ევროკავშირის ელჩი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი გენდერული თანასწორობაზე

19.09.2020

 ეროვნული კამპანიის „ტოლობა“ ფარგლებში, ევროკავშირის ელჩმა გააკეთა განცხადება გენდერული თანასწორობის თემაზე. ქართული სიტყვა „ტოლობა“თანასწორობას ნიშნავს. კამპანია კი მთავარი არხის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. უყურეთ ვიდეოს ან გაეცანით სრულ ტექსტს ქვემოთ.  

Remote video URL

გამოსვლის სრული ტექსტი:

გენდერულ თანასწორობა ის საკითხია, რომელიც გულთან ყოველთვის ძალიან ახლოს მიმაქვს.  თეორიულად გენდერული თანასწორობა საკმაოდ მარტივი კონცეფციაა, თუმცა, კარგად მოგვეხსენება, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება რთულია.

საუბარი იმაზე, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეულია, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც სქესი ადამიანს არც უპირატესობას აძლევს და არც დაბრკოლებას უქმნის  ოცნებების ასრულებასა თუ ამბიციების რეალიზებაში; როდესაც  სქესი არ არის  ხასიათის თუ შესაძლებლობების შეფასების საფუძველი ან დისკრიმინაციის საბაბი.

ჯერჯერობით ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ სრულ გენდერულ თანასწორობას მიაღწია, თუმცა ზოგიერთი  ქვეყნის წარმატება, სხვებთან შედარებით მართლაც, მნიშვნელოვანია.  

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენდერული თანასწორობა გარკვეულწილად მაშინაა მიღწეული, როდესაც ადამიანები ამ თემაზე არ საუბრობენ, რადგან ის პრობლემას აღარ წარმოადგენს.

თუმცა, აქ, საქართველოში, ჩვენ გვიწევს გენდერულ თანასწორობაზე საუბარი,

სანამ ქალი ოჯახური ძალადობის - უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი და   სრულიად მიუღებელი ფორმის მსხვერპლი ხდება,

სანამ ყოველი მეხუთე ქალი აცხადებს, რომ ის გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, და ხშირ შემთხვევაში სამსახურში,  

სანამ ქალის შრომის ანაზღაურება მამაკაცის შრომის ანაზღაურებაზე საშუალოდ 35%-ით  ნაკლებია,

სანამ ქალები - საქართველოს მოსახლეობის 50% პარლამენტის წევრთა რაოდენობის 15%-ს წარმოადგენენ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წევრთა მხოლოდ 14%-ს, და სანამ 59 მერს შორის მხოლოდ ერთია ქალი,

სანამ   საუკეთესო ქალის ნაცვლად სამსახურში საშუალო მონაცემების მქონე მამაკაცი აჰყავთ. (აქ მთავრდება,უნდა პაუზა და მერე ახალი  აზრი იწყება)

სწორედ ამიტომ,  გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად ყველა დონეზე,  ევროკავშირი – სხვებთან ერთად – აგრძელებს მუშაობას საქართველოში.  მჯერა, რომ გამოწვევების მიუხედავად  მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან ამ ქვეყანაში ვხედავ ძლიერ, კომპეტენტურ, მაღალკვალიფიციურ და შთაგონებით სავსე ქალებს: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და მეწარმეებს, ექიმებს, პედაგოგებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, იურისტებს და სხვა. ყველა ქალი, ვინც ქვეყნის საკეთილდღეოდ სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობს,  გენდერული თანასწორობის მაგალითსაც იძლევა.  დამაიმედებელია ის ფაქტიც, რომ დღეს უმაღლეს განათლებას უფრო მეტი ქალი იღებს, ვიდრე მამაკაცი.

და ბოლოს, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ გენდერული თანასწორობა საბოლოოდ აუცილებლად დამყარდება, რადგან გენდერული თანასწორობა რაციონალური არჩევანია; რადგან ის კარგია როგორც ქალისთვის, ისე  მამაკაცისთვის; რადგან ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს სრულად ის საზოგადოება ითვისებს, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა ყველას  შეუძლია.

სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა გენდერული თანასწორობის დასამყარებლად. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მოწვევისთვის.

 

დიდი მადლობა