ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა კონფერენციაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ბატონო სპიკერო,

ძვირფასო პარლამენტის წევრებო,

ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებო,

დღეს სიამოვნებით ვესწრებით პარლამენტისa და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციას. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის ამ ისტორიულ მომენტში პლატფორმის წევრებმა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ასევე პარლამენტის საკომიტეტო მოსმენების დროს თავიანთი გამოცდილება გააზიარეს და შენიშვნები და წინადადებები შემოიტანეს.

როგორც ყველამ ვიცით, „გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა“ წარმოადგენს 12 პრიორიტეტის ნაწილს (პრიორიტეტი 10), რომელსაც ევროკომისია ოქტომბერში შეაფასებს. მოვუწოდებთ ყველას, რომ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრის ჭეშმარიტი ჩართულობა უზრუნველყონ. იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ნება მომეცით გავიმეორო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. ამავდროულად, ყოველი ინიციატივა, რომელიც ახდენს კამპანიის ან პოლიტიკის დისკრედიტაციას და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში მსუსხავი ეფექტი გამოიწვიოს, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელი იქნება.

წელს ივნისში, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს ზეპირი მოხსენება წარუდგინა, სადაც შეფასდა საქართველოს წინსვლა 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ევროკომისიამ ასევე წარმოადგინა რიგი რეკომენდაციებისა შეუსრულებელ პრიორიტეტებზე მუშაობის გაგრძელებასთან მიმართებაში. ეს მოიცავდა რეკომენდაციას, რომ „საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები განახორციელოს“.

ამ წლის ბოლოსკენ საქართველო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება. ოქტომბერში ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოების ლიდერები და მთავრობების მეთაურები გადაწყვეტენ მინიჭონ თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს. დარჩენილ დროში საქართველომ შეუსრულებელი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, იმისთვის რომ შესაძლებლობის ამ უნიკალური ფანჯრის გამოსაყენებლად რაც შეიძლება უკეთესად იყოს მომზადებული.

ვიცი, რომ ეს შეიძლება ადვილი არ იყოს. კომპრომისზე წასვლა, საერთო ენის გამონახვა შეიძლება რთული იყოს. მაგრამ ეს შესაძლებელია. და მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან პოლიტიკოსების უმრავლესობას და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ საერთო მიზანი - დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში - და ამ არჩევანს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

სწორედ ამიტომ მივესალმებით საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ამ ერთობლივ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული დისკუსიების გამართვას მოიცავს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება.

იმედი მაქვს, რომ გექნებათ კონსტრუქციული დიალოგი და საინტერესო დისკუსიები. მადლობა!

Ngos

NGO2

 

NGO3