ევროკავშირის ახალი სტრატეგია უსაფრთხო, კეთილდღეობით აღსავსე და მედეგი შავი ზღვის რეგიონისთვის

დღეს ევროკავშირი წარადგენს ახალ სტრატეგიას შავი ზღვის სტაბილური და უსაფრთხო რეგიონისთვის. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს კავშირების გაძლიერებასა და ზრდის ხელშეწყობას ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალურ აზიისა და მის ფარგლებს გარეთ რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის ფონზე, სტრატეგია ასევე გააძლიერებს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ როლს, როგორც საიმედო მოთამაშისა შავი ზღვის რეგიონში. 

ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს უკრაინასთან, მოლდოვას რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და წინ წაწევს რეგიონულ თანამშრომლობას დაკავშირებულობის სფეროში. ზოგმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროკავშირთან დაახლოების გზა აირჩია. დღევანდელი სტრატეგია მიზნად ისახავს მატერიალური სარგებლის მოტანას შავი ზღვის პარტნიორებისთვის და ევროკავშირისთვის საკვანძო ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ინვესტიციების და გაღრმავების გზით. დღევანდელი სტრატეგიის მიზანს ხელშესახები სარგებლის მოტანა წარმოადგენს, რომელიც შავი ზღვის პარტნიორებისთვის და ევროკავშირისთვის, ურთიერთსარგებლიანი პარტნიორობის განმტკიცებითა და ინვესტიციების გაღრმავების გზით უნდა მიიღწეს.

ევროკავშირის და შავი ზღვის რეგიონის მომავალი თანამშრომლობა სამ საკითხს ეყრდნობა:

  • უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გაძლიერება;
  • მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა;
  • გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და მზაობის ხელშეწყობა, და სამოქალაქო დაცვა. 

თითოეული საყრდენის ფარგლებში კი ევროკავშირი სამ საფლაგმანო ინიციატივას განახორციელებს, რათა გამოავლინოს რეგიონის ზრდის პოტენციალი და ამავდროულად, გაუმკლავდეს კონფლიქტისა და უსაფრთხოების დაუყოვნებლივ გამოწვევებს:

  • შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა გააძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას, დაიცავს კრიტიკულ საზღვაო ინფრასტრუქტურას და საზღვაო გარემოს. ის ასევე გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას განაღმვის საკითხებში და გაუმკლავდება გარემოსა და საზღვაო უსაფრთხოების რისკებს. 

  • გაფართოებულ ტრანსევროპულ ქსელებთან შესაბამისობაში მყოფი სპეციალური დაკავშირებულობის დღის წესრიგი განავითარებს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ ქსელებს, რათა გამოიყენოს შავი ზღვის რეგიონის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფნის პოტენციალი, რომელიც სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და კონკურენტუნარიანობას; 

  • გაძლიერდება სანაპირო თემებისა და ლურჯი ეკონომიკის სექტორების მზადყოფნა, რათა შავი ზღვის ქვეყნებმა შეძლონ ომთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ზიანის დაძლევა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მოგვარება და მდგრადი ზრდის შესაძლებლობების გამოყენება.

სტრატეგია აერთიანებს ევროკავშირის ყველა შესაბამის ინსტრუმენტს და პოლიტიკას, ინვესტიციების მობილიზებას გლობალური კარიბჭის სტრატეგიის შესაბამისად და ევროპის გუნდის სულისკვეთებით - ევროკავშირის ინსტიტუტებისწევრ სახელმწიფოებთან, ისევე როგორც ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. რეგიონული გამოწვევების განხილვით, ევროკავშირი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოების, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის ხელშეწყობას.

პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „ევროკავშირის აქტიური როლი გადამწყვეტია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს მეზობლებთან რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად. ერთად შეგვიძლია ყველასთვის უკეთესი და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი ავაშენოთ”.

სამომავლო პოლიტიკის ჩარჩო

ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას შორის არსებული უნიკალური დამაკავშირებელი მდებარეობიდან გამომდინარე, შავი ზღვა შეიძლება გახდეს სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და დაკავშირებულობის ქვაკუთხედი საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის მეშვეობით.

ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა მიზნად ისახავს რეგიონის პოტენციალის გახსნას სამშვიდობო ძალისხმევისა და საერთაშორისო წესრიგის პატივისცემის საფუძველზე კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ. უკრაინის საერთო მედეგობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა და მისი რეკონსტრუქცია, როცა ამისთვის პირობები იქნება, ამ პოლიტიკის ცენტრშია.

დღევანდელი წინადადება ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას და გააძლიერებს ეკონომიკურ კეთილდღეობას სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ციფრული და სავაჭრო დერეფნებით, რომლებიც აკავშირებს შავი ზღვის რეგიონს ბალტიასთან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან სამხრეთ კავკასიის, კასპიის ზღვის და ცენტრალური აზიის გავლით.

გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის რეგიონი განსაკუთრებით დაუცველია ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დეგრადაციის წინაშე, დღევანდელი სტრატეგია ითვალისწინებს მზადყოფნის გაძლიერებას და კლიმატთან ადაპტაციას – რაც მნიშვნელოვანია როგორც ბუნებრივი ეკოსისტემების მთლიანობისთვის, ასევე ადამიანების კეთილდღეობისთვის.

სტრატეგია, ასევე, ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციით დაინტერესებულ პარტნიორებს, გააძლიერებს სამართლის უზენაესობას, დააჩქარებს რეფორმებს და დააახლოებს მათ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ასევე ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

საბოლოო ჯამში, ახალი სტრატეგიული მიდგომა ემყარება ხალხის მისწრაფებებს იცხოვროს უსაფრთხო, დაცულ და უკეთეს გარემოში. ევროკავშირი განახორციელებს ახალ სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის მიმართ გაფართოების პროცესთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასთან შეთანხმებული მოქმედებით, რაც თანამშრომლობის კარგად ჩამოყალიბებულ ჩარჩოს უზრუნველყოფს.

შემდეგი ნაბიჯები

ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შემოაქვთ წინადადება ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის გამართვის შესახებ თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის ფარგლებში.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.