიტეტი.

ნამდვილი სამშვიდობო გზა არის რუსეთის ძალების სრული გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა და მის აგრესიულ პოლიტიკაზე სრული უარის თქმა. რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული ომი ევროპაში, საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით გაეროს წესდების აღმაშფოთებელი უგულებელყოფით. მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია უიარაღო უკრაინის დატოვებით დაპირისპირებულ უაღრესად მილიტარიზებულ რუსეთთან, რომელიც უარყოფს მის სუვერენიტეტს და არ მალავს საჯარო მოწოდებებს გენოციდთან დაკავშირებით.

მითი 2: რუსეთი დასავლეთს ეომება. უკრაინა მხოლოდ მარიონეტია ნატოს ხელში და ბრძოლის ველს წარმოადგენს. რუსეთი აგრესორი უკრაინისგან თავს იცავს.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო და მას შემდეგ უკრაინა თავს იცავს. ყალბი განცხადება, რომ უკრაინა აგრესორია, არის კრემლის მხარდამჭერთა მიერ მანიპულირების კლასიკური ტაქტიკა, რომ რუსეთი მსხვერპლად წარმოაჩინონ და საკუთარი აგრესიისგან საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარატივი აშკარად აბსურდულია მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის, რუსეთში სულ უფრო და უფრო იზოლირებული საინფორმაციო გარემოსთვის ის კრემლის ავტორიტარული პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისთვის გამაერთიანებელ ლოზუნგს წარმოადგენს.

კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც ყალბად ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში დასავლეთს ებრძვის, მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უკრაინამ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ წარმატებული კონტრშეტევა დაიწყო. კრემლის მომხრე ექსპერტებს განსაკუთრებით მოსწონთ ამ ნარატივის გამოყენება, როდესაც უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო დახმარებას იღებს, ან როდესაც რუსეთი უკრაინაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს კარგავს. არც ევროკავშირს, არც დასავლეთს და არც ნატოს რუსეთისთვის ომი არ გამოუცხადებია. ევროკავშირი, აშშ და ნატოს მრავალი წევრი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, რომ დაეხმაროს მას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის მოგერიებაში, მაგრამ ისინი არანაირ ბრძოლაში არ მონაწილეობენ.

მითი 3: უკრაინა ბირთვულ იარაღს ეძებს, თავს ესხმის სამოქალაქო ბირთვულ ინფრასტრუქტურას და იარაღს ატომურ ელექტროსადგურებში მალავს. უკრაინა "ბინძური ბომბის" შექმნაზე მუშაობს. რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ლეგიტიმური იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი რამ არის ასახსნელი, საერთო ტაქტიკა ნათელია. პანიკის გაღვივება მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის მიმართ საზოგადოების რაციონალური სიძულვილის გამოყენებას, და უკრაინასთან დაკავშირებული მზარდად აგრესიული ბირთვული რიტორიკა არის უცვლელი ძირითადი იდეა, რომელიც ჩაქსოვილია კრემლის მხარდამჭერ საომარ ნარატივებში.

კრემლის მუდმივი ბრალდებების მიუხედავად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინას ოდესმე უმუშავია ბირთვული იარაღის შექმნაზე რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ გამოსაყენებლად. სინამდვილეში, უკრაინა არის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ქვეყანა 1994 წლიდან, როდესაც მან ბუდაპეშტის მემორანდუმს ხელი მოაწერა. ის არის მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც უარი თქვეს ბირთვულ არსენალზე; მან ასევე საბჭოთა კავშირის დანატოვარი იარაღი გაანადგურა. მეორეს მხრივ, რუსეთმა მოხერხებულად დაივიწყა ხელშეკრულების ხელმოწერისას ნაკისრი ვალდებულება, რომ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და საზღვრებს პატივს სცემდა.

კრემლი ასევე სწრაფად იყენებს ბირთვულ ნარატივებს ბრალის ასარიდებლად, ცუდად შენიღბული მუქარის გასავრცელებლად, ან მიმართავს ბირთვულ შანტაჟს თავისი აგრესიის გასამართლებლად. კუთხეში მომწყვდეული, მაგრამ ბირთვული იარაღით შეიარაღებული (როგორც კრემლის მომხრე დემაგოგები ყოველთვის ხაზს უსვამენ) ცხოველის იმიჯის შექმნა კრემლის სასარგებლოდ მუშაობს.

რუსეთმა ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" შექმნას ცდილობს, მზარდი ესკალაციის საბაბად გამოიყენა. უკრაინამ მიიწვია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), იმ ადგილების შესამოწმებლად, რომლებიც რუსეთის თქმით, ბინძური ბომბის შესაქმნელად გამოიყენება. სააგენტომ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ უკრაინა ამუშავებს ბირთვულ მასალებს რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

განცხადებები, რომ უკრაინა საკუთარ სამოქალაქო ბირთვულ ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებს, ასევე უსაფუძვლოა. სინამდვილეში, უკრაინა და აშშ არაერთხელ ცდილობდნენ დაძაბულობის განმუხტვას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. რუსეთმა ამ ობიექტის მიმართ არაერთი თავზე ხელაღებული ქმედება განახორციელა. მან სამხედრო აღჭურვილობა და ჯარები შენობების შიგნით მოათავსა, მისი შემოგარენი სარაკეტო თავდასხმებისთვის ბაზად გამოიყენა, ობიექტზე დე-ფაქტო კონტროლი დაამყარა და მის მთავარ ელექტრომომმარაგებელ ხაზთან კავშირი რამდენჯერმე გაწყვიტა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) არ დაუდასტურებია უკრაინის მიერ რაიმე დაბომბვა ან თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე ამის შესახებ არც კრემლის ბრალდებებამდე და არც ბრალდებების შემდეგ.

მითი 4: მთელი ევროპა მხარს უჭერდა ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმას, ისევე როგორც ამჟამად ევროპა მხარს უჭერს ნაცისტურ უკრაინას. რუსეთი უკრაინაში დიდ სამამულო ომს ნაცისტებისგან სამყაროს გასათავისუფლებლად აგრძელებს.

წლების განმავლობაში კრემლის მიერ „ნაციზმის აჩრდილის“ ნარატივის გამოყენებას ყურადღებით ვაკვირდებით. კრემლი მუდმივად იყენებდა ამ მოსახერხებელ სადეზინფორმაციო ხრიკს მთელი ომის განმავლობაში უკრაინელების დეჰუმანიზაციისა და დაკნინებისთვის. პუტინის მიერ რუსეთის, როგორც ნაციზმის თანამედროვე მომთვინიერებლის წარმოჩენა, პროექციის კლასიკური მაგალითია – მეთოდის, რომლის საშუალებით კრემლს საკუთარი დესტრუქციული ქმედებებიდან ბრალი გადააქვს.

ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მთელი ევროპა მხარს უჭერდა ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმას, სრულიად წარმოუდგენელია. ისტორიას თავდაყირა აყენებენ. სინამდვილეში, 1942 წლისთვის ანტიჰიტლერულ კოალიციაში შედიოდა 26 სახელმწიფო და ასევე ოკუპირებული ევროპის ქვეყნების დევნილობაში მყოფი მთავრობები. ძლიერი ფსიქოლოგიური ან ემოციური პასუხის გამოწვევის მიზნით რუსეთის მხრიდან ნაციზმთან ბრძოლის მოწოდება არა მხოლოდ მანიპულაციური, არამედ სრულიად სასაცილოა, განსაკუთრებით კრემლის მხრიდან ღიად ანტისემიტური რიტორიკისკენ გადახრის გათვალისწინებით.

მითი 5: უკრაინა ხელოვნური წარმონაქმნია და არა სუვერენული სახელმწიფო. უკრაინის მიწები ისტორიულად რუსულია. ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებმა თავისუფლად გამოხატეს თავისი პოლიტიკური ნება რუსეთში დაბრუნების თაობაზე და მათი გათავისუფლება და დაცვა რუსეთის პატრიოტული მოვალეობაა.

უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო საკუთარი იდენტობით და ხანგრძლივი ისტორიით. უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის უარყოფა კიდევ ერთი დეზინფორმაციული ნარატივია, რომელსაც კრემლის მომხრე ექსპერტები წლების განმავლობაში ავრცელებდნენ. როდესაც რუსეთი ცდილობდა გაემართლებინა მიწების უკანონო მიტაცება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარების საშუალებით, გასაკვირი არ იყო, რომ კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გამავრცელებელი გარემო კვლავ გააქტიურდა უკრაინის სუვერენიტეტის საკითხში ეჭვის შესატანად.

კრემლის მომხრე ექსპერტები ხშირად იყენებდნენ ისტორიულ რევიზიონიზმს, როგორც მანიპულირების ტაქტიკას, რათა საზოგადოებრივი დისკურსი კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკის მხარდასაჭერად მიემართათ, მათ შორის უკრაინაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობებთან დაკავშირებით. პუტინის აკვიატება ისტორიის ხელახლა დაწერის მიმართებაში ასევე კარგად არის დოკუმენტირებული.

ყალბ რეფერენდუმებში არაფერი არ იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ამომრჩევლებს აიძულებდნენ ხმა მიეცათ შეიარაღებული ჯარისკაცების თანდასწრებით, რომლებიც ხმების შესაგროვებლად კარდაკარ დადიოდნენ, რაც უკრაინის კონსტიტუციას პირდაპირ ეწინააღმდეგება. მთელი პროცესი არღვევდა საერთაშორისო კანონმდებლობას და დაიგმო გაეროს რეზოლუციებით ანექსიის შესახებ. გადაწყვეტილება ანექსიასთან დაკავშირებით რუსეთის ომის იმპერიალისტურ ხასიათს ასახავს.

მითი 6: რუსეთი უკრაინაში იბრძვის დასავლური იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად, სადაც ქვეყნები  ერთმანეთის საშინაო საქმეებში არ ერევიან.

კრემლის რეჟიმი დიდი ხანია ცდილობდა თავი ანტიიმპერიალისტად და ანტიკოლონიალისტად საჯაროდ ეჩვენებინა. თუმცა, რუსეთის სასტიკმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოავლინა რუსეთის საკუთარი იმპერიული და კოლონიური ამბიციები მეზობლების მიმართ ევროპაში, კავკასიასა და აზიაში.

2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებით, იმავე წელს ყირიმის უკანონო ანექსირებით და 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდება, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას, გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

2022 წლის 2 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის ფედერაციის სასტიკი შეჭრა უკრაინაში და მოსთხოვა რუსეთს დაუყოვნებლივ გაეყვანა თავისი ძალები და საერთაშორისო კანონმდებლობას დამორჩილებოდა.

2022 წლის ოქტომბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაგმო რუსეთის მცდელობები უკრაინის ოთხი დროებით ოკუპირებული რეგიონის ანექსიასთან დაკავშირებით ყალბი რეფერენდუმების შემდეგ.

მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გლობალური დაგმობა აჩვენებს, რომ რუსეთი არის მარტო და იზოლირებული.

მითი 7: უკრაინა დონბასში გენოციდს წლების განმავლობაში ახორციელებდა და რუსეთს მოუწია ჩარეულიყო ხალხის დასაცავად. უკრაინა ასევე ყალბი დროშის ქვეშ აწარმოებს ოპერაციებს და აწყობს სისასტიკეებს, რათა რუსეთს ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალოს.

უკრაინის ომის დანაშაულებში და გენოციდში ბრალდება, ალბათ, კრემლის მხარდამჭერი  ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი დეზინფორმაციაა. გენოციდი არის ადამიანთა ჯგუფის მიზანმიმართული და სისტემატური განადგურება ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური ან რასობრივი ნიშნით. ასეთი გეგმა უკრაინაში არ არსებობდა და არასოდეს ყოფილა რუსეთის განაცხადების დამადასტურებელი რამე მტკიცებულება.

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი უკრაინაზე საკუთარი დანაშაულების პროექციასთან დაკავშირებით ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ მხეცობებს ეხებოდა. ბრალდება იმის თაობაზე, რომ უკრაინამ რუსეთის დადანაშაულების მიზნით „ყალბი დროშის“ ქვეშ ოპერაციები ჩაატარა, არის როგორც უსირცხვილო, ასევე ცრუ. ამის საპირისპიროდ, რუსეთის ომის დანაშაულები უკვე გამოძიებულია ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლში და ბევრ სხვა ადგილას.

უფრო მეტიც, რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე, საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ უბნებზე, ზედმიწევნით არის დოკუმენტირებული, მაგ. ჩერნიჰოვში, მარიუპოლში, ხარკოვში და სხვაგან. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემების თანახმად, ისინი შეიძლება იყოს აღიარებული ომის დანაშაულებად.

მითი 8: რუსეთის წმინდა ომი უკრაინაში უღმერთო სატანისტებთან ქრისტიანობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება შეიძლება ძალიან ხელოვნურად მოგვეჩვენოს, რუსეთი ხშირად ახსენებს წმინდა ბრძოლას თავად სატანასთან, უკრაინის წინააღმდეგ თავისი ომის გასამართლებლად. ომის პირველ კვირებსა და თვეებში კრემლმა დაადანაშაულა უკრაინა ჰადესის უწმინდური ძალების ერთგულებაში, იმისთვის რომ ბრძოლის ველზე რუსეთის წარუმატებლობა აეხსნა.

ხშირად, კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ექსპერტები, განსაკუთრებით ვლადიმერ სოლოვიოვი, იყენებენ ამ დეზინფორმაციულ ნარატივს უკრაინის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, თითქოსდა მას აქვს მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურების მცდელობები. ეს მანიპულაციური ტაქტიკა გააქტიურდა 2019 წელს, როდესაც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი მიენიჭა და შემდეგ 2022 წლის ნოემბერში, როდესაც უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა რუსეთთან დაკავშირებული ეკლესიების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის შემუშავების შესახებ.

უკრაინისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების, როგორც უღმერთო წარმართების დემონიზაცია თან სდევს კრემლის დეზინფორმაციას, რომ დასავლეთს „ტრადიციული ღირებულებების“ განადგურება სურს. ეს ნარატივები რუსეთს ამ ღირებულებების მფარველად წარმოაჩენს. ეს დეზინფორმაცია საფრთხეში მყოფი ღირებულებების დაცვის შესახებ გაჟღენთილია ჰომოფობიით, რომელიც ხშირად თითქმის აშკარა სიძულვილია.

მითი 9: აშშ-მ დააფინანსა, შეიმუშავა და მართავდა საიდუმლო ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამებს უკრაინის ლაბორატორიებში, ცდიდა ბიოლოგიურ იარაღს ადგილობრივ მოსახლეობაზე და რუსეთზე თავდასხმისთვის უკრაინის ბიოლოგიური იარაღით ამარაგებდა.

„აშშ-ს საიდუმლო ბიოლაბორატორიების“ შესახებ შეთხზული ისტორიები არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც არის შეთქმულების თეორიის და დაშინების ტაქტიკის თანხვედრა, რომელსაც კრემლი ყურადღების გადატანისა და დაბნევის მიზნით ხშირად იყენებს. თავდაპირველად ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებაზე მიმართული აშშ-უკრაინის პარტნიორობის შესაფერხებლად გამოყენებულმა კრემლის მხარდამჭერმა დეზინფორმაციულმა გარემომ ძველი დეზინფორმაციული კამპანია უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის გასამართლებლად განაახლა.

კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაცია ცდილობს ბიოლოგიურ იარაღსა და ბიოლოგიურ კვლევას შორის ზღვრის წაშლას, შიშის აღძვრას და უკრაინის დისკრედიტაციას. ავტორიტეტულმა წყაროებმა, მათ შორის გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა განიარაღების საკითხებში ისუმი ნაკამიცუმ, არაერთხელ უარყვეს ბრალდებები უკრაინაში აშშ-ს მიერ დაფინანსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.

