ევროკავშირის ელჩმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა მოინახულა
სკოლის ახალი და სრულად აღჭურვილი შენობა მოსწავლეებს 2024 წლის სექტემბრიდან მიიღებს და ამით, კიდევ მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავებას.
ამჟამად, სკოლის მოსწავლეები განათლებას საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალ სკოლაში“ იღებენ, რომელიც 2018 წლიდან პროექტის მასპინძელ სკოლას წარმოადგენს. სტიპენდიის პროგრამის დაწყებიდან დღემდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ 105-ზე მეტმა მოსწავლემ, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ევროკავშირისგან ორწლიანი სრული სტიპენდია მიიღო.
პროექტი წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად .