ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG/ENAM) კონფერენციაზე "დემოკრატიის მომავალი - სად მივდივართ ახლა?"

 

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

პატივცემულო სტუმრებო,

ძვირფასო კურსდამთავრებულებო,

მოხარული ვარ, რომ მოგესალმოთ დღეს ამ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრება ამდენი ნიჭიერი და გონიერი ადამიანი საქართველოდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ეს მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოცდილების და იდეების ნაყოფიერი გაცვლისთვის სხვადასხვა გამოცდილების მქონე მრავალ პროფესიონალს შორის.

დღევანდელი კონფერენციის თემა დემოკრატიის მომავალია. ევროკავშირს მოწონს, რომ თავის თავს „დემოკრატიების კლუბი“ უწოდოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ დემოკრატია როგორც თავისთავად უზრუნველყოფილი.

არც ერთი დემოკრატია არ არის დაცული იმ გამოწვევებისგან, რომელიც დღეს გვაქვს. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ განიცადა მათი დემოკრატიული სისტემის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევები, მათ შორის ევროკავშირშიც. სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად და მივიღოთ ზომები კანონის უზენაესობაზე თავდასხმის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დათრგუნვისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების წინააღმდეგ.

როდესაც ავტორიტარული რეჟიმები ქმნიან და ავრცელებენ ცრუ ნარატივებს და თავს დემოკრატიის მარტივ ალტერნატივად წარმოაჩენენ, საინფორმაციო მანიპულირებისა და დეზინფორმაციული კამპანიების სახიფათო პოტენციალი სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე წარმოადგენდა თავდასხმას დემოკრატიასა და წესებზე დაფუძნებულ წესრიგზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და მთელი მსოფლიოს დემოკრატიები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, იმის აღიარებით, რომ საფრთხეშია ჩვენი საზოგადოებების ფუნდამენტური პრინციპები.

ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მოსახლეობამ დიდი ხანია გააკეთა არჩევანი - ეს არის დემოკრატია და წესებზე დაფუძნებული წესრიგი. ადამიანებს მათთვის და მომავალი თაობისთვის მშვიდობიანი, აყვავებული მომავალი. სწორედ ამიტომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შემოიტანა.

შარშან ევროკავშირმა ამ მისწრაფების საპასუხოდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ასევე ევროკავშირმა გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მზადყოფნა მას შემდეგ, რაც შესრულდებოდა ევროკომისიის დასკვნაში მითითებული 12 პრიორიტეტი. ამ მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა გაუხსნა, რადგან აღიარა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლია.

შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველომ 12 პრიორიტეტი უნდა შეასრულოს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა გასულ თვეში თბილისში ხაზგასმით აღნიშნა: ეს 12 პრიორიტეტი მოიცავს არსებით რეფორმებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ეს არ არის იმისთვის, რომ ასიამოვნონ ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ინსტიტუტების ხარისხი, დემოკრატია და ქართველი ხალხის ცხოვრების ხარისხი. სწორედ ამიტომ ეს „ეროვნულ ძალისხმევად“ უნდა მივიჩნიოთ. ეს არის რასაც ხალხი თავისი პოლიტიკური ლიდერებისგან ითხოვს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას ამ გზაზე, სანამ ეს საჭირო იქნება.

და აქ მინდა ხაზი გავუსვა იმ როლს, რომელსაც თქვენ ამ პროცესში თამაშობთ. თქვენ ხართ ხვალინდელი ლიდერები, თქვენი ქმედებები თქვენი ქვეყნების მომავალს განსაზღვრავს. თუ მკითხავთ დემოკრატიის მომავალზე, ვიტყვი, რომ ეს თქვენ ხართ. დემოკრატია არ უნდა მივიჩნიოთ როგორც თავისთავად უზრუნველყოფილი, საჭიროა მისი დამსახურება, დაცვა და შენარჩუნება. ვიმედოვნებ, რომ ეს კონფერენცია კიდევ ერთი პლატფორმა იქნება ამ მიზნის მისაღწევად.

დიდი მადლობა და წარმატებულ კონფერენციას გისურვებთ!