მითი 10: ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსების გარეშე ვერ გადარჩება. შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირს გლობალური ენერგეტიკული კრიზისის გამომწვევი პოლიტიკის დანერგვისკენ უბიძგა, რადგან კრიზისი აშშ-ს ენერგეტიკული კომპანიებისთვის სარგებლის მომტანია.

კრემლს საგარეო ურთიერთობებში ენერგეტიკის იარაღად გამოყენების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია და დეზინფორმაციის გავრცელება ამ ტაქტიკის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ამჯერად რუსეთის გაზის ნაკადის შეჩერებით ევროკავშირის დაშინებაზე მიმართული „გამბიტი“ კრემლს შთამბეჭდავად ჩაუფლავდა. როდესაც რუსეთმა ევროპას უკრაინასა და რუსულ ენერგომატარებლებს შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვა, ევროპის ცალსახა პასუხი იყო - უკრაინა.

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ენერგოუსაფრთხოების გაზრდის მიზნით სწრაფად მიიღეს მრავალი საპასუხო ზომა, როგორიცაა გეგმები REPowerEU და „დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის“. ეს უკანასკნელი მოიცავს ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირებას. ევროკავშირის მიწისქვეშა გაზის მარაგები ივსებოდა მათი სიმძლავრის 95%-ზე მეტით, რაც ბევრად მეტია, ვიდრე 2022 წლის 1 ნოემბრისთვის დადგენილი 80%-იანი სიმძლავრის მისაღწევად იყო განსაზღვრული. ევროპა მზად იყო ამ ზამთრის შესახვედრად და რუსეთის ენერგეტიკულ შანტაჟისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო.

კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაცია ასევე ცდილობს ტრანსატლანტიკურ ერთიანობაში განხეთქილება შეიტანოს ევროკავშირის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის ყალბი სურათის დახატვით. კერძოდ, საინფორმაციო საშუალებები აცხადებდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიმორჩილა ევროკავშირი და გლობალური ენერგეტიკული ბაზრების არეულობით სარგებლობდა. თუმცა, ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის ქვაკუთხედია. ეს ხელს უწყობს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებას, მონოპოლიზაციის პრევენციას და ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას.

მითი 11: ევროკავშირმა რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების აკრძალვით სურსათის გლობალური დეფიციტი გამოიწვია. რუსეთს  გლობალურ სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მთელ მარცვლეულს უკრაინიდან ევროკავშირი ინახავს და სხვა ქვეყნებს აშიმშილებს.

უკრაინაში შეჭრით რუსეთმა უკრაინულ პროდუქციას მსოფლიო ბაზრებზე გზა ფაქტობრივად გადაუკეტა და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. რუსეთის ქმედებები ზრდის ენერგორესურსების და სასუქების ფასებს მთელ მსოფლიოში, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს აფრიკაზე და ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე, მაგრამ ასევე სულ უფრო მეტად სხვა რეგიონებსა და ქვეყნებზეც მოქმედებს.

გლობალურად, კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება და COVID-19 პანდემიის ხანგრძლივი ზემოქმედება კვების სისტემებზე და მათზე დამოკიდებულ ადამიანებზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულმა აგრესიამ ეს გამოწვევები და დაუცველობა მნიშვნელოვნად გააუარესა.

უკრაინის ენერგეტიკული, წყალმომარაგებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვით, ნათესების დაწვით და უკრაინული მარცვლეულის მოპარვით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და საწვავის საწყობების  განადგურებით და სასოფლო-სამეურნეო მიწების დანაღმვით, რუსეთმა ძირი გამოუთხარა უკრაინაში საკვების გრძელვადიან წარმოებას და მის საექსპორტო შესაძლებლობებს. გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს საექსპორტო გადასახადების და საექსპორტო კვოტების გამოყენებას როგორც სასუქებზე, ასევე მარცვლეულზე, როგორიცაა ხორბალი, ჭვავი, ქერი და სიმინდი.

