2025 წლის ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ

წლევანდელი ევროკავშირის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ მიმოიხილავს გასულ წელს, რომელიც გამოირჩეოდა მრავალი უწყვეტი კონფლიქტით, ასევე ცვლილებებით, რომელიც აღმოცენდა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგიდან ავტოკრატიულ ძალაუფლებაზე დაფუძნებული წესრიგისკენ გადახრით, სადაც პირადი ინტერესები სოლიდარობაზე მაღლა დგას.

წაიკითხეთ 2025 წლის ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ (ინგლისურ ენაზე).

წაიკითხეთ ევროკავშირის 2025 წლის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ანგარიშები ქვეყნების მიხედვით (ინგლისურ ენაზე).

იხილეთ ანგარიშის ის ნაწილი (12 - 14 გვ.), რომელიც  საქართველოს შეეხება:

საქართველო

ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა: ადამიანის უფლებები მკაცრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობის უფლებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. 2025 წელს სამართალდამცავების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული და რიგ შემთხვევებში წამების ან არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასი იყო. არც ერთი დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის გარემოს შექმნას. უსაფუძვლო დაკავებების, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემთხვევები შეშფოთებას იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის თვალსაზრისით. დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ საპროტესტო აქციებში მონაწილე ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ან სიცოცხლის მოსპობით მუქარის შემთხვევები. ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტმა“ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტმა, უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე. ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობისა და უსაფუძვლო დაკავებების შესახებ. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რაც სერიოზულად ძირს უთხრის დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებასა და დემოკრატიული პროცესების განხორციელებას, და ფაქტობრივად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა. სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის (CSO) საბანკო ანგარიშების გაყინვით, ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, რათა ორგანიზაციებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსები ჩამოერთმია და განსხვავებული მოსაზრებების გამომხატველი ხმები ჩაეხშო. სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული ხმები ასევე დაშინების ფაქტების წინაშე აღმოჩნდნენ, ხოლო მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა სულ უფრო მეტად გავრცელდა. პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციის ლიდერების დაკავებები ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.  დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Without Borders) ორგანიზაციის 2025 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 114-ე ადგილზე იყო; „მართლმსაჯულობის მსოფლიო პროექტის“ (World Justice Project - WJP) კანონის უზენაესობის ინდექსში - 52-ე ადგილზე; „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში - 56-ე ადგილზე. CIVICUS Monitor-ის შეფასებით, საქართველომ 100-დან 34 ქულა მიიღო, რაც სამოქალაქო სივრცის დათრგუნვაზე მიუთითებს.

ევროკავშირის მოქმედება - საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ევროკავშირი თანმიმდევრულად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლა, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა და განეხორციელებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებისა და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, პატივი ეცა, დაეცვა და უზრუნველეყო მოქალაქეთა ადამიანის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, ასევე გაეთავისუფლებინა უსაფუძვლოდ დაკავებული პირები. ეს მოწოდებები 2025 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამაც გაიმეორა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ევროკავშირმა განაგრძო საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულებთან შესაბამისობის შეფასება. 2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში და აღნიშნულ ნიშნულებს კვლავ არ აკმაყოფილებს. კომისიამ დაიწყო პროცედურა ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად.

ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა: 2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე-ფაქტო გამოიწვია გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება. 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ გამართულა საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიის მიმართებაში სერიოზული უკუსვლის გაგრძელების გამო. ევროკავშირმა განაგრძო ორმხრივი კონტაქტების დონის შემცირება. 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ გამართულა დიალოგი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. 

ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა: ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, ევროკავშირმა 2025 წელსაც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის სარგებლის მომტანი ფინანსური დახმარების შეჩერება გააგრძელა. სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, 2024 წლის ოქტომბრიდან „სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის“ (NDICI)  ორმხრივი და თემატური დაფინანსების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო. მიმდინარე მხარდაჭერა ძირითადად მოიცავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (CSO) და დამოუკიდებელი მედიის მიზნობრივ მხარდაჭერას, მართლმსაჯულებაზე წვდომას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, გენდერულ თანასწორობასა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, ლგბტი პირების უფლებებს, ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, ასევე დეზინფორმაციის, უცხოური ჩარევისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირი აგრძელებდა სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერას მისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. 

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველები, ასევე სარგებლობენ გაზრდილი მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული მექანიზმის ფარგლებში. 2025–2027 წლებისთვის ამ მიმართულებით 10 მილიონი ევროა გამოყოფილი. მხარდაჭერა ასევე ხორციელდება რეგიონული პროგრამების მეშვეობით ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად.

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (Partnership for Good Governance — PGG III) გაგრძელდა შემცირებული მასშტაბით და ძირითადად ორიენტირებული იყო სიძულვილის ენასთან ბრძოლაზე.

საქართველო ასევე აგრძელებდა სარგებლის მიღებას ევროკავშირის თანადაფინანსებით ევროპული კომისიის მიერ განხორციელებული პროექტისგან მართლმსაჯულების ეფექტიანობისთვის (CEPEJ), რომელიც საქართველოში სასამართლოს მართვის სისტემის მოდერნიზებას უწყობს ხელს.

მრავალმხრივი კონტექსტი: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება არასაკმარისია და ამჟამად მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ 45 საქმეა. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია, რათა მას 2025 წლის ოქტომბერში მუნიციპალურ არჩევნებზე არსებითი დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდა. გარდა ამისა, საქართველომ წინა არჩევნებთან დაკავშირებით OSCE/ODIHR-ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიდან არც ერთი არ შეასრულა. 2025 წლის ბოლომდე საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) არჩეულ წევრად რჩებოდა. ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების შესაბამისად საქართველოს მიმართ გაკეთდა მოწოდება, გამოეძიებინა დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობა, ზოგადად, შენარჩუნებულია, საქართველო საერთაშორისო და ევროკავშირის რიგ ინიციატივებს არ შეუერთდა.