ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში პროფესიული უნარების კვირეული დაიწყო

ევროკავშირი, საქართველოში აგრძელებს პროფესიული განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას, 2023 წლის უნარების კვირეულის მხარდაჭერის გზით. 24-28 აპრილის კვირაში, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, თბილისი, მაღალი დონის ღონისძიებებს მასპინძლობს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტო გაუწევს.

24 აპრილს, პროფესიული უნარების კვირეუილი, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენციით გაიხსნა. ღონისძიებას დაესრენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; კელი დეგნანმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში; მარიამ ლაშხმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი და გიორგი პერტაიამ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

„უნარებისა და განათლების მნიშვნელობა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად კრიტიკულია. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ათასობით ქართველს განავითარონ ახალი უნარები, ასევე შექმნან ან იპოვონ გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მთავრობის ამბიციას, წინ წაწიოს განათლების რეფორმა, ნამდვილი ევროპული სულისკვეთებით. ამ კვირაში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ "განათლება დასაქმებისთვის" პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ახორციელებენ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გიორგი ამილახვარი: “დღეს გავხსენით უნარების კვირეული - მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ დარგში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ვმსჯელობთ სფეროს განვითარებასა და ხელმისაწვდომობაზე. ჩვენი ამოცანა გახლავთ ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და კვალიფიციური კადრების მომზადება. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. პროფესიული განათლება ეს არის პირდაპირი და უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს ამ სფეროს განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენს.”

ღონისძიების პირველ დღეს, წარმოდგენილი იყო უნარების ეკოსისტემის კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებები და შემდგომი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) რეფორმის პროგრესი განიხილეს საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართველ პარტნიორებთან საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიზნით, რათა საქართველოში უნარების განვითარება საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით განხორციელდეს.

კვირეულის განმავლობაში, კონფერენციის სესიებს ესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

კვირის განმავლობაში განსახილველი თემები მოიცავს:

  • პოლიტიკის განხილვა და საქართველოს პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების და დასაქმების შესაძლებლობის განხილვა
  • სექტორული ფორუმი - კერძო სექტორის ჩართულობა უნარების განვითარებაში;
  • ინკლუზიურობა პროფესიული განათლების სფეროში და სამიზნე ჯგუფი - ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან ჩართულნი ფორმალური განათლების მიღების პროცესში, არ ესწრებიან რაიმე ტიპის ტრენინგებს და არც მუშაობენ; 
  • პროფესიული განათლების ინსტიტუტების ტრანსფორმირება რეფორმების მხარდასაჭერად;
  • სტუდენტური მომსახურება: არაფორმალური განათლება პროფესიული განათლების სფეროში და პროფესიული განათლება სკოლებში.

თბილისში დაგეგმილი კონფერენციების გარდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტები ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას (როგორიცაა კარიერული გამოფენა, პროფესიული განათლების და კარიერის შესახებ საუბრები, პრეზენტაციები და ვორქშოფები) საქართველოს სხვადახვა რეგიონში, კერძოდ აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში. 

საქართველოს პროფესიული უნარების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხელმისაწვდომია პროფესიული უნარების სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.

უნარების კვირეული საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კვირეულის მიზანი, ყველა დაინტერესებული მხარის შეკრებაა, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, ქვეყანაში უნარების განვითარებას უწყობენ ხელს.