ევროკავშირის სანქციები მკაფიოდ არ ვრცელდება სურსათისა და სასუქების მიწოდებაზე: გლობალურ ბაზრებზე რუსეთის მიერ სურსათის ექსპორტზე სანქციები არ არსებობს. ნებისმიერს შეუძლია რუსეთიდან მოწოდებული სურსათის და სასუქების შეძენა, ტრანსპორტირება, მარაგების მართვა და მომხმარებლის უზრუნველყოფა. რუსეთის დეზინფორმაციის საპირისპიროდ, ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა არ ბლოკავს გაჭირვებული ქვეყნებისთვის რუსეთის სასუქების გადაცემას.

გაეროს მონაცემებით, სურსათის ექსპორტის უმეტესი ნაწილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის (Black Sea Grain Initiative) ფარგლებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მიდის. ევროკავშირში ამ სურსათის მხოლოდ 34% წავიდა. ექსპორტირებული ხორბლის 64% კი განვითარებად ქვეყნებს ერგო.

ევროკავშირი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სასურსათო დაუცველობის აღმოსაფხვრელად მსოფლიო ძალისხმევის სათავეშია. „სოლიდარობის გზების“ (Solidarity Lanes) და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დანერგვის შემდეგ, სურსათზე ფასები მუდმივად იკლებდა და ომამდელ დონეს დაუბრუნდა.

მითი 12: დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკანონოა და გლობალური ზიანის მომტანია. ისინი ახდენენ მსოფლიო ეკონომიკის დესტაბილიზაციას და მთელს მსოფლიოში რიგითი მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირებულებას ზრდიან. სანქციები არ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე და რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციები არ მუშაობს.

კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაცია ევროკავშირისა და დასავლეთის სანქციების შესახებ წინააღმდეგობებით აღსავსე ნარატივის მაგალითია. სანქციები რატომღაც იძულების უკანონო, მიუღებელი ფორმაა, მაგრამ ისინი ასევე რუსეთზე გავლენას საერთოდ არ ახდენენ. ეს დეზინფორმაციული ნარატივი ამცირებს სანქციების გავლენის აღქმას რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის და ქმნის ყალბ წარმოდგენას, თითქოს დასავლეთი ინგრევა. საერთაშორისო დონეზე, კრემლს სურს გააღვივოს დაუსაბუთებელი შიში, რომ დასავლეთის ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ უარყოფითი გლობალური შედეგები მოჰყვება.

ევროკავშირის ყველა სანქცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. სანქციები ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას დააფინანსოს ომი და შეიძინოს ძირითადი კომპონენტები  მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. სანქციების შედეგები შესამჩნევია რუსეთის ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში. 2022 წელს, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი ძალიან მკვეთრად, 14-ჯერ გაიზარდა. იმავე 2022 წელს ეკონომიკა 5%-მდე შემცირდა. სანქციები მუშაობს.

ნავთობის ფასებზე ზედა ზღვრის დაწესების თაობაზე საერთაშორისო გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფასების ზრდის შეზღუდვას, რომელიც საგანგებო საბაზრო პირობებით არის გამოწვეული. ეს მკვეთრად შეამცირებს შემოსავლებს ნავთობიდან, რომელსაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ იღებს. ნავთობის ფასის შეზღუდვა ასევე ემსახურება ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების სტაბილიზაციას და მესამე ქვეყნებისთვის ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების შერბილებას.

ევროკავშირის სანქციებს მნიშვნელოვანი გამონაკლისები გააჩნია. ისინი სურსათის მიწოდებასა და სასუქებზე ცალსახად არ ვრცელდება. და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის დახურულია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დაუშვან რუსული თვითმფრინავები მათ საჰაერო სივრცეში, თუ ეს ჰუმანიტარული მიზნებისთვის არის საჭირო.